ბოკუჩავა: კვოტირებას აუქმებენ, რომ თავიანთი ფეოდალებისთვის გაათავისუფლონ ადგილები

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კვოტირების გაუქმების ინიციატივასთან დაკავშირებით „გირჩისა” და „ქართული ოცნების” შეთანხმებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას აუქმებენ იმის გამო, რომ თავიანთი „კორუმპირებული ფეოდალებისთვის” გაათავისუფლონ პარლამენტში ადგილები.

„ქალების დევნის ახალ პლაცდარმს ქმნიან აქ პარლამენტში და პოლიტიკიდან ქალების განდევნის მიზნით, კვოტირებას აუქმებენ, რატომ? იმიტომ, რომ ნაკლებმა ქალმა ისაუბროს ქალების ეკონომიკურ პრობლემებზე; რატომ? იმიტომ, რომ ისევ თავისი, კორუმპირებული ფეოდალებისთვის გაათავისუფლონ ადგილები პარლამენტში”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„გირჩი” გამოდის ინიციატივით, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება და გაუქმდეს ყველა ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას მოითხოვდა.

კერძოდ, პარტია მოითხოვს კანონიდან სრულად ამოიღონ 203-ე მუხლი, რაც საპარლამენტო სიებში პარტიებისთვის გენდერული კვოტის დაცვის ