ზესტაფონი, რკოს ყავა და „პასუხისმგებლობიანი“ პოლიტიკოსები

ბექა შათირიშვილი

ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე ერთ-ერთი პოლიტიკოსის პოსტი შემხვდა, რომელშიც ზესტაფონზე საუბრობდა.

პოსტში ეწერა, რომ ზესტაფონი დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალი და მომავალი  მგზავრებისათვის ყავის დასალევ ადგილთან ასოცირდება. ასევე წერდა, რომ აქ ძველად  სოიოსა და რკოსგან ამზადებდნენ ყავას და ურიგო არ იქნებოდა ამ წარმოების თავიდან აღორძინება.

მადლობა მას ამ ლამაზი ისტორიული ექსკურსისათვის, მაგრამ ძალიან ირონიული და თან ნიშანდობლივია, რომ ზესტაფონი, რომელიც მხოლოდ სატრანზიტო ადგილადაა ქცეული და მოსახლეობის რიცხოვნობა წლიდან წლამდე იკლებს, „პასუხისმგებლობიან“ პოლიტიკოსს მხოლოდ კაპუჩინოსა და რკოს ახსენებს.

რკოს ყავაზე პოსტს დაემთხვა ჩემი ზესტაფონში სტუმრობა. ბოლოს აქ 15 წლის წინ ვიყავი. მაშინ ენტეროვირუსმა კინაღამ შემიწირა და დიდი დრო დამჭირდა ამ უსიამოვნო გამოცდილების გადასახარშად.

ვცდილობ, თბილისიდან გაქცევის შანსი  ყოველთვის გამოვიყენო. დედაქალაქიდან თუნდაც ცოტა ხნით წასვლის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია უკეთესი ბუნებრივი გარემოა, მაგრამ აქ ჩამოსულს „ფეროს“ გავლენით თბილისზე უარესი ჰაერი და  ჭიათურის მანგანუმის გამო მტკვარზე უფრო დაბინძურებული ყვირილა გხვდება.

სახლისკენ მიმავალ გზაზე მდინარის გასწვრივ უზარმაზარი ხეები დგას, რომელთა ფუღუროები ნაგავსაყრელადაა ქცეული და ყველა ტიპის პლასტიკატია შეტენილი. როგორც ჩანს, ვიღაცებმა დიდი საწარმოს მიბაძვით ბუნების დაბინძურება პიროვნულ ვალდებულებად მიიღეს და არ ჩამორჩნენ „ჯორჯიან მანგანეზს“.

ამ 15 წელიწადში ბევრი რომ არაფერი შეცვლილა, ეს უკეთ მაშინ გავიაზრე, როცა სახლში მისულს წყალი არ დამხვდა.

ისევ გრაფიკითააო.

ამავე საღამოს ონლაინმედიაში ვეძებდი ზესტაფონის ამბებს და არც თუ სასიამოვნო ნიუსებს შორის ყველაზე მეტად თვალი მომჭრა – „ამიერიდან ზესტაფონს წყალი გ ა უ მ ჯ ო ბ ე ს ე ბ უ ლ ი გრაფიკით მიეწოდება“, რაც აშკარად ღირსშესანიშნავი მოვლენაა. ამან ისევ ძველი დრო გამახსენა, როცა გადადუღებულ წყალს მასმევდნენ, მისი უხარისხობის გამო. ახლანდელი წყლის ხარისხსაც ჩავეძიე და  2018-2019 წლის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში ვნახე, სადაც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მოსახლეობის წყალმომარაგებაა აღნიშნული. ასევე,  გამოკვეთილია ის ფაქტიცა, რომ წყალი არ იწმინდება და ხარისხი არ მოწმდება.

აუდიტის ანგარიში საკმაოდ ვრცელია და უამრავ ხარვეზზეა მითითება. რატომღაც, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი რომ ზედმიწევნით კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ასრულებდეს დაკისრებულ მოვალეობას – პირადად მე ეს უფრო გამიკვირდებოდა.

