უძალო ძალთა ძალისხმევაზე

დავით ბუხრიკიძე

უკვე ერთი კვირაა, ოდესღაც ცოდნის ეპიცენტრი, საამაყოალმა მატერი“, ჩანერგილი სუსის უჯრედებით, იქ დაბანაკებული სტუდენტებითა და მიმდებარე ჭავჭავაძის გამზირით, ჩვენი პოლიტიკური ამბების ეპიცენტრად იქცა. პარლამენტის შენობის მიმდებარე სივრციდან ამბების გადატანამ განქოცებული ვაკის ტერიტორიაზე, თითქოს ახალი, მაგრამ მაინც ძველი 90-იანების დემოკრატიული სუნთქვა დააბრუნა: ჭრელი ოპოზიციის ლიდერების მონაცვლეობა, ახალგაზრდების ღამისთევა, კოცონების რომანტიზმი, დილით დარბევამაგრამ ისევ ჯიუტად, პოლიტიკურ გზაჯვარედინად ქცეულ ჭავჭავაძეზე დგომა.

მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როცა მელანშესხმულმა ცესკომ ლეგიტიმაცია მაინც შესძინა ხელისუფლებას და უკვე დაინიშნა პირველი საპარლამენტო სხდომაც, ჰაერშია გამოკიდებული მთავარი შეკითხვა: შევა თუ არა პარლამენტში ოპოზიცია, რომელიც არჩევნების შედეგებს არ ცნობს და შესაბამისად, არც პარლამენტის ლეგიტიმაციას. 

ალბათ ყველაზე არსებითი, რაც ჭავჭავაძის გამზირიდან პოლიტიკური მზაობითა და სურვილებით იმზირება, ესაა ოპოზიციის ლამის ფიზიკური გამძლეობის შემოწმება და საკუთარი მომხრეების დარწმუნება, რომ შედეგი მიზნებს არ დაშორდებაადრე თუ გვიან გაყალბებული არჩევნების ნაცვლად ახალი არჩევნები დაინიშნება. რეალურად, ოპოზიციის ლიდერებიც და ქუჩაში გამოსული ადამიანებიც ამ რწმენისა და მიზნის, მომხრეების ოპტიმიზმის ამარა არიან. თუმცა არსებობს დამატებითი კოზირიც: ისტორიული ომის ქარტეხილს მოყოლილი ევროკავშირის გაფართოების ამბავი. რაც პირადად ჩემთვის და ალბათ, სხვებისთვისაც, ბედისწერის მთავარ განმსაზღვრელად აქცევს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას.

ოდნავ შორს გადავიხედოთ. ცნობილი ჩეხი პოლიტიკოსი, დრამატურგი და მეოცე საუკუნის 70-იანი წლების აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკისა თუ ცნობიერების ტრანსფორმერი, ვაცლავ ჰაველი სოციალურფილოსოფიურ ტექსტშიძალა უძალოთა“ (1978) აღწერს პოსტტოტალიტარული სისტემის საფუძვლებსა და კრიზისს. რაც მთავარია, რეპრესიული სახელმწიფო მანქანის სუსტ მხარეებსაც, რითაც სწორედ ძალაუფლების დაკარგვის შიშს ააშკარავებს და შეულამაზებელი გრაფიკულობით ხატავს.

ჰაველი საუბრობს ასევე,  უფლებადაკარგულ თუ უფლებაწართმეულ ხალხზე, მათიუძალობისმიზეზებსა დაგაძლიერების შესაძლებლობაზე“. გვიანი 70-იანი წლების ჩეხოსლოვაკიაში პოლიტიკური სისტემა იმდენად მყიფე იყო, რომ მხოლოდ მოქალაქეთა შიშსა და მორჩილებას ეყრდნობოდა, მაგრამ მოქალაქეებს თავად შეეძლოთ, გადაელახათ პასიურობა და კონფორმიზმი, რასაც რეჟიმის ძალაუფლება ეყრდნობოდასწორედ ამის შესაძლებლობას აღწერსძალა უძალოთა“.

თუმცა, ჰაველის დროისგან განსხვავებით,  ჩვენ ვიმყოფებით არამხოლოდ უძალო, არამედ იდეაგამოცლილი, კორუმპირებული რეჟიმის პირისპირ, რომელსაც ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და კარიკატურად ქცეული პრეზიდენტის, გუსტავ ჰუსაკის ნაცვლად, კრემლის დაღდასმული და ხარბი ინსტინქტებით შეპყრობილი ოლიგარქი მართავს.

ჭავჭავაძეზე გადასროლილი ჩვენიუძალოებიარანაკლებ რთული ამოცანების გადაჭრის წინაშე დგანან, ვიდრე 70-იანი წლების პრაღაში, ან ბრატისლავაში მომძლავრებული დისიდენტები. მათ ერთდროულად უწევთ ხელისუფლების პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და ურიცხვი ტროლებისა თუ ბოტების წინააღმდეგ გამკლავება, მაგრამ მათი ძალა მომხრეების გვერდით დგომასა და დარწმუნებაშია.

თუ წლების წინ, ძალაუფლება და პროპაგანდა ოპოზიციის დამუნათებადემორალიზაციას ცალკე აღებული ინსტრუმენტებით ახერხებდა და ამას სუსი და შსს ასე თუ ისე უმკლავდებოდა, დღეს ამას  ტროლქარხნებიც წარმატებით აკეთებენ. პლუს სახელმწიფო სამსახურებსა თუ სსიპებში დასაქმებულების ძალისხმევაც.

მთელი სახელმწიფო ვერტიკალი დღეს მთავარ და დეზინფორმაციულ მესიჯებს ეყრდნობა, სადაც თვითშემოქმედება, რაიმე ეჭვი, განხილვა თუ ქოცნარევი რეფლექსიები (თუ ასეთი ჯერ კიდევ არსებობს ბუნებაში), გამორიცხულია. მაშინ, როდესაც ჭრელი და განსხვავებული ოპოზიციის პირობებში ნებისმიერი ინფორმაცია თუ ნიუსი უამრავ ნაწილებად ტრანსფორმირდება. შესაბამისად, დამაბნეველი და მრავალგანზომილებიანი ხდება ინფორმაციაც, რითაც არა მხოლოდ ხელისუფლება სარგებლობს, არამედ პროპაგანდისტული მედიები და ტელევიზიები. 

ხელისუფლება კარგად ფლობს ინფორმაციას, თუ ვინაა მათი მომხრე და ვინ მოწინააღმდეგე. მათ ისიც იციან, რომ იდეურ, პრინციპულ მოწინააღმდეგეებს ვერც დააჯერებენ და ვერც გადაარწმუნებენ. ამიტომ აპრობირებული მეთოდებით ცდილობენ საზოგადოების მოწყვლად და ნაკლებად კრიტიკულ ნაწილში ეჭვი დათესონ, სასოწარკვეთა ან აპათია გააღვიძონ, ურთიერთდაპირისპირება გამოიწვიონანუ სხვათა უძალობით საკუთარი ძალაუფლება გაამყარონ. ამისათვის, ჭორმართალს ერთმანეთში ურევენ და საზოგადოებაში აქტიურად ნერგავენ აზრს, რომეს ოპოზიცია უვარგისია, და არაფრის გამკეთებელი“; რომისინი ადრე თუ გვიან საკუთარი სკამების გამო პარლამენტში ერთმანეთს დაასწრებენ შერბენას“… 

უძალოთა ძალარომ ხელისუფლებას დაუპირისპირდეს და გამოიღვიძოს, საჭიროა მათი მესიჯები უფრო მკაფიო, უფრო ზუსტი გახდეს. აუცილებელია – მჭიდრო და საზოგადოებისთვის გასაგები კოორდინაცია; კრიტიკულ სიტუაციაში ოპოზიციური პარტიების ერთად დგომა და მეორეხარისხოვანი ამბების ირგვლივ ნაკლები დისკუსიები; ხელისუფლების ბლაგვი და ხისტი პროპაგანდის წინააღმდეგ ასევე ხისტი და დროული პასუხები; ხელისუფლების წერტილოვანი და ძალიან ზუსტი კრიტიკა და ნაკლები თვითგვემა და დეპრესია; ახალგაზრდებისა და სტუდენტობის მიმართ მეტი ნდობა და პოლიტიკურ პროცესში მათი ჩართვის სურვილი; ნახევარსიმათრთლეების მყისიერი გადაფარვა ნამდვილი, რეალური ფაქტებით 

და რაც მთავარია, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის, ანუქართული ოცნებისსაოცნებო მითოლოგიის დამსხვრევა: როცა შორეულ  მომავალში, დღეს არსებული ოპოზიცია (ანუკოლექტიური ნაცები“) აღარ იარსებებს, თავად დანიშნოს სასურველი, რბილი, სწორედ უძალო და არადამღლელი ოპოზიცია! რაც მშვიდი ჭაობის არსებობის გარანტიას მისცემდა.