შორია გურჯისტანამდე

პუბლიკა

შესავალი

1969 წელს საქართველოს მოსახლეობამ გურამ პატარაიას დოკუმენტური ფილმი – „შორია გურჯისტანამდე“ იხილა. ფილმში აღწერილი იყო ეთნიკური ქართველების ყოფა-ცხოვრება ირანში, კერძოდ – ფერეიდანში. 

დოკუმენტური ფილმის გადაღებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ირანსა და საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა. ქვეყნებმა დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობა, დედაქალაქებში საელჩოები გახსნეს, მიმოსვლის წესები გაამარტივეს და პირდაპირი რეისებიც დანიშნეს. 

ამ ნახევარმა საუკუნემ მანძილიც გაანახევრა. მე მოგიყვებით ფერეიდნულ ოჯახზე, ორ დაზე და მათ მგზავრობაზე ირანიდან გურჯისტანამდე. ამბავს ფიზიკურ და გონებრივ მანძილზე.

2016 წელი, თეირანი

თბილისში გამომგზავრებამდე თეირანის ბაზარში შევიარე და შაქარყინული ვიყიდე. ქალაქს რაც შეიძლება მეტი ფოტო გადავუღე და ავტოსადგურისკენ გავემართე. 

ავტობუსის მძღოლმა გვთხოვა, ქალები და კაცები გვერდიგვერდ არ დავმსხდარიყავით; გამონაკლისს მხოლოდ დაქორწინებული წყვილი წარმოადგენდა. 

ცოტა ხანში გულიანად მოცინარი და მხიარული ორი გოგო ამოვიდა. ჩვენ წინ დასხდნენ. როცა ავტობუსი ადგილიდან დაიძრა, უფროსი და მოგვიბრუნდა და ქართულად მოგვესალმა. 

შარზადი და ნეგარი თეირანში ისპაჰანიდან ჩამოვიდნენ და თბილისისკენ მოემართებოდნენ. დები ისპაჰანში დაიბადნენ, ეთნიკურად ქართველი და ირანელი მამის ოჯახში. ბავშვობის დიდი ნაწილი ფერეიდანში ჰქონდათ გატარებული, პაპასთან და ბებიასთან, ქართულენოვან გარემოში.

ირანში მცხოვრები ქართველების შესახებ ოფიციალური მონაცემები არსად მოიძებნება, თუმცა ვარაუდობენ, რომ ქართულენოვანი მოსახლეობა 60 000-მდე ადამიანს მოიცავს. 21-ე საუკუნეში ხშირია შერეული ქორწინებები, თუმცა ფერეიდანსა და ისპაჰანში შენარჩუნებულია ძლიერი თემი. 

შარზადი და ნეგარი პირველად საქართველოში სრულწლოვან ასაკში ჩამოვიდნენ, თუმცა ყოველთვის იცოდნენ და ამაყობდნენ, რომ ქართველებიც იყვნენ და ირანელებიც. მათი საქართველო ფერეიდნის გასასვლელში მდებარე უბანი იყო, სადაც ნათესავები და მეგობრები ჩვეულებრივი ირანული ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ქართულად საუბრობდნენ.

სარწმუნოებაზე არასოდეს საუბრობდნენ. არც არაფერი იყო სალაპარაკო. 

საქართველოში დედ-მამასთან ერთად ჩამოვიდნენ. დედა ძალიან დიდ ემოციებში ჩავარდა, როცა გამვლელებს ქართულად ესაუბრებოდა, თავისი განსაკუთრებული ქართულით. ადამიანებს უკვირდათ მათი მეტყველების სპეციფიკა და წარმომავლობას ეკითხებოდნენ. 

შარზადისა და ნეგარის დედა იმდენად მოიხიბლა საქართველოთი, რომ გადაწყვიტა – მის ქალიშვილებს აქ უნდა ესწავლათ და ეცხოვრათ. 

შარზადი და ნეგარი სოციალურ ქსელებში დავიმატე და თბილისში ჩამოსვლისას გულიანად დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

2019 წელი, თბილისი

ნეგარის სამედიცინო უნივერსიტეტთან შევხვდი, სადაც ის ისე სწავლობდა, როგორც უცხოელი სტუდენტი, შესაბამისად, თანხასაც საკმაოდ მაღალს იხდიდა. 

იმ საღამოს ბევრი ვისაუბრეთ და მომიყვა, თუ რაოდენ შეიცვალა გურჯისტანამდე მანძილი მისთვის. 

ირანში დაბრუნების შემდეგ ნეგარის დედა მალევე გარდაიცვალა. ქალიშვილებმა დედის სურვილს გვერდი არ აქციეს და საქართველოში ჩამოვიდნენ სასწავლებლად. დაიწყეს ცხოვრება და ბევრი სიახლეც აღმოაჩინეს. შუბლთან მოხვეული თავშალი მხრებზე ჩამოიწიეს და სწავლას შეუდგნენ. 

