სოლიდარობა – რაიმე ქმედების ან აზრის აქტიური მხარდაჭერა, საერთო ინტერესების ქონა.
სოლიდარული – 1. ვინმესთან ერთსულოვანი, შეთანხმებული;
2. ერთობლივი, საერთო ვალდებულებებით დაკავშირებული.
ორი ამბავი მინდა მოგიყვეთ, საფრანგეთში სწავლისას ყველაზე მეტად რომ დამამახსოვრდა: ერთი – ქართველი ბიჭის, მეორე კი – ჩემი სკოლელი ჩინელი გოგონას ისტორიაა.
ქართველი ბიჭის სახელსა და გვარს, რა თქმა უნდა, შეგნებულად არ დავასახელებ. რესტორანში მუშაობისას გავიცანი. უცხოეთში ცხოვრებისას ეგრე ხდება ხოლმე: თანამემამულე რომ შეგხვდება, გინდა არგინდა, მაინც უახლოვდები, მით უმეტეს, თუ ერთადაც მუშაობთ. მშობლიურ ენაზე მოსაუბრესთან საერთო ენის გამონახვა მაინც უფრო ადვილია და თან, ამ ყველაფერს რაღაცნაირი ნოსტალგიური ელფერიც დაჰკრავს.
ქართველი ბიჭი ბევრს და გულმოდგინედ მუშაობდა, დამატებით საათებსაც ყველაზე ხშირად იღებდა და საქმესაც მშვენივრად ართმევდა თავს. ძალიან პატარა, იაფად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ღამღამობით, ფაქტობრივად, მოკუნტულს ეძინა ხოლმე. ფულს მთელი წელი აგროვებდა, ზაფხულისთვის ემზადებოდა: ორი კვირით საქართველოში უნდა ჩავიდე და ფული მჭირდებაო, მხოლოდ ამას მეუბნებოდა.
გული მიჩუყდებოდა, რა კარგი ბიჭია, ალბათ ოჯახისთვის აგროვებს თანხას, მშობლებს რომ ელემენტარული პირობები შეუქმნას, დედას სარეცხი მანქანა, უმცროს და-ძმას ტანსაცმელი, სკოლის წიგნები და რვეულები უყიდოს-მეთქი, ვფიქრობდი ჩემთვის.
და აი, ზაფხულიც დადგა. ჩვენმა ბიჭმა კი, მთელი წლის ნაგროვები და ნალოლიავები ფულით, გალერი ლაფაიეტის პრესტიჟული მაღაზიები გამოაცარიელა და Calvin Klein-ის, Giorgio Armani-სა თუ სხვა ცნობილი ბრენდების ჯინსები და მაისურები იყიდა, აი ისეთები, გამოსაჩენ ადგილას რომ აქვს ძვირადღირებულების დამადასტურებელი წარწერები. მერე, ახალი ტელეფონიც დაითრია და ასე გაღიმებული, წელში გამართული გაემზადა საქართველოში დასაბრუნებლად. რა თქმა უნდა, ჯიბის ფულიც დაიტოვა, რესტორნებში მონატრებული ხინკლისა და მწვადის საჭმელად. გამგზავრებამდე რამდენიმე სურათიც გადამაღებინა, ნახონ, როგორ ვგრიალებ საფრანგეთშიო.
არადა, მე ხომ ვიცოდი მაგის გრიალი, არა? მთელი წელი ვირივით შრომობდა და მოკუნტულს ეძინა, და თურმე, რისთვის – ქართველი მეგობრებისთვის ლამაზ ტანსაცმელში გამოწყობილი ლამაზი ფოტო რომ გაეგზავნა და ეთქვა, რომ მასთან ყველაფერი კარგადაა, საფრანგეთშია და გულაობს.
მეორე ისტორია კი ჩემზე ორი წლით უმცროს ჩინელ გოგონას ეხება. სიმართლე გითხრათ, მისი სახელი და გვარიც კი არ ვიცი. ამ გოგონას მშობლები საფრანგეთში წლების განმავლობაში არალეგალურად ცხოვრობდნენ, საბუთები ვერაფრით მოაწესრიგეს და ერთ დღესაც, სახელმწიფომ მათი დეპორტაცია გადაწყვიტა. შესაბამისად, ვერც ჩვენი სკოლელი არასრულწლოვანი გოგონა შეძლებდა საფრანგეთში დარჩენასა და სწავლის გაგრძელებას.
მახსოვს, როგორ მოიცვა მთელი სკოლა სოლიდარულმა პროტესტმა: რა უნდა ქნას საფრანგეთში გაზრდილმა, ჩინური წარმოშობის მქონე პატარა გოგონამ ჩინეთში? როგორ უნდა იცხოვროს არადემოკრატიულ სახელმწიფოში? როგორ უნდა ისწავლოს ჩინურად, როცა ალბათ, არც კი საუბრობს ამ ენაზე? ჩვენ ამას ვერ და არ დავუშვებდით. მთელი სკოლა – მასწავლებლები, ადმინისტრაციული თანამშრომლები, მოსწავლეები, მათი მშობლები და მეგობრები, ერთად დავდექით და იმ დღეს, როცა ჩვენი სკოლელის მშობლების საქმისა და მათი საბუთების როგორღაც წესრიგში მოყვანის საკითხი განიხილებოდა, დიდი სარპოტესტო აქცია გავმართეთ პრეფექტურის შენობის წინ: ჩვენი სკოლელი, რომელიც საფრანგეთში დაიბადა, გაიზარდა და ჩვენი საზოგადოების თანაბარუფლებიანი წევრი იყო, ქვეყნიდან არ უნდა გაეძევებინათ და მისი ცხოვრება სამუდამოდ არ უნდა აერ-დაერიათ.
