საქართველო - დაგვიანებული სამშობლო! მე - როგორც „უცხო“

სამირა ბაირამოვა

17 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ მე საქართველოს მოქალაქე ვარ. სად არის საქართველო? თურმე სადაც ვცხოვრობდი, ის ადგილი ყოფილა. 17 წელი ჩემი ოცნებები აქაურობას არ უკავშირდებოდა. ალბათ, ფიქრობთ, რომ აქ არ ვცხოვრობდი. არა, ზუსტად აქ, საქართველოში ვცხოვრობდი.

მე და ჩემი თაობის ადამიანები საბჭოთა კავშირის ბოლო, ახალი საქართველოს კი პირველი ბავშვები ვართ, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, ვინ ვართ და სად ვცხოვრობთ. მშობლებსაც კი არ ვეკითხებოდი. ჩემი მშობლები მარტო ჩვენი ოჯახის გადარჩენას ცდილობდნენ და, შესაბამისად, მეც სოციალური საკითხების გარდა, შეკითხვები არ მქონია.

ახლა ვუყურებ ჩემს წარსულს და თითქმის წლებია, კოლონიაში მიცხოვრია. ძალიან შორ ადგილას, შემიძლია ვთქვა, კუნძულზე, სადაც სხვა ობიექტებთან კავშირი არ გვქონია.

მე-6 კლასში ვსწავლობდი და ჩვენთან ახალი მასწავლებელი მოვიდა. ის იყო ქართველი და ქართული ენის მასწავლებელი, მაგრამ როგორც მოვიდა, ისე წავიდა, ძალიან მოკლე დრო გაატარა ჩვენთან და მარტო სიმღერა „ცანგალა და გოგონათი“ მახსენდება ჩემი პირველი მასწავლებელი. ერთი წლის შემდეგ კიდევ  სხვა ახალი მასწავლებელი მოვიდა. სურვილი არ ჰქონდა, რომ ესწავლებინა ქართული ენა. ერთი-ორი წელიც ასე გავიდა. თვითონ გვეუბნებოდა – „რაში გჭირდებათ ქართული ენა, თქვენი სამშობლო აზერბაიჯანია“. როგორც მოსწავლე, არც მე მინდოდა ამ რთული ენის სწავლა. რომც მესწავლა, რაში დამჭირდებოდა – არაფერში, როგორც მასწავლებელმა თქვა. ალბათ,  7- 8 ქართული ენის მასწავლებელი გამოვიცვალეთ.

იმ პერიოდში სკოლა ძლივს დავამთავრე. დავამთავრე, მაგრამ ქართული ასოებიც კი არ ვიცოდი კარგად. ძ, ჭ, წ, ჩ, ჯ – ჩემთვის ასო ჩ იყო. ამ წლების განმავლობაში ჩემი მომავალი ოცნებები ბაქოს ქუჩებში ტრიალებდა. ტელევიზორიდან ზეპირად ვიცოდი ბაქოს ქუჩები, უნივერსიტეტები, პოლიტიკოსები და ა.შ. ერთ დღესაც მოვიდა  უმაღლესი განათლების მიღების დრო. ჩემი ოჯახის სოციალურმა მდგომარეობამ ბაქოსკენ გზები ჩამიკეტა. ვფიქრობდი, რომ შეუძლებელი იქნებოდა უმაღლესი განათლების მიღება, თუ ბაქოში არ ვისწავლიდი, იმიტომ, რომ ჩემთვის მარტო ბაქო არსებობდა, როგორც სამშობლო.

ერთხელ შემთხვევით ნათესავმა გვითხრა, თბილისზე რატომ არ ფიქრობთო. თბილისი? სად არის? რა ადგილია? ერთხელ სკოლიდან ვიყავით ზოოპარკში, ის ადგილია? კი ის ადგილია. ჩემი სახლიდან 50 კმ.-ში, რა შორს ყოფილა. თურმე, ერთი საათის გზა ყოფილა, მე კი 650 კმ. მანძილზე ვფიქრობდი, რომელიც ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის.

ჩემთვის მარნეული იყო საზღვარი, რომლის იქითაც სხვა ქვეყანა იყო, რომელსაც ეწოდებოდა საქართველო. უბრალოდ, ვიცოდი, რომ მარნეულის იქით იყო ქალაქები, სადაც სხვები ცხოვრობდნენ.

შემდეგ – დაგვიანებული ცხოვრება, ბევრი შრომა, ქართული ენის სწავლა, დედაქალაქთან მეგობრობა, სხვა ხალხთან ურთიერთობა, სხვა კულტურა, ტრადიცია, სხვა სახეები.

ამ წლის განმავლობაში საქართველო არ მეძებდა. მისთვის მეც ალბათ დაკარგული, დავიწყებული მოქალაქე ვიყავი. უნივერსიტეტში დაიწყო პირველად ქართველებთან ურთიერთობა. როგორც ისინი იყვნენ ჩემთვის უცხო, მეც მათთვის უცხო ვიყავი. გავიდა წლები, ჩემთვის ბაქოს ისტორია დამთავრდა და დაიწყო ახალი ისტორია, რომელიც საკმაოდ გვიან დაიწყო.

ახლა ვარ ინტეგრირებული მოქალაქე, ვიცი ქართული ენა, საქართველოს შესახებ ვიცი ყველაფერი, რაც მანამდე არ ვიცოდი. რამდენჯერმე, როგორც საქართველოს წარმომადგენელმა, სხვადასხვა ქვეყანაში გაცვლით პროგრამაში მივიღე მონაწილეობა. საქართველოს ყველა კუთხე ნანახი მაქვს, ყველა ისტორიული თუ კულტურული ძეგლი – ყველა წერტილი. ქართულ მუსიკას თუ ყოველდღე არ მოვუსმენ, ალბათ, აზრზე ვერ მოვალ. სულგუნი და ხაჭაპური ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩურჩხელა – ჩემი წამალი.

გავიდა წლები და ჩემთვის სხვა კულტურა და სხვა ხალხი მშობლიურად იქცა. ვიწვალე, ვიშრომე და გავხდი საქართველოს ნაწილი, აღმოვაჩინე ახალი სამშობლო, ენა და ყველაფერი. ბევრი რამე შემეცვალა – ცხოვრება, შეხედულებები. მაგრამ მარტო ერთი რამ არ შეიცვალა. მე საქართველოსთვის ისევ უცხო ვარ, ქართველისთვისაც უცხო ვარ. მე მაინც სხვა ვარ, განსხვავებული კულტურის ადამიანი. თუნდაც შევიცვალო ჩემი გენეტიკიდან დაწყებული ყველაფერი, რელიგია, ენა, მაინც ვერ გავხდები ახლობელი. თუ რელიგიას შევიცვლი, გავხდები ქრისტიანი მართლმადიდებელი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ქართველობაა. ნამდვილი ქართველი მაინც ვერ გავხდები. ნამდვილი ქართველი არის ის ადამიანი, ვინც დაიბადა ქართველად და ჩვენ ერთმანეთისთვის მუდამ ვიქნებით „უცხო“ ამ პატარა ქვეყანაში.