მედიის მიმართ დაგროვილ ბრაზს მთავრობები ერთიანადაც გადმოანთხევენ ხოლმე. მაგალითად, რომელიმე აქციის დაშლისას რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი აუცილებლად დაშავდება – ჟურნალისტების ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებასთან ერთად, ცხადია, მწყობრიდან გამოდის ისედაც მწირი რესურსების მქონე მედიაორგანიზაციების კუთვნილი ტექნიკაც.
შესაბამისად, კიდევ უფრო სუსტდება მედიაც.
თუ მომხდარ მოვლენებს ქრონოლოგიურად გადავხედავთ, გაგვიკვირდება კიდეც, როგორ ახერხებენ პოლიტიკოსები ბრაზის დაგროვებას – მთავრობების იდენტური შეცდომების გამო, მედიის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი საუკეთესო არასოდეს ყოფილა.
თანაც, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, სადაც:
– სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის არცერთ გენერალურ დირექტორს არ ამოუწურავს თავისი უფლებამოსილების ვადა;
– მთავრობამ შტურმით აიღო ტელეკომპანია „იმედი“;
– დააყადაღეს სატელიტური ანტენები;
– ხელისუფლება არ გასცემდა მაუწყებლობის ლიცენზიებს;
– მხოლოდ ექვსი წლის უკან მიენიჭა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, რომელიც დღესაც ხელისუფლების კრიტიკის ფონზე სისტემურ რყევებს განიცდის;
– გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტიკოსი ეროსი კიწმარიშვილი;
– არ დასრულებულა არცერთი გამოძიება საქართველოს პარლამენტის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნებით გამოვლენილი ხარვეზების შესახებ;
– იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებითაა დაკავებული კიდევ ერთი მედიის „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა;
– ყოველთვის არსებობდა კითხვები პოლიტიკური ჩარევის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელების 20-ზე მეტი ცვლილების ირგვლივ;
– გამოძიება მიმდინარეობს ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის (ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის) ნიკა გვარამიას მიმართ;
– ხელისუფლებები პირადი შეხედულებისამებრ ათავისუფლებენ ხოლმე გადასახადებისგან ზოგიერთ (უმეტესად ხელისუფლებისადმი დადებითად განწყობილ) მაუწყებელს;
– 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლისას დაშავდნენ ჟურნალისტები. მათგან კი მხოლოდ შვიდმა განმცხადებელმა (სამი მედიაორგანიზაცია და ოთხი ჟურნალისტი) მიმართა სასამართლოს და მიიღო კომპენსაცია აქციის დაშლისას სპეცსამსახურების მიერ მიყენებული მატერიალური ზიანის გამო;
– 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს დაშავებულ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მინიჭებიათ;
– და რაც მთავარია, უკვე წლებია, თითქმის ყოველდღე გვესმის პოლიტიკური ინსტრუქცია მედიისთვის, რა და როგორ უნდა გაშუქდეს ან/და უმჯობესია არ გაშუქდეს.
ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 დაზარალებული ჰყავს, რომლებმაც სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს. მათ შორის არიან: 187 სამოქალაქო პირი, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა), შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა დასჭირდა 28 პირს, მათ შორის, ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა 8-ს, ხოლო ნეიროქირურგიული – 4 პირს. დადასტურებულია, რომ ტრავმის შედეგად 2-მა სამოქალაქო პირმა ცალი თვალი დაკარგა – ეს არის მშრალი (და ალბათ, არასრული) სტატისტიკა 2019 წლის 20 -21 ივნისის ამბებიდან, როცა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა ყველა სახელმწიფოებრივი რესურსი აქციის დასაშლელად.
32 დაზიანებული ჟურნალისტის სიას, 2019 წლის 26 ნოემბერს კიდევ ერთი აქციის დაშლისას დაშავებული ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი დაემატა.
აქციების დაშლის სამართლებრივი ბუნება და გამოყენებული ინსტრუმენტები ცალკე კრიტიკის საგანია, თუმცა სწორედ ასეთ პერიოდებში, თითქოს მედიაზე მუდმივად გაბრაზებული ჩვენი ხელისუფლებები ერთგვარად ზედაპირზე ამოიტანენ ხოლმე მედიის მიმართ არსებულ აგრესიას.
ასე მოხდა 2011 წლის 26 მაისს.
ასე მოხდა 2019 წლის 20 – 21 ივნისის მოვლენების ფონზე.
ცხადია, ყველაფერი ეს მედიასაც აბრაზებს. მაგრამ ზოგი ბრაზსაც არ იმჩნევს, ზოგიც ბრმავდება სხვადასხვა მიზეზით.
თვალი თვალის წილ – პოლიტიკურ და პროფესიულ ომში შესაძლოა დაბრმავდეს კიდევ ერთი (და მთავარი) სუბიექტი მოვლენების ეპიცენტრიდან – მაყურებელი.
ვფიქრობ, ასეა – მედიასთან ბრძოლით ჩვენ, მაყურებლებიც ვკარგავთ თვალს, რომლითაც უნდა მივიღოთ ინფორმაცია.
მთავრობებს კი საქართველოში ხშირად ავიწყდებათ მარტივი ჭეშმარიტება:
– ადამიანს სჭირდება თვალები, მედიას კი თვალებივით სჭირდება თავისუფლება.
– მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.
კიდევ ერთი ამბავია: ამომრჩეველი თვალების გარეშე, კიდევ უფრო საშიში შეიძლება გახდეს – შეგახსენებთ, სანამ ყველა დავბრმავდებით.