აპარტეიდის ეპოქის გასრულების შემდეგ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ეროვნული ერთობის აღსადგენად შექმნა კომისია, რომელიც „სიმართლისა და შერიგების“ კომისიის სახელით გახდა ცნობილი.
ეს იყო მცდელობა, რომ კონტინენტის უძლიერესსა და უმშვენიერეს ქვეყანას დაეძლია ის პოლარიზება, რომელიც ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას უკლავდა.
ჰოდა, დაიწყო სიმართლის სამზეოზე გამოტანა, არა იმისთვის „ამას სიკვდილი, ამას ჩამოხჩობა“-ს ძახილი დაეწყოთ, არამედ იმისთვის, რომ მსხვერპლს სრულად გამოეხატა რაც განიცადა, ხოლო მოძალადეს საკუთარი ყურით მოესმინა როგორი ტრავმა მიაყენა მსხვერპლს…
საქართველო არც იმხელა ქვეყანაა, როგორც სამცხრეთ აფრიკის რესპუბლიკაა და არც ისეთი შეძლებული, არც ისეთი მრავალრიცხოვანი, მაგრამ ჩვენი ქვეყანაც დახლეჩილია არა მარტო ტერიტორიულად, არამედ შინაგანად, სულიერად. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვწვალობთ, ვჯახირობთ, ხან ერთი ნაბიჯით წინ მოვდივართ და ორი ნაბიჯით უკან, ხან ვისი იმედი გვაქვს და ხან – ვისი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაბრუნებამ კიდევ უფრო გრაფიკულად გამოაჩინა ჩვენს ქვეყანაში არსებული გახლეჩილობის წყლულები. მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე სასწორზე დევს და ამ ვითარებაში გულგრილი არავინ უნდა დარჩეს – არც ერი, არც ბერი.
არა აქვს მნიშვნელობა მას დიდი დამსახურების მოღვაწედ ვთვლით თუ არა, არც იმას აქვს მნიშველობა ის ამ ქვეყნის ამაყავებლად მიგვაჩნია თუ დამაქცევლად. ის არის ადამიანი და ეს არის ახლა მთავარი. რელიგიური პერსპექტივიდან ერთი ადამინის სიცოცხლე მთელი კაცობრიობის სიცოცხლის ტოლფასია. „გინდა ერთი ადამიანი მოგიკლავს და გინდა მთელი კაცობრიობა; გინდა ერთი ადამიანი გადაგირჩენია და გინდა მთელი კაცობრიობა.“ – ასეთია რელიგიური მაქსიმა, რომელიც საერთოა ყველა რელიგიაში: ქტისტიანობაში, იუდაიზმში, ისლამში, ეზიდიზმში…
სწორედ ამიტომ მინდა მოგმართოთ ყველას: ამ სოფლის ძლიერებს, ქვეყნის საჭეთმყობლებს, ერსა და ბერს. იქნებ მოვიდა დრო, რომ არა მარტო ვილაპარაკოთ და ვიზრუნოთ ამ ადამიანის გადარჩენაზე, რაც უაღრესად საშური საქმეა, არამედ ყველაფერი ვიღონოთ იმისათვის, რომ დაიწყოს დიდი განახლება პოლიტიკური ცხოვრებისა ამ ქვეყანაში. დამთავრდეს სიძულვილის ენაზე საუბარი ჩვენს საზოგადოებაში. სამარცხვინო გახდეს გესლის ნთხევა და ოპონენტის პირადი ღირსების შეურაცხყოფა. აღდგეს ნდობა ხელისუფლებასა და ხალხს შორის, რომელიც სუსის კრებსების გამოქვეყნებამ ბოლომდე ძირს დასცა. დროა, დამთავრდეს პოლიტიკური, კულტურული, სოციალური, რელიგიური და გენდერული მტობის თესვა და ნებისმიერი ადამიანის ღირსების ხელყოფა.
როცა ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებზე ვფიქრობ, მახსენდება კანადაში პარლამენტის სპიკერის დადგინების რიტუალი, როდესაც პოზიციისა და ოპოზიციის ლიდერები ხელებს უგრეხავენ არჩეულ კანდიდატს და „ძალით“ მიათრევენ სპიკერის სავარძლისაკენ იმის ნიშნად, რომ მმართველ გუნდსაც და ჩრდილოვან კაბინეთსაც აერთიანებთ ერთი მთავარი საზრუნავი: ქვეყნის კეთილდღეობა. ამის გამო პრიორიტეტულია არა ძალაუფლებისათვის ბრძოლა, არა სწრაფვა საკუთარი ჭიის გასახარებლად, არა უაზრო ძიძგილაობა, არამედ ქვეყნის კეთილდღეობისათვის ჭიდილი.
ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დაინახა იბნ ხალდუნმა, დიდმა ისტორიკოსმა და თავისი დროის პოლიტოლოგმა, რომ ის რაც ანგრევს ნებისმიერ საზოგადოებას ეს არის სოციალური სოლიდარობისა და ჯგუფური ცნობიერების დაკარგვა. ის აკვირდება დიდი იმპერიების დაცემის პროცესს და ყველგან ხედავს, რომ ერთობის, ემპათიისა და სოლიდარობის გარეშე ნებისმიერი პოლიტიკური და კულტურული ერთობა განწირულია კრახისთვის.
ჩვენი ქვეყანა ამ კრახის წინაშე დგას. თუმცა ჯერ კიდევ გვიანი არ არის ბედის ბორბალი შემოვაბრუნოთ. დავიწყოთ ერთი ადამიანის სიცოცხლის გაფრთხილებით და გავაგრძელოთ საღი და ემპათიით აღსავსე საზოგადოების შენებით. ეს ჩვენი შანსია. იქნება ვისაც გაგონების უნარი აქვს, იმან გაიგონოს რასაც ახლა ვამბობ! ჩვენ ყველას გვჭირდება სიმართლე და შერიგება!
მალხაზ სონღულაშვილი
თბილელი მიტროპოლიტი