BMG: ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორობიდან გაათავისუფლეს

პუბლიკა

BMG-ის წყაროების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გამოცემას წყაროები ეუბნებიან, ვანო ზარდიაშვილის გადადგომა 24-25 ივლისს ელექტროენერგიის მთელ საქართველოში გათიშვას უკავშირდება.

მედიის ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადება ვანო ზარდიაშვილმა პარასკევს, 31 აგვისტოს დაწერა და ამჟამად, ოფიციალურად, შვებულებაშია.

ეკონომიკის სამინისტრო ვანო ზარდიაშვილის შვებულებას ადასტურებს, თანამდებობიდან გათავისუფლებას – არა.

ვანო ზარდიაშვილი, რომელიც წარსულში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურ დირექტორად 2025 წელს დაინიშნა.


24 ივლის, დაახლოებით 00:20 საათიდან და 25 ივლისს 08:00 საათზე ელექტროენერგია მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოირთო.

სახელმწიფო ელექტროსისტემა აცხადებს, რომ მომხდარის მიზეზის დადგენაზე მუშაობს. საკითხს სწავლობს სემეკიც.

25 ივლისს გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

30 ივლისს წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის მარეგულირებელმა კომისიამ

გათიშვის შესახებ პირველადი დასკვნა წარადგინა.

დასკვნის მიხედვით, 24 ივლისს, დაახლოებით, 00:10 წუთზე საქართველოს ენერგოსისტემა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან გამოეყო და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა, შედეგად დაიწყო ელექტროსადგურების და მომხმარებლების ე.წ. კასკადური გამორთვა და ელექტროენერგია სრულად გაითიშა.

აღნიშნული ფაქტის განმაპირობებელი ერთ-ერთი გარემოება, დღეის მდგომარეობით და სსეს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გახდა ქვესადგურ „ქუთაისი 220“-დან გამომავალი 110 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „გეგუთი“, რომელიც წარმოადგენს სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებას.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა არ უნდა დალოდებოდა ელექტროგადამცემ ხაზებზე სრულფასოვნად სწრაფმოქმედი დაცვების მოწყობას და უნდა განეხორციელებინა არსებული რეალური დაცვის და ავტომატიკის გადაანგარიშება, რათა მინიმუმამდე დაეყვანა თუნდაც აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნების შესრულებისთვის.

მოცემული საკითხი საჭიროებს ორი მიმართულებით კვლევას. პირველი – გახლავთ კავშირის გაწყვეტა აზერბაიჯანთან და მეორე საკითხი – საქართველოს ენერგოსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობის უნარიანობის ნაწილში“, – განაცხადეს სემეკის სხდომაზე.

31 ივლისს გამოეხმაურა „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძე.

მისი თქმით, არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა.