პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო თავგადასავლის დეტალებს აღარ მოვყვები, უკვე ბავშვმაც კი იცის. პირდაპირ ვარიანტები განვიხილოთ.
შეეძლო ეთქვა, რომ დედაქალაქის მერს კახა კალაძეს გაჰყვა საახალწლო განათებების მზადების პროცესის დასათვალიერებლად.
ან – ქართული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იტალიური კურორტის სერვისებს ეცნობოდა, რომ მერე ჩვენი ბიზნესისთვის გამოცდილება გაეზიარებინა.
ან – იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტების ყოფის გასაცნობად ჩავიდა, მოგეხსენებათ, იტალია სავსეა ჩვენი ემიგრანტებით, რომლებსაც მძიმე შრომის ფასად უწევთ ოჯახების რჩენა.
ან – სამუშაო ვიზიტით შეხვდა იტალიელ კოლეგას, რომელს და რა თემაზე სასაუბროდ, არ ამხელს, რადგან ქვეყნის უსაფრთხოებას ასე სჭირდება.
ან – საპარლამენტო საფეხბურთო გუნდის კაპიტნის, მიხეილ ყაველაშვილის დავალებით, კატენაჩოს საფუძვლების შესასწავლად გაემგზავრა, რათა პარლამენტარები ამხანაგურ მატჩებს რომ ჩაატარებენ, აღარ იჯდეს სათადარიგოზე და ეგრევე სასტარტოში დაიწყოს ხოლმე.
ან – მეგობრის დაბადების დღეზე ჩავიდა, რა პრობლემაა, რო?
ან – დედაქალაქის მერს აცილებდა, თვითმფრინავში აჰყვა და სტიუარდესამ რომ გამოაცხადა, გამცილებლები ჩადით, ვიძვრებითო, ამან ვერ გაიგო და მოუწია გაფრენა. ამ ზაფხულს ვნახე ასეთი რამ თბილისი – ბათუმის ჩქაროსნულ მატარებელზე. ათჯერ გამოაცხადა მატარებლის გამყოლმა მგზავრების გამცილებლები ჩადითო. უკვე ნერვები მომეშალა, მერამდენედ ამბობს, გაიგო ხალხმა-მეთქი, მაგრამ რომ დაიძრა შტადლერი, მერე წამოხტა ერთი ფოსტლებიანი ტიპი, არ მოვდივარ ბათუმში, გამიჩერეთ, ჩავდივარო. არ ჩერდება ჩქაროსნულები ურეკამდე, მოგეხსენებათ, და ასე ფოსტლებით ჩამოხრიგინდა ურეკში. მერე გადაჯდა უკან დასაბრუნებელ რეისზე ეგრევე.
არ მინდა ახლა ჭკუის სწავლება – ვიცი რომ თვითმფრინავში ასე ვერ მოხდება და საერთოდ ვერ ახვალ გამცილებლად. მაგრამ მაინც უფრო დამაჯაერებელი ვერსია იქნებოდა.
ანდა… ორეული ჰყავს ბოლო-ბოლო!
მაგრამ არა – მან ყველაზე ცუდი ვარიანტი აირჩია – არსად არ ვყოფილვარ, აგერ ვმუშაობდი ჩემს კაბინეტშიო – ვიდეო დაასპონსორა საკუთარ ფეისბუქზე. არადა მისი ფოტოები, აეროპორტში გადაღებული, უკვე ფრიალებდა სოციალურ ქსელებში, მისი კოლეგებიც, „ევროპული საქართველოდან“, რომლებსაც უკანა გზაზე გადაეყარა, უკვე გამოძინებულები იყვნენ ფრენის შემდგომ… მოკლედ, ანუშკას ზეთი უკვე დაღვრილი ჰქონდა, მოსახდენი უნდა მომხდარიყო…
რატომ? რა რჯიდა? საკითხავი აი, ეს არის.
მე მაქვს ჩემი თეორია – შენ?