უსამართლობა მიუღებელი იყო და ამას ბავშვობიდან გვასწავლიდნენ. გვაჩვევდნენ. მაგალითსაც გვაჩვენებდნენ. ჩვენ სოლიდარული ვიყავით ერთმანეთის და იმ გოგონას მიმართ, რომელსაც საერთოდაც არ ვიცნობდით. ის კი არა, მისი სახელი და გვარიც კი არ ვიცოდით.
ამ ამბების მერე ძალიან დიდი დრო გავიდა. არც იმ ბიჭის ასავალ-დასავალი ვიცი და არც – იმ გოგონასი. ჩვენი ცხოვრება ხომ ასეა, ერთხელ გადაკვეთილი გზები შეიძლება მეორედ არასდროს გადაიკვეთოს. თუმცა, გუშინ საღამოს, კიდევ ერთხელ გამახსენდა ეს ორი ამბავი, რომლეbსაც ერთმანეთთან თითქოს არანაირი კავშირი არ აქვს.
ძალიან რთულია, ჩვენს ქალაქში ცხოვრობდე და ყოველ საღამოს უსუსურობისა და უმნიშვნელობის განცდა არ გიპყრობდეს. მე და ჩემი მეუღლე ტელევიზორთან ვისხედით, თავჩაქინდრული, დანაშაულის გრძნობისა და უმოქმედობისაგან დამძიმებულები. მან შემომხედა და ნაღვლიანი თვალებით მითხრა, მებო, ისე მინდა ვიცხოვროთ, რომ სხვა ადამიანების დახმარება შევძლოთო. ვერაფერი ვუპასუხე. მხოლოდ იმაზე გავბრაზდი, რომ ოცდათერთმეტი წლის ასაკში, უფრო უსუსური ვიყავი, ვიდრე მაშინ, თექვსმეტი წლისამ, ჩემს კლასელებთან ერთად ჩვენი სკოლელი გოგონას უფლებები რომ დავიცავი. მაშინ შევძელი დავხმარებოდი არასრულწლოვან გოგონას, რომელსაც უსამართლოდ ექცეოდნენ. და ახლა, როცა უფრო დიდიც ვარ, პროფესიაც მაქვს, სამსახურიც და კარიერაც, რას ვაკეთებ და რისი გაკეთება შემიძლია? რატომ ვერ ვახერხებ ვუპასუხო ჩემს ცოლს, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია სხვების დახმარება და მათი ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლა? სად დავუშვით შეცდომა? სად წავედით არასწორი მიმართულებით?
იცით, ჩვენი ცხოვრება სულ უფრო და უფრო ემსგავსება იმ ქართველი ბიჭის ამბავს, ოჯახისა და მეგობრებისთვის ლამაზ ტყუილს რომ იგონებდა. განა, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქალაქის მერიაც იმ ბიჭივით არ ცხოვრობს, საფრანგეთში რომ გავიცანი? მათაც ხომ მეგობრებისთვის უნდათ ახალი საახალწლო განათებებით მორთულ-მოკაზმული და ლამაზად აციმიმებული ქალაქის ლამაზი ფოტოების გაგზავნა, არა? მერე რა, თუ ამისთვის უშნო შენობების დემონტაჟი და იქ მცხოვრები ხალხის გამოსახლებაა საჭირო (ნეტავ, შენობების ესთეტიკური მხარე მაშინ რატომ არ ახსენდებათ მერიის არქიტექტურის სამსახურში, ქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი და „კანონიერი” პროექტები რომ შენდება? ან მაშინ, ძველი, ისტორიული შენობები რომ ინგრევა და მათ რესტავრაციაზე არავინ ფიქრობს?). მერე რა, თუ ვიღაცები ზამთრის აუტანლად ცივ ღამეებს ქუჩაში გაატარებენ. თავშესაფრის კარი ხომ ყველასათვის ღიაა. მთავარი მხოლოდ მერიის მიერ, მათ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე ასახული რეალობაა, მეგობრებს რომ შეშურდეთ და მათ ადგილას ყოფნა ინატრონ.
ზუსტად ასეთივე დანიშნულება აქვს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, წმინდა გიორგის ფერხთით, წრიულად გამოსახულ უზარმაზარ წარწერას – „სოლიდარობით სავსე ქალაქი”. ის მეტი არაფერია, თუ არა მორიგი ფარსი, საკუთარი თავის დამშვიდება და მეგობრებისთვის გაგზავნილი ლამაზი ფოტო, როცა გარშემო ყველაფერი ნადგურდება და უბრალოდ, კადრში არ ჩანს.
და ასე ვართ ყველა: პოლიტიკოსები და არა პოლიტიკოსები, მორწმუნეები და ურწმუნოები, ქალები და კაცები, ბავშვები და დიდები, თქვენ და მე. ჩვენ.
ჩვენ არ გვაქვს საერთო ინტერესი, საერთო ვალდებულება, საერთო მიზანი და შესაბამისად, ვერასდროს ვიქნებით სოლიდარულები, რადგან, შეუძლებელია ერთად დგომა იქ და მაშინ, როცა არ არსებობს როგორც მინიმუმ ერთი ღირებულება, რომელსაც ყველანი კბილებით დავიცავთ. ფრანგებს, ასეთი სამი აქვთ: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა.
და ახლა რომ გკითხოთ, დაასახელეთ ერთი ფასეულობა, ღირებულება, ვალდებულება, ისტორიული მოვლენა ან ნებისმიერი რამ – რაზეც ყველა ვთანხმდებით და არ ვდავობთ-მეთქი, შეძლებთ?