სიყვარულის დრო როდისღაა?!

ნიქო გორგილაძე

ზურა ვარდიაშვილმა, 5 წლის წინ, როცა თვითონ „ლიბერალის“ რედაქტორი იყო, ხოლო მე – გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკში მცხოვრები, მომწერა: ხომ არ ცდიდი, ბლოგპოსტის დაწერას ჩვენთვისო. გასულ კვირას, ზუსტად ხუთი წლის თავზე, დავთანხმდი. 

მისი პირობა სწორედ ის იყო, რომ არ არსებობს არანაირი პირობა: რომ ვარ სრულიად თავისუფალი, დავწერო, რაც და რამდენიც მინდა. ამადაცაა, რომ დავთანხმდი და გავცდი აქამდე ჩემთვის ყველაზე კომფორტულ და თავისუფალ – ფეისბუკპოსტის ფორმატს.

ცხადია, დასაწერად არაერთი იდეა მომივიდა, რაც აწუხებს, ან არ აწუხებს და, ჩემი აზრით, უნდა აწუხებდეს ჩვენს საზოგადოებას, თუკი სურს, იყოს უკეთესი, უკეთესი – განურჩევლად ყველასთვის. კაცმა რომ თქვას, ჩემი ყოველი დღე სწორედ ამაზე ფიქრსა და წერას ეთმობა და, ამდენად, ორმაგად უცნაურია, რომ დღეს, როცა ჩვენს ქვეყანაში ისტორიული მნიშვნელობის პოლიტიკური კრიზისი, ეკონომიკური კოლაფსი და უკვე ფიზიკურ ძალადობაში გადასული  სიძულვილია, ჩემი პირველი ბლოგპოსტის დაწერის მიზეზად, დასაწყისში უკვე ნახსენებ, რედაქტორისგან შემოთავაზებულ თავისუფლებასთან ერთად, რიგით მეორე, მაგრამ არსით პირველი – სიყვარული იქცა. ამას ისიც ემატება, რომ შეყვარებული ვარ. მერწმუნეთ, ეს საქმეს კიდევ უფრო აიოლებს და, რამდენადაც აიოლებს, იმდენად ართულებს, რადგან იმთავითვე ჩამესმის ყველა პოლიტიკოსის, მღვდლის, პოლიციელის, მემარცხენისა და მემარჯვენის, ბიზნესმენისა თუ სისტემის მიერ ჩაგრული და ჩემ მიერ მუდამჟამ მხარდაჭერილი მშრომელების ხმა: რა დროს ესაა?! 

და მეც წლებია მოთმინებით ვიცდი, როდის დამრთავს ნებას ეს საზოგადოება, როგორც „ბნელი“, ისე „ნათელი“ წრიდან, რომ მიყვარდეს! (ჯერჯერობით, კვლავ იმ ფაქტით ტკბობაში არიან, რომ არსებობის უფლება დაგვრთეს). მიყვარდეს, რათა არ ვიყო „რვალი მოჟღრიალე, წკრიალა წინწილი და არარა“. მრევლი იტყვის: „მამათმავალი როგორ ბედავს, პავლე მოციქულის სიტყვების ციტირებასო“, მე კი პავლესვე ენით მივმართავ მათ, როგორც კორინთელებს: სიყვარული სარწმუნოებასაც აღემატება! მე შეყვარებული ვარ, სიყვარულის მოციქულად ქცეული, და როგორც ჩემსავე ლექსში ვწერდი:

„შეყვარებული ვერასოდეს დაიმალება,

ხმამაღალია სიყვარული,

მკვეთრი ფერი აქვს, მძაფრი სუნი,

გამჭვირვალეა.

რაგინდ ღრუბლებში შეიმალოს

მზე, მაინც მოსჩანს“.

რადგან სექსუალური ორიენტაცია არ არის მხოლოდ სექსუალური აქტი, ან როგორც მას ჩვენში ეძახიან ხოლმე – „ლოგინი“, ანუ ის, რაც „სახლში უნდა აკეთო“, იგი იმთავითვე გულისხმობს სიყვარულსაც და ამ სიყვარულში არაფერია ამორალური, ან კრიმინალური, შესაბამისად, არც არაფერია დასამალი. გადამდები კი ნამდვილადაა! – შეყვარებული წყვილის შემყურეს, თავადაც მოგინდება, გიყვარდეს, სწორედ იმ სქესისა, რომელიც გიზიდავს. მეც სულ აღმაფრთოვანებდა ჩემი ჰეტერო მეგობრების სიყვარული პარტიორებისადმი, მათი შეხვედრები, კოცნა და ალერსი, თუმცა, ამის შემყურეს, არასდროს გამჩენია სურვილი, ქალთან მქონოდა სექსი, მარტივი მიზეზის გამო – ასეთი დავიბადე. ამგვარადვე აიხსნება ჩემი ჰეტერო მეგობრების ქცევაც.

[აქ წერა შევწყვიტე დროებით, შეყვარებულმა – რომელიც ღამის ცვლაში მუშაობის გამო დღეს ვერ ვნახე – მომწერა: თუ გცალია, სამსახურში წასვლამდე 10 წუთით გამოგივლი და გაკოცებო].

