ყველაფერი გაივლის

მებო ნუცუბიძე

ცოცხალი ადამიანები გარდაცვლილების უკვდავსაყოფად სხვადასხვა მონუმენტს რომ აღმართავენ, მათი უანგარობისა და გულწრფელობის თითქმის არასდროს მჯერა ხოლმე. არც ძეგლები, არც სახლ-მუზეუმები და არც განსვენებული მშობლების საფლავებზე დადგმული ლამაზი ბიუსტები არ ემსახურება სხვათა ცხოვრების უკვდავყოფას. ეს უბრალო ეგოისტური ჟესტია: პირადი კმაყოფილებისა და საზოგადოების თვალში სამაგალითო ადამიანად წარმოჩენის სურვილი და შემდეგ უკვე ამ სურვილის ხორცშესხმა.

შესაბამისად, არც პანთეონების არსებობა მხიბლავს, სადაც სახელოვან საზოგადო მოღვაწეებს მიუჩენენ ხოლმე სამარადისო ადგილებს და არც ის პერსპექტივა, რომ ასე 10-15 წელიწადში ჩემი შვილისთვის მომიწევს იმის ახსნა, თუ რატომ არიან გვერდიგვერდ დასაფლავებული ჯაბა იოსელიანი და გია ყანჩელი.

საერთოდ, ძალიან ბევრი რამეა, რისი ახსნაც ძალიან გამიჭირდება, რაც, ერთი შეხედვით, პარადოქსულია, თუმცა ჩვენს ყოველდღიურ რეალობადაა ქცეული.

რაღაცნაირი ხალხი ვართ. უპრინციპოები. ორმაგსტანდარტიანები. ვიღაცებს რაღაცებს არასდროს ვპატიობთ, ვიღაცებს კი ისე შევულამაზებთ თავს გადამხდარ ამბებს, ისეთ გმირულ, პატრიოტულ ან სხვა – ნებისმიერი სახის გამამართლებელ ელფერს შევძენთ, რომ პატიება აღარ დაგვჭირდეს ხოლმე.

როგორ ავუხსნა ჩემს შვილს, ვინ იყვნენ მხედრიონელები, 90-იანი წლების თბილისში მოხეტიალე კრიმინალური ოჯახები, კლანები და დაჯგუფებები, ედუარდ შევარდნაძე, თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა და ჯაბა იოსელიანი? მხედრიონის დამაარსებელი სახელოვან მოღვაწეთა პანთეონშია; კრიმინალური დაჯგუფებების ლიდერები ახალ რეალობას ქმნიან; ედუარდ შევარდნაძე, მისი კვარცხლბეკიდან ჩამომგდები რევოლუციის შემდეგ, უბრალოდ ადგა და სახლში წავიდა; კიტოვანისა და სიგუას გარეშე კი, თურმე, ქართული სახელმწიფო არ იარსებებდა. მე კი მოვუყვები ჩემს შვილს, რომ ყველა ზემოხსენებული წარჩინებული პიროვნება არამზადა და გარეწარი იყო, მაგრამ, რომ აღარ გვახსოვს? ფაქტები რომ სადღაც დაიკარგა ან დროთა განმავლობაში შეიცვალა? კოლექტიური მეხსიერება რომ არაფრად გვივარგა? მე უფრო დამიჯერებს ჩემი შვილი თუ უმრავლესობას? ან ხელისუფლებებს, გავლენიან პირებსა თუ საინფორმაციო საშუალებებს, რომლებიც ისე ჭრიან და კერავენ ამა თუ იმ თემას, როგორც მათ დღის წესრიგს აწყობს და არა – სიმართლეს?

რაღაცნაირი ხალხი ვართ. გულმავიწყი. შერჩევითად გულმავიწყი. რაღაცები არასდროს გვავიწყდება, რაღაცებს კი მყისიერად ვასხვაფერებთ, ვაკეთილშობილებთ და ისეთ ადგილს ვუჩენთ ისტორიის წიგნში, რომ დავიწყება აღარ დაგვჭირდეს ხოლმე.

როგორ ავუხსნა ჩემს შვილს, რატომ ვდაობთ იმაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? უფრო მეტიც, საერთოდ გვემახსოვრება 15 წელიწადში რომ რუსეთი ოკუპანტია? 12 წლის წინ ბომბებს გვესროდნენ, ჩვენი თანამემამულეები ომში იღუპებოდნენ, ჩვენ კი მას მერე მხოლოდ იმაზე ვკამათობთ და ვხოცავთ ერთმანეთს, თუ ვინ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები.

მეორეხარისხოვან თემებზე ყურადღების გადატანით მთავარი ყოველთვის გვავიწყდება და ამასობაში, ჟამთასვლასთან ერთად, ეს ყველაფერი შეიძლება სულ სხვა ინტერპრეტაციითაც კი გადაეცეს მომავალ თაობებს. მე უფრო დამიჯერებს ჩემი შვილი, როცა ვეტყვი, რომ რუსეთი ოკუპანტია თუ საინფორმაციო საშუალებებს, გავლენიან ჯგუფებსა და ხელისუფლებებს, რომლებიც მხოლოდ იმაზე ისაუბრებენ, რომ შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ? რატომ უნდა გაიზარდოს ჩემი შვილი დამნაშავის ცნობიერებით? რატომ უნდა ეგონოს, რომ კოლექტიურად მიგვიძღვის ბრალი, მაშინ როდესაც, ჩვენი დანაშაული არარსებული, შეთითხნილი და გამოგონილია?

და რა ვუთხრა ჩემს შვილს, როცა მკითხავს, თუ რატომ გვყავს ქვეყანაში ამდენი დაღუპული ახალგაზრდა და რატომ არსებობს ამდენი გაუხსნელი საქმე? რატომ არ ისჯება არავინ? მეშინია, რომ ერთ დღეს მკითხავს: „მამა, რა მოხდა ხორავას ქუჩაზე?“, „მა, მცხეთაში რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მოკლეს, კარგად თამაშობდა, ხო?“ „თეთრიწყაროს რაიონში რომ გოგო იპოვეს, რა მოუვიდა? ვინ დაიჭირეს?“ მეშინია. უფრო მეტად კი ის მზარავს, რომ სავსებით შესაძლებელია, რამდენიმე წელიწადში ეს ამბები საერთოდაც აღარავის ახსოვდეს. იცით რატომ? იმიტომ, რომ არც მე მახსოვს, რა ხდებოდა 1995, 1998 ან 2000 წელს. ჩვენ არ გვაქვს კოლექტიური მეხსიერება. ჩვენ ყველას ყველაფერს ვპატიობთ. ყველაფერს ვივიწყებთ. თითქოს, რუსული ჩექმის მონობაში ცხოვრების ორასწლოვანმა პერიოდმა თვითგადარჩენის ერთგვარი ინსტინქტი გამოგვიმუშავა. საშინელი ინსტინქტი, რომელიც ყველაფერთან შეგუებას გვაიძულებს და რომელიც საზოგადოებაში დატრიალებულ ნებისმიერ ტრაგედიაზე ავტომატურად ამოქმედებს ჩვენს გონებაში შემდეგ დამოკიდებულებას: ყველაფერი გაივლის.

ყველაფერი გაივლის და დაგვავიწყდება ჯაბა იოსელიანისა და მის მიერ შექმნილი მხედრიონის სისხლისმღვრელი ქმედებები, ბოლოს კი საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დავკრძალავთ და ამას, ერთი-ორი ადამიანიღა თუ გააპროტესტებს. უშედეგოდ.

ყველაფერი გაივლის და ის ადამიანები, რომლებიც 90-იანებში ქუჩებში იარაღებით დარბოდნენ, ერთმანეთს უსწორდებოდნენ, ხალხს ატერორებდნენ და ძალაუფლების ზონებს ინაწილებდნენ, ელფერს შეიცვლიან, ბიზნესმენების მანტიას მოირგებენ და ახლა უკვე სულ სხვა ტერიტორიებსა და სულ სხვა საქმეებს გადაინაწილებენ ერთმანეთში. ჩვენ კი აღარაფერი გვემახსოვრება და ისევ მათი მორჩილების ქვეშ გავაგრძელებთ არსებობას, იარაღის შიშს კი სამსახურის დაკარგვისა და შიმშილის შიში ჩაგვინაცვლებს.

ყველაფერი გაივლის და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ანადგურებდნენ ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს მომავალს, არაფერს აკეთებდენ საკუთარი ჯიბეების გასქელების გარდა და არავის ათქმევინებდნენ – „თანამდებობას აფუჭებსო“, გარდაიქმნებიან, სხვა პარტიებს მიეკედლებიან, ქვეყანას დატოვებენ ან პენსიაზე გავლენ და მერე უკვე სახლებიდან გააგრძელებენ ჩვენს დამოძღვრას დამრიგებლური ტონით. ჩვენ კი დაგვავიწყდება, რომ სულ ცოტა ხნის წინ სწორედ ისინი უწყობდნენ ხელს ჩვენს ჭაობში ჩაფვლას და დახმარების ნაცვლად, ცრუ იმედებით გვავსებდნენ და კიდევ უფრო აჩქარებდნენ ჩვენს საბოლოო ჩაძირვას.

ყველაფერი გაივლის და აღარც ის ახალგაზრდები გვემახსოვრება, დაუნდობელი რეალობის, უსამართლო ცხოვრებისა და სისტემური ჩაგვრის მსხვერპლნი რომ გახდნენ. არც ის ბიჭი გაგვახსენდება, პოლიციის ზეწოლის გამო თავი რომ მოიკლა და სიკვდილის წინ დედას სთხოვა პატიება. არც ის გვეცოდინება, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც 14 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს ორ თანატოლს და არც იმ მამის სახელი გვემახსოვრება, რომელმაც სამართალი ვერ იპოვა, ჩვენ კი აქეთ-იქით ვაპამპულავეთ, ხან რა ვუწოდეთ, ხან რა; ის კი მხოლოდ სიმართლისა და მოკლული შვილის სახელისათვის იბრძოდა. ასე დაგვავიწყდება ყველაფერი და ასე გაიზრდებიან ჩვენი შვილები წარსულის ცოდნისა და გააზრების გარეშე, ისევე, როგორც ჩვენ – 90-იანების მძიმე დანატოვრის, ხოლო ჩვენი წინა თაობები – რუსული იმპერიული და შემდეგ უკვე კომუნისტური წარსულის გადააზრების გარეშე.

ყველაფერი გაივლის და ჩვენ ისევ დავივიწყებთ ყველაფერს.

მე რომ ვინმემ სახელმწიფო დევიზის შეცვლის საშუალება მომცეს, გერბზე ლამაზი ასოებით გამოყვანილ „ძალა ერთობაშიას“ აუცილებლად შევცვლიდი უბრალო მოხაზულობის, ჩვენი ხალხისთვის დამახასიათებელი ოკრობოკროდ დაწერილი სიტყვებით: ყველაფერი გაივლის.

ყველაფერი გაივლის.

აბსოლუტურად ყველაფერი.

ჩვენი გულმავიწყობისა და უპრინციპობის გარდა.