აღმოჩნდა, რომ საქართველოში რთულად დგას ფერეიდნელთათვის მოქალაქეობის მიცემის საკითხი, რაც განპირობებულია ქართული წარმომავლობის დამტკიცების სირთულით. ქართული ენის ცოდნა არ არის საკმარისი ქვეყანასთან ძლიერი კავშირის დასამტკიცებლად. სწორედ ამიტომ, ბევრ ფერეიდნელს იმავე პროცესის გავლა უწევს, რაც საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოსულ უცხოელს. აღნიშნული გარემოება ბევრს მოტივაციას უკარგავს და უკან აბრუნებს. 

რთულია ენის შესწავლა, რადგან ფერეიდნელებისთვის მხოლოდ რამდენიმე კურსი არსებობს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იძლევა ენის შესწავლის მდგრად საფუძვლებს. 

დრო გადიოდა და მათთვის ერთი უცნაური ფაქტი ჩნდებოდა: შეკითხვები რელიგიაზე.

ისტორიული ცნობების თანახმად, მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში სპარსეთის იმპერიაში გადასახლებული ქართველები დაასახლეს დღევანდელი ირანის ქალაქ ფერეიდანში და მის მიმდებარედ მიმოფანტულ სოფლებში. ისინი შიიტი მუსლიმები არიან. 

შარზადისა და ნეგარის ქართულ ოჯახში არავინ საუბრობდა რელიგიაზე, გასაკუთრებით კი მის კავშირზე ქართულ იდენტობასთან. სწორედ ამიტომ, ვერც დებმა გაიგეს, თუ რა კავშირია რელიგიასა და ეროვნებას შორის. რატომ უნდა იყოს ქართველი აუცილებლად მართლმადიდებელი?

მათ გარემოცვაში არავინ საუბრობდა საქართველოს ქართველთა და ირანის ქართველთა სარწმუნოებაზე, მათ განსხვავებასა და სიახლოვეზე. მთავარი იყო ენა, რომელსაც სამშობლომდე მივყავართ და არა ის გზა, რომელსაც ღმერთამდე მისასვლელად ვირჩევთ.

… 

ცნობილი ებრაელი და იდიშურენოვანი მწერალი, შალომ ალეიხემი, ბევრს წერდა იდენტობასა და ამით გამოწვეულ სირთულეებზე. მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაშრომი – „ტევიე მერძევე და მისი ქალიშვილები“ გვიყვება იუდეველების გასაჭირზე რუსეთის იმპერიაში, პოგრომებსა და დევნაზე.

„ადამიანები ებრაელებად და არაებრაელებად რატომ დაიყვნენ, რატომ დაიყვნენ ბატონებად და მონებად, მდიდრებად და ღარიბებად?“ წერს იგი და კითხვას უპასუხოდ ტოვებს.

რამდენიმე დღის წინ ვუყურებდი გურიაში, ბუკნარში, ადგილობრივ ქართველ ქრისტიანებსა და ქართველ მუსლიმებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას, სეირზე ჩასაფრებულ უბრალო ადამიანებს, მტრულად განწყობილ ძალებს და სულ შალომ ალეიხემის სიტყვები მახსენდებოდა. და მაინც, ვინ დაყო ბუკნარში ქართველები ორ მხარედ? ვინ გადაწყვიტა, რომელი იყო უფრო მეტად ქართველი მათ შორის?

ვიფიქრე და ისპაჰანელი დების პასუხი გამახსენდა ადამიანი, რომლისთვისაც საქართველო სამშობლოა, უყვარს და პატივს სცემს მას, საუბრობს ქართულ ენაზე და აქ ყოფნა აბედნიერებს, არ უნდა განვსაჯოთ და „დავახარისხოთ“ სარწმუნოებისა და რელიგიიდან გამომდინარე.

მეც, ვეთანხმები, რომ საქართველოს სიყვარულთან ქართულ ენას და სამშობლოს აღქმას მივყავართ და არა იმ გზას, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ ღმერთამდე მისასვლელად. იერუსალიმში პირველად ყოფნისას აქტიურად მოვიარე სომხური, არაბული, ებრაული და ქრისტიანული უბნები. შემდეგ ერთ-ერთი სახლის სახურავზე ავედი და იქიდან ზუსტად იგივე ცა ჩანდა, რომელი უბნიდანაც არ უნდა გაგეხედა. 

სისხლიც ერთია და მხოლოდ ოთხ ჯგუფად იყოფა, დანარჩენი დაყოფა კი ჩვენზე, ადამიანებზეა დამოკიდებული და სიფრთხილე გვმართებს, რათა დაყოფის დროს მტრის ხატი არ შევქმნათ.


მასალა მომზადდა პროექტის “ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი STRIVE Global program-ის ფარგლებში ახორციელებს.