კინოსტუდია „ქართული ფილმი“ დსთ–ს ქვეყნებთან შემოქმედებით კავშირების აღდგენას აპირებს.
„დსთ–ს ქვეყნებისა და საქართველოს ცნობილმა კინოსტუდიებმა გადაწყვიტეს გააერთიანონ თავიანთი შემოქმედებითი და საწარმოო რესურსები და შექმნან ერთობლივი ალიანსი კინოპროდუქციის ერთობლივი წარმოებისთვის“. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია უზბეკეთის სააგენტოს პრესსამსახურმა გაავრცელა.
ალიანსის შექმნის გადაწყვეტილება ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში გამართულ, დსთ–ს ქვეყნებისა და საქართველოს კინოსტუდიების დირექტორთა საბჭოს ფორუმზე მიიღეს, რომელიც ონლაინ ფორმატით გაიმართა. კინემატოგრაფიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება კი სხვადასხვა კინოკონცერნებისა და კინოსტუდიების წარმომადგენლებს შორის დაიდო.
ფორუმში მონაწილეონდნენ „უზბეკფილმის“, „ტაჯიკფილმის“, „ბელარუსფილმის“, „თურქმენფილმის“, „ყაზახფილმის“, „ყირგიზფილმის“ , „მოსფილმის“, „ლენფილმის“ წარმომადგენლები. ასევე უზბეკეთის კინემატოგრაფიის სააგენტოს, მოლდოვის კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, ასოციაცია „სანქტ–პეტერბურგის დოკუმენტური ფილმების სტუდიის“ თანამშრომლები. კინოსტრუდია „ქართული ფილმი“ ფორუმის ნაადრევ ეტაპზე და მხოლოდ ონლაინ მონაწილობდა.
ალიანსის სამუშაო სახელწოდებაც საკმაოდ ხმამაღლა ჟღერს – „დსთ–ს ქვეყნებისა და საქართველოს კინოსტუდიების საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაცია“. ასოციაციის თავმჯდომარედ უზბეკეთის კინემატოგრაფიის სააგენტოს გენერალური დირექტორი, ფირდავ აბდუხალიკოვი აირჩიეს. „ბელარუსფიულმის“ გენერალური დირექტორი ვლადიმერ კარაჩევსკი – მოადგილედ.
რომ არა რუსულ და უზბეკურ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, ვერც ვერაფერს გავიგებდით. თუმცა მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი გახმაურდა, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დიტრექტორთა საბჭოს წევრებმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელეს.
„ჯერ კიდევ 2019 წელს 6 კინოსტუდიას შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი (საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ბელორუსი, ტაჯიკეთი) ამის შემდგომ ვითარდებოდა ურთიერთობები კინოს სფეროში სათანამშრომლოდ. რეგიონში შექმნილი ტრაგიკული საომარი მოქმედებების გამო. ჩვენ უარი ვთქვით მონაწილეობაზე, რის შესახებაც მათ ვაცნობეთ და სამდღიანი შეხვედრებიდან, მხოლოდ პირველ დღეს ჩავერთეთ ონლაინ, მადლობა გადავუხადეთ მოწვევისთვის და ვამცნეთ ჩვენი არგუმენტირებული უარის შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს რაიმე ტიპის ახალი ოფიციალური დოკუმენტი, სადაც „ქართული ფილმი“ წარმოადგენს რომელიმე მხარეს.
2019 წლის მემორანდუმის თაობაზე ჩვენ ჩვენს ფეისბუკ გვერდზეც განვათავსეთ ინფორმაცია და ყველა სატელევიზიო გადაცემიდან გაცნობეთ მის შესახებ, რომ მარტო კინოსტუდია “ქართულ ფილმს” კი არ ექნებოდა წვდომა ამ კონტაქტებზე და სერვისებზე, არამედ საქართველოში მომქმედ ყველა კინომწარმოებელს. ჯერ კიდევ მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა მოვლენების ასეთ სახით განვითარებას.
რაც შეეხება ალიანსს დსთ–ს ქვეყნებთან, ის შეიძლება შეიქმნას ჩვენს გარეშე, სხვა ქვეყნებს შორის.
მათთვის, ვინც არ იცის – ზოგადად არცერთი მემორანდუმი არ წარმოადგენს ოფიცილურ იურიდიულ დოკუმენტს და არ უქმნის ორგანიზაციებს რაიმე ტიპის ვალდებულებას, არამედ დაფუძნებულია მხოლოდ კეთილი ნების გამოხატვაზე.
“ქართული ფილმი” ყოველთვის აკეთებდა, აკეთებს და გააკეთებს ქართულ საქმეს და მოემსახურება საქართველოს.“
პატივისცემით “ქართული ფილმის” დირექტორთა საბჭო.
უცნაურია, რომ ამ ფორუმის შესახებ მხოლოდ უზბეკური მედიის გამოხმაურებით ვიგებთ. მითუმეტეს, რომ დსთ–ს ქვეყნებთან საქართველოს კავშირები ბოლო წლებში საერთოდ არ იყო აქტუალური. ასევე გაუგებარია, ამ ასოციაციის მიზნები, თუმცა ორგანიზატორები ამას დსთ–ს ქვეყნების კინოინდუსტრიის განვითარებითა და ზოგადად, კინობაზრების განვითარებით ხსნიან: „ჩვენ არა ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია და არც გვაქვს ინტერესი რაიმე პოლიტიკური იდეების გენერირებაში. ჩვენთვის პირველ რიგში, მნიშვნელოვანია კინოინდუსტრიის განვითარება და შემოქმედებითი კავშირების აღდგენა ჩვენს ქვეყნებს შორის“… თუმცა დღევანდელ ვითარებაში, რუსეთის საოკუპაციო ჯარის მოქმედების ფონზე უკრაინაში, სრულიად უადგილოდ გვეჩვენება ამგვარ ალიანსში გაწევრიანება.
ყველაფერი ცხადია გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ დუშამბეში გამართული ფორუმით და ყოფილი საბჭოეთის შემოქმედებითი კავშირების აღდგენით, პირველ რიგში, რუსეთია დაინტერესებული. ფორუმში მონაწილეთა შორის მთავარი პერსონა კონცერნ „მოსფილმის“ გენერალური დირექტორი, პუტინის ერთ–ერთი აქტიური მხარდამჭერი, სოლოვიოვის პოლიტიკური ტოკშოუს მუდმივი მონაწილე, რეჟისორი კარენ შახნაზაროვი იყო. ონლაინ ფორუმზე ჩართვისას მან განაცხადა, რომ საჭიროა აღდგეს კავშირები, რომლებიც ადრე არსებობდა რესპუბლიკების სტუდიებს შორის.
„მივესალმები ამ ღონისძიებას და მზად ვარ გარანტია მოგცეთ, რომ ჩვენი მხრივ, ვიპოვით ერთობლივი მუშაობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს“, – განაცხადა შახნაზაროვმა.
ასე რომ, შესაძლოა, დუშანბეში გამართული კინემატოგრაფიული ფორუმი კრემლის „კულტურულ–პოლიტიკური ინტეგრაციის“ თეორიის ახალი ვარიაციაა, რომლის აქტიური პროპაგანდისტი სწორედ კარენ შახნაზაროვია. ამის შესახებ ის დაუფარავად და ხშირად საუბრობს სოლოვიოვის შოუებში. რეალურად კი ეს ყველაფერი კრემლის კულტურის საბურველში გახვეული „რბილი ძალის“ პოლიტიკის ნაწილია. სამწუხაროა,რომ ამის შესახებ შეხსენება ჭირდება ჩვენს საზოგადოებას და მათ შორის, კინემატოგრაფისტებსაც.