კორპუსის წინ შევხვდით. არავინ შეუწუხებია ჩვენს სიყვარულს, არც რომელიმე მეზობელი ქცეულა მარილის სვეტად, ბიბლიური ლოტის ცოლის მსგავსად. შინ ამოსულს გამახსენდა, ჩემი პირველი მცდელობა, მყოლოდა შეყვარებული თბილისში: პეკინზე, სადაც ვცხოვრობდი, დამშვიდობებისას, როცა კოცნა დავაპირე, მოულოდნელად, ხელი მკრა და სადარბაზოში შემიყვანა, რათა ბნელში, უსაფრთხოდ დავმშვიდობებოდით ერთმანეთს. არც მიფიქრია მაშინ, გაუცნობიერებლად დავაპირე კოცნა, სხვანაირად არც წარმომედგინა, რადგან ასე იქცეოდა ჩემი ყველა მეგობარი წყვილი, ასე ხდებოდა ყველა ფილმსა თუ წიგნში, რომელიც გაჟღენთილი იყო „ჰეტერო პროპაგანდით“ და მეც ბუნებრივად „გადმომედო“. იმ ღამით მივხვდი, რომ ჩემი სიყვარული სახიფათო იყო და ეს განცდა, აგერ უკვე წლებია, გამომყვა. 

მას შემდეგ, პირველად შემიყვარდა, თუმცა სამშობლოდან ათასობით კილომეტრით შორსაც კი მიწევს იმაზე ფიქრი, არავინ დავაზარალო ჩემი სიყვარულით. კვლავ ისე მწამს, როგორც წინათ ვწერდი:

„ერთნი ვართ ყველა, რაგინდ ვკლათ და რაგინდ ვემტეროთ

ერთი მეორეს. 

დაივიწყებენ, ვინ ვის დასდევდა,

დარჩება სევდა,

Happy Memory”.

ამას წინათ, ჭვავის ყანაში გვქონდა პაემანი, ღამის ქალაქის ხედი რომ ეჩვენებინა, თავზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაგვყურებდა, თვითონ ძირს ჩამოჯდა, მე მის კალთაში მოვთავსდი. მელაპარაკე – მეთქი, ვუთხარი. ემოციებსა და ამოუთქმელ ტკივილებს კვამლს კი ნუ გაატან უმისამართოდ, ყრუ სამყაროში დროებით ჩასახშობად, მე გამიზიარე – მეთქი. „ხომ ხედავ, არ მომიწევია ორი დღეა, შენით ჩავანაცვლეო“, მითხრა და, ისე გაიღიმა, როგორც მხოლოდ თვითონ იღიმის. ასე მგონია, ეს ღიმილიც კი კმარა საიმისოდ, რომ ვიყო კარგად, ვიყო ბედნიერი და დამავიწყდეს მთელი ჩემი დაკარგულობა, მიუსაფრობა, არამდგრადობა, ყველა დაბრკოლება უმნიშვნელო ხდება, როცა ვზივარ მის კალთაში, ვეფერები ქარვისფერთმიან კულულებზე და ვუყურებ სევდიან ცისფერ თვალებში, შებინდებულზე ლურჯ კანკელად და შავი ზღვის ჰორიზონტად რომ ქცეულან, რათა დამანახონ: მა(ქ)სშია ყველაფერი, რაც მანამდე გქონდაო – ცითა და ვარსკვლავებით, ზღვითა და ყველა ძვირფასი მოგონებით! და მიმეორებს ჭვავის ყანაში ჩემი დამჭერი, ჩვენი სიყვარულის ჯადოსნურ შელოცვას: „მხოლოდ შენ! არავინ სხვა!“ და აქვე მეუბნება პირველად: „ნიქო გორგილადსე, მიჰვარჰარ!“

შემდეგ კვირას, ქუჩაში ხეტიალის დროს, წვიმაში გაწუწულებმა, „სათვალთვალო ბორბალს“ შევაფარეთ თავი, ქალაქისთვის რომ გადაგვეხედა, თუმცა მხოლოდ ერთმანეთს ვხედავდით… ფოტოები გადავიღეთ, მინდოდა, ფეისბუკზეც დამედო და ჩემი სიყვარული გამეზიარებინა მეგობრებისა თუ გამომწერებისთვის. 

მაგრამ, ცხადია, „ახლა ამის დრო არ არის!“

ახლა ცოლების ხოცვის დროა, მშიერი ბავშვების გაუპატიურებისა და პედოფილი ეპისკოპოსის მიერ დედაქალაქის მთავარ ტაძარში წირვის აღვლენის დროა, რასაც ყველა ითმენს – „ბნელიცა“ და „ნათელიც“, მორწმუნეცა და ურწმუნოც, ლიბერალიცა და კონსერვატორიც, მემარჯვენეცა და მემარცხენეც, პოზიციაცა და ოპოზიციაც…

სიყვარულის დრო როდისღაა?