შეღავათები შეზღუდვებით

სამირა ბაირამოვა

სიმართლე გითხრათ, დიდად არ მსიამოვნებს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პრობლემების ცალკე კონტექსტში განხილვა. სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფო პოლიტიკა ისეა დაგეგმილი, რომ ჩვენ ვერ ვაზოგადებთ  ჩვენს საერთო პრობლემებს.  ერთობლივი საზოგადოების შექმნის არც მცდელობა, არც სურვილი არ ყოფილა. ჩვენ  საქართველოში „უმრავლესობა და სხვები“ ვართ! 

 „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს  მშობლიურ ენაზე ზოგადი განათლების მიღების უფლებასა და საშუალებას აძლევს. მაგრამ ისინი სკოლის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო ენას კარგად ვერ ფლობენ, სკოლებში ქართული ენის სწავლის დონე ძალიან დაბალია.  უმრავლესობა კი ეთნიკურ უმცირესობებს მუდამ სახელმწიფო ენის არცოდნის გამო ამცირებს, ლანძღავს, მაგრამ არასოდეს ინტერესდება ამ ყველაფრის მიზეზით.

დიახ, ყველა მოსწავლეს აქვს უფლება, მიიღოს ხარისხიანი განათლება. მაგრამ სახელმწიფო ამ მხრივ ვერ აკმაყოფილებს ეთნიკური უმცირესობების დასახლებულ რეგიონში განათლებისა და ქართული ენის სწავლის ხარისხს. შესაბამისად, კომპენსაციის სახით და ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის შექმნის მიზნით, 2009 წელს შეიქმნა პროგრამა „1+4“.

 ეს პროგრამა გულისხმობს ქართული ენის მოსამზადებელ 1-წლიან კურსს.  ამ კურსის ფარგლებში  60 კრედიტის მიღების შემდეგ  სტუდენტები სწავლას აგრძელებენ უმაღლეს დაწესებულებაში. (პროგრამა აზერბაიჯანელებისთვის, სომხებისთვის, აფხაზებისთვის და ოსებისთვისაა გათვალისწინებული). თავის დროზე ეს პროგრამა იყო საპილოტე და შემდეგ წლებში გაუმჯობესებას გულისხმობდა, თუმცა  დღემდე ამ პროგრამაში არაფერი შეცვლილა.

ეთნიკურ აზერბაიჯანელებს სწავლის საფასურს უხდის აზერბაიჯანის კომპანია სოკარი და ეს თავის მხრივ ინტეგრაციისა და გაუცხოებების მხრივ ახალ პრობლემას ქმნის.  ამ პროგრამამდე ეთნიკური უმცირესობები უმაღლესი განათლების მისაღებად მეზობელ ქვეყნებში მიდიოდნენ, სადაც მათ მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა ჰქონდათ.

სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ამ პროგრამის ქართული ენის მომზადების ნაწილი ფასიანია. ეს პროგრამა შეღავათიანია და გულისხმობს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციასა და ქართულ საზოგადოებაში ჩართულობას, მაგრამ პროგრამის ასეთი ფორმა ეწინააღმდგება მისსავე მიზანს.

ერთ მხრივ სკოლაში ვერ მიიღეს სათანადო განათლების დონე, მეორე მხრივ ისინი კიდევ ერთ წელს კარგავენ ქართული ენის სასწავლებლად. ამ მორალური და მატერიალური დანაკარგის გამო ეთნიკური უმცირესობები  იძულებული არიან კომპენსაციის სახელით ფასიანი სერვისი მიიღონ. 

ქალების პოლიტიკური ჩართულობის კუთხით მიიღეს კვოტის კანონი, რაც ქალების პოლიტიკურ მონაწილეობას ხელს უწყობდა. მაგრამ ამავე დროს სახელმწიფო ამ ქალებს არ ეუბნება, რომ „ვინაიდან მე შენთვის ვქმნი შეღავათიან პროგრამას, რომელიც პოლიტიკურ მონაწილეობას უწყობს ხელს და საკრებულოსა და პარლამენტში ადვილად მოხვედრის საშუალებას იძლევა, ამიტომ ეს კვოტა შენთვის ფასიანია”.

სტატისტიკის მიხედვით „1+4“ პროგრამაზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტებსა და სწავლის გაგრძელების მსურველთა შორის განსხვავება საკმაოდ დიდია, მხოლოდ  47% აგრძელებს სწავლას.

საკითხის მეორე სამწუხარო ნაწილი – ამ პროგრამის მომხმარებლებისთვის უფასო პრიორიტეტული ფაკულტეტები ფასიანი გახადეს. სახელმწიფო თავის სხვა მოქალაქებისთვის ქმნის ბარიერს. ეს არის დიდი დისკრიმინაცია.

სახელმწიფოს არ სურს, ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნას ხარისხიანი ზოგადი განათლების მიღების საშუალება და არსებულ  შეღავათიან პროგრამაში კი ქმნის ახალ ბარიერებს, სადაც თვითონ სახელმწიფო პოულობს სარგებელს.

საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონი ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობებისთვის თავის მშობლიურ ენაზე ზოგადი განათლების მიღების უფლებას, მაგრამ არცერთ უნივერსიტეტში არ არის აზერბაიჯანული/ სომხური/ აფხაზური/ოსური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ისინი ამ სპეციალობით უმაღლესი განათლების მისაღებად აზერბაიჯანსა და სომხეთში მიდიან. 

ჩვენ ბევრი უნივერსიტეტის ფაკულტეტებს შორის ვხედავთ იტალიური თუ ესპანური ენის ფილოლოგიის ფაკულტეტს, მაგრამ ვინაიდან საქართველოში ეთნიკური უმცირესობები თავიანთ მშობლიურ ენაზე სწავლობენ, მათთვის არ არსებობს მსგავსი ფაკულტეტი.

ასეთი ღია დისკრიმინაცია და ხელოვნური ბარიერი ეთნიკურ უმცირესობებში გაუცხოებების გრძნობას ქმნის. ისინი ამ გარემოში  ტოლერანტულ, სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოს მშენებლობაში თავის წვლილს  ვერ შეიტანენ. ბარიერები და დისკრიმინაცია მათ ერთობლივი სახელმწიფოს იდეისგან აშორებს. მათ უწევთ ახალ-ახალ ბარიერების გადალახვა.

სახელმწიფოსა და ეთნიკური უმცირესობების თემს შორის ძალიან სუსტი კავშირია. ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და მოგვარების პროცესში თვითონ ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა ძალიან ზედაპირულია.