ჩამოთვლილი შეუსაბამობები, რესურსების არასწორად მართვა და ჩავარდნილი სხვადასხვა პროექტი – დეტალურად გაცნობის შემდეგ ყველაფერი იმდენად კომიკურია, რომ ვერ ხვდები, რიგით კორუფციასთან გვაქვს საქმე, თუ დაუჯერებელ არაპროფესიონალიზმთან.

ერთ-ერთი გამორჩეული შემთხვევა დაქირავებული კომპანიების სამოქმედო ტაქტიკა და შემდგომ ამაზე მუნიციპალიტეტის რეაქციაა. კომპანიები, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასრულებდნენ, ამ საქმისთვის განგებ ირჩევდნენ ზამთრის პერიოდს და შემდგომ უსაზღვროდ წელავდნენ სამუშაო პროცესს. მიზეზად კი ასახელებდნენ უამინდობას, რის შედეგადაც:

„2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა სამუშაოების მიწოდების ვადის მხოლოდ უამინდობის მიზეზით გაზრდის გამო, საჯარიმო სანქციების სახით ვერ მიიღო, სულ მცირე, 16.0 ათასი ლარის შემოსავალი“.

პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსები დიდად არ სწყალობენ ქალაქს და ეს აქაურობის სამწუხარო რეალობაა. ქალაქში სიარულისას წარმატებული ინფრასტრუქტურული პროექტების ნაკლებობა თვალშისაცემია. გულწრფელად რომ ვთქვა, ერთადერთი სიახლე, რაც ზესტაფონში დამხვდა ახლად აშენებული ეკლესიების რაოდენობა და საშაურმეებია. გასტრონომიულ და რწმენის საკითხში პრობლემა არაა. სამაგიეროდ, გასართობი, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის მაგვარს აქ ვერაფერს ნახავ.

ქალაქის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის, ნელა კვდომის პროცესზე გვიყვება სხვადასხვა ადგილას პატარა საგამოფენო სტენდივით მდგარი აბრები, დაფები, კედლები და  ბილბორდები. სკოლის ეზოში, საქართველოს დიდ რუკაზე, ილია ჭავჭავაძის სახე და მისი ფრაზაა გამოსახული. რუკა, სახე და წარწერა სამივე ერთ ტემპში ნელ-ნელა უფერულდება. ერთგვარი შეჯიბრია, რომელი უფრო გაუძლებს დროს.

კედელზე, ვიღაც ცნობილი ზესტაფონელის მემორიალური დაფაა, რომელზეც მისი სახე ჯერ ისევ ჩანს, მაგრამ წარწერა აღარ იკითხება. კორპუსის ეზოში ძველად გაკეთებული კაცების გასართობი სივრცე – დიდი მაგიდა და შუაში შაშის ამოტვიფრული დაფაა, რომელზეც ფიგურების ადგილი თითქმის აღარ ჩანს. ფეროს წინააღმდეგ აქციის პროკლამაციები, საგანმანათლებლო ცენტრის ლოგოები და კიდევ ბევრი მსგავსი მაგალითი – ყველა რაღაც ისტორიას გვიყვება, რაც ნელ-ნელა წყვეტს არსებობას და ქრება. ყველა პატარა და თითქოს უმნიშვნელო დეტალი საერთო სურათს ქმნის, ასევე ნელ-ნელა გამქრალი ქალაქის სურათის.

უფუნქციოდ დარჩენილი ქალაქი, რომელიც აქ მცხოვრებს ვერაფერში ეხმარება – ამის  ყველაზე კარგი ალეგორია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ზუსტად გვერდზე მდგარი შენობაა – ხელის გაწვდენის მანძილზე აღმართული და გადაუდებელი დახმარების მოლოდინში უიმედოდ მყოფი. შენობა მთლიანად გამომწვარი და თითქმის ჩამოშლილია. აი, ზუსტად ისე, როგორც ახლად დაბომბილი ქალაქის შენობაა.

