ტკივილით გაცხადებული სიცხადე

გია ეძგვერაძე

შვედეთმა პანდემია, პრაქტიკულად, დამთავრებულად გამოაცხადა.

ალბათ კი, დასასრული უკვე კარზეა მომდგარი…

რა შეიძლება დავასკვნათ, პანდემიის ორი წლის განმავლობაში საზოგადოების ქცევის ანალიზს თუ გავაკეთებთ?

1) ქართველთა უდიდეს უმრავლესობას: არ გააჩნია თავისი ცივილიზაციის მიმართ რწმენა და მის ორგანულ და ქმედით ნაწილად გადაქცევის ნება.

2) ქართველთა უდიდესი უმრავლესობა: საზოგადოების წევრად ყოფნას არ მიიჩნევს ვალდებულების მატარებელ მოვლენად (!).

3) ქართველთა უდიდეს უმრავლესობას: არ გააჩნია ინტელექტუალური უნარები და ინტუიცია, კეთილსინდისიერი და გულწრფელი აზრი და ძალისხმევა გაარჩიოს მანიპულირებული, ისტერიული და განზრახ დესტრუქციული ინფორმაციისა და ქმედებებისგან.

4) ქართველთა უდიდესი უმრავლესობისთვის: მოხმარებით/გამოყენებითი დამოკიდებულება გარემო/სამყაროსთან სრულიად განმსაზღვრელია მისი ცნობიერების ფორმისთვის.

5) ქართველთა უდიდესი უმრავლესობისთვის: საკუთარი სურვილ/ვნებების მიდევნება და გასრულება თავისუფლების აქტად აღიქმება (!).

6) ქართველთა უდიდესი უმრავლესობა: ობიექტურ დრამატულ მოვლენას სასწრაფო რეჟიმში ჭორის სიცხადემოშლილ ტერიტორიად აქცევს და ასეთი ხერხით მოვლენასთან თავის ვალდებულებრივ მიმართებას უკეთებს ნიველირებას.

7) ქართველთა უდიდესი უმრავლესობა: სამომავლო პერსპექტივას მხოლოდ კეთილდღეობის ვიწროპრივატული წარმოდგენებით განსაზღვრავს.

ეს არის ის უზოგადესი განმსაზღვრელი ნიშნები, რომლებიც გამოკვეთა პანდემიამ ქართულ საზოგადოებაში და დაგვანახა – ჩვენი საზოგადოება ვერანაირად ვერ შეესატყვისება მოთხოვნებს, რომ იყოს დასავლური ცივილიზაციის ორგანული შემადგენელი.