უკრაინასთან დიდი მეგობრობა გურიის პატარა სოფელში

ბექა შათირიშვილი

უკრაინასთან მეგობრობა ბოლო რამდენიმე თვის სპეკულაციის მთავარი თემაა – როგორ შეგვიძლია მათი დახმარება და მხარდაჭერის გამოხატვა; რა სიტუაციაში უნდა ვიყოთ ფრთხილები და რა დოზით უნდა გამოვხატოთ შეშფოთება. პოლიტიკურ სპექტრში, საღამოს შოუებსა თუ სოციალურ ქსელში ამ თემებზე კამათი დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ სენსიტიური საკითხის ირგვლივ გამოთქმული პრეტენზიები და პირადი პოზიციის დასაცავად მოყვანილი არგუმენტები, საბოლოო ჯამში, ყველასათვის  საერთო და ახლო  მეგობრობის ცნებას რაღაც ახალ მნიშვნელობას სძენს, ფორმას უცვლის და  ჩვენთვის სრულიად უცხო მოცემულობად აქცევს.

ადგილი, სადაც უკრაინასთან უპირობო მეგობრობა რთულ ვითარებაში ეჭვქვეშ არ დამდგარა, გურიის სოფელი შრომაა, რომელსაც 1938 წლიდან აკავშირებს მეგობრობა უკრაინაში, გენიჩესკის რაიონის სოფელ როვნოსთან. მეორე მსოფლიო ომის დროს შრომა ერთ-ერთი მოწინავე იყო უკრაინელების დახმარების მხრივ.

შრომაში სრულიად შემთხვევით მოვხვდი – ერთ-ერთ ზაფხულს გურიაში ავტოსტოპით მოგზაურობისას. სოფლისკენ მიმავალი მთელი გზა ერთგვარი ზღაპრული თავგადასავალია. მუდმივი ხედი ზღვაზე და  ბუნება, რომელიც თბილისიდან ჩასულისთვის განსაკუთრებით სპეციფიკურია და ისეთ წარმოდგენას გიქმნის, თითქოს უსასრულო ბოტანიკურ პარკში სეირნობ. ამ ხედებით გაბრუებული სოფელში ჩასვლისას  რთულად თუ წარმოვიდგენდი, რომ ლამაზი ბუნების გარდა, სოფლის ცენტრში ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მქონე ობიექტებით დატვირთული ერთგვარი ღია სამუზეუმო სივრცე დამხვდებოდა.

ფოტო: Davit Photography

შენობის ზედა ნაწილში განთავსებული წარწერა – „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“ უკრაინელ ხალხთან მეგობრობის გამოხატულებაა. უკრაინასთან სოციალისტურ შეჯიბრებას სოფელ შრომაში ჩაეყარა საფუძველი, 1938 წელს, რაც შემდგომ მთლიანად ოზურგეთის რაიონში გავრცელდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა გერმანია უკრაინაში შეიჭრა, ბრძოლაში დაჭრილი უკრაინელები თავს ხშირად საქართველოს აფარებდნენ და აქ იშუშებდნენ იარებს. რაკი გურულებს უკვე ჰქონდათ ახლო ურთიერთობა უკრაინელებთან, ასეთი ადგილი იყო სოფელი შრომაც. ერთ-ერთი დაჭრილი ჯარისკაცი, ვასილი ლავენტიევი,  2 წელი აფარებდა თავს სოფელს. რაღაც დროის მერე, როცა მისი მასპინძელი, მელინკი მჟავანაძე გარდაიცვალა, ვასილი საქართველოში ჩამოვიდა და ბარელიეფი ჩამოიტანა. ეს ბარელიეფი ახლა მუზეუმში ინახება.

„ჩემს ძვირფას დედობილს, მელინკი თედორეს ასულს. ომის მძიმე წლებში თქვენი ჩემზე დედობრივი ზრუნვა, სიყვარული და ალერსი სამუდამოდ დარჩება ჩემს ჯარისკაცურ გულში.“

მზრუნველი ქართველი დედისა და დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცის ურთიერთობას შრომელებმა 30 წლის შემდეგ ძეგლი – „მეორე სამშობლო“ დაუდგეს. 

მოძმე ერის მხარდაჭერა მხოლოდ ჯარისკაცების შეფარებით არ დასრულებულა. 1942 წელს შრომელებმა მილიონი მანეთი შეაგროვეს. ამ თანხით შეიქმნა ტანკების კოლონა „ქართველი კოლმეურნე“, რომელიც უკრაინის ფაშისტებისგან დასაცავად გაგზავნეს. ამ კოლონიდანაა ის ტანკი, რომელიც ახლა შრომის ცენტრში დგას.

შრომის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც თავის დროზე საბჭოთა დიდების გამოხატულება იყო, ახლა ყველაფერი ამ რეჟიმის სიკვდილს ასახავს – უფუნქციოდ დარჩენილი, სავალალო მდგომარეობაში მყოფი შენობა, სადაც ყველაფერი დაკეტილია, ჭერი ჩამონგრეული და იატაკი ჩავარდნილი. ცისფერი მთების სცენარი აქაც მეორდებასაბჭოთა დიდებული წარსული ჩამოშლილია, სამაგიეროდ, სამი დიდი სარკმელი ჯერ ისევ დასცქერის კედლებზე მშრომელების ინსპირაციით შექმნილ ნამუშევრებსა და უკრაინელების ნაჩუქარ ნახატებს, რომლებიც აცოცხლებს ამ ხალხთან ისტორიულ მეგობრობას

ეს ისტორიული მეგობრობა დღესაც გრძელდება. 2019 წელს შრომას გენიჩესკის დელეგაცია ეწვია. ბუნებრივია, ძალიან პომპეზური დახვედრა მოუწყვეს. სტუმრები მოატარეს სოფელში და დაათვალიერებინეს მუზეუმი. ღია სივრცეში გამართული კონცერტის გარეშე არ ჩაუვლია ამ ყველაფერს. მთელი გზა დელეგაციამ და მასპინძლებმა დაიკავეს, ხოლო ზუსტად ტანკის ქვეშ საბავშვო ანსამბლი „ოცნება“ ჩონგურებით ქართულ ჰანგებს აჟღერებდა. ვიდეოჩანაწერის გარეშეც კი შეიძლება მთელი ამ სცენის ბრუტალურობის წარმოდგენა.

ტყუილად არ ვუწოდე სოფლის ცენტრს სამუზეუმო სივრცე. ეს პატარა ადგილი ცოცხლად წარმოგიდგენთ წარსულს და გამოგზაურებს ძველ დროში. ულამაზესი არქიტექტურა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ დიდ ქალაქს დაამშვენებდა, ასევე დიდი ისტორიის მატარებელია. ამ ისტორიის საბჭოთა ნაწილი დიდი ხანია გადაფარული აქვს უკრაინელ და ქართველ ხალხებს შორის მტკიცე მეგობრობას. მეგობრობას, რომელიც დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.


*ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.