ქალაქის ცენტრალური და პარალელური ქუჩების მიღმა, კერძო ბინებისა და ვიწრო ქუჩების ტერიტორიაზე სეირნობა ძალიან სასიამოვნოა. განსხვავებულად მოჩუქურთმებული ჭიშკრები და დაბალი ღობეები  საშუალებას გაძლევს, თავისუფლად დაათვალიერო შიდა სივრცე და ეს ღიაობა აქაურებს პრობლემას არ უქმნის.

ეზოებში, მეორე სართულზე ასასვლელი ელეგანტურად ნაშენი კიბეები და  ზესტაფონელების საყვარელი პალმის დიდი ხეები რაღაც უცხო და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის და მინდა, რომ უფრო დიდი ხანი ვიყო აქაურობის ნაწილი. აქ ბევრად მშვიდი გარემოა, მაგრამ ვხვდები, რომ ეს სიმშვიდე  მცხოვრებლების ხასიათზე ნაკლებად თუ მიუთითებს. ამ სახლების დიდი ნაწილი ცარიელია.

ჩვენს ეზოში ორივე მეზობლის მხარეს გასასვლელი შიდა კარებია. ეს მარტივი და მოსახერხებელი მიმოსვლის ფორმა ყოველთვის მაოცებდა და ვერ ვხვდებოდი,  თბილისში იგივე რატომ არსად შემხვედრია. დედაქალაქში არათუ შიდა კარები, უზარმაზარი კედლებითაა სახლები დაშორებული. აქ კი პარალელურად ჩაწყობილი სახლების ეზოებს ერთმანეთისგან ბევრი არაფერი აცალკევებს, მაგრამ შიდა კარებს დიდი გამოყენება აღარ აქვს, რადგან მეზობლები აღარ არიან. ამ ქუჩაზეც ბევრი სახლია ისეთი, რომელთაც მხოლოდ ზაფხულში თუ სტუმრობენ და კიდევ უფრო მეტია გასაყიდად გამოტანილი.

ხალხის გაქცევისა და ქალაქის გაუფერულების მთავარი მიზეზი ფეროს ქარხანაა. თავის დროზე, 1933 წელს, ეს ქარხანა იყო მიზეზი ზესტაფონის გაზრდისა და განვითარების, მაგრამ დიდი ხანია, ეს ყველაფერი შეიცვალა. საწარმოს მუშაობასთან დაკავშირებით ძალიან საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ კანონის თანახმად, ფეროს ეს ნებართვა დიდი ხნის წინ უნდა აეღო, მაგრამ, დღეის მდგომარეობით, საწარმო საქმიანობის გაგრძელების უფლების გარეშე ოპერირებს.

კანონის უხეში დარღვევის გამო, საწარმო არაერთხელ დაჯარიმდა, მაგრამ ეს ფაქტი არა მგონია, დიდად პრობლემური იყოს მათთვის. ქალაქის ნებისმიერი ადგილიდან ჩანს ქარხნის უარყოფითი გავლენა  – ოლიმპიური ცეცხლივით მუდამ გამონაბოლქვი.

მოსახლეობის დამოკიდებულება ფეროს მიმართ არაა საიდუმლო – საწარმო კლავს, მაგრამ რაიმე საპროტესტო მოძრაობა არ არსებობს. საწარმოს წინააღმდეგ კედლებზე გაკრული პროკლამაციები მთელ ქალაქში ჩამოხეულია. ბოლო აქცია გაზაფხულზე გაიმართა, მაგრამ სოცქსელში ნანახი ვიდეოდან შეიძლება ითქვას, რომ მასშტაბები არ იყო დიდი. მოსახლეობა შეგუებულია.

ის ფაქტიც ძალიან ნიშანდობლივია, რომ ზუსტად „ფეროს“ ქარხანასთანაა ზესტაფონის სასაფლაო. საწარმო განაგებს ყველაფერს ამ ქალაქში, მათ შორის, სიცოცხლესა და სიკვდილს.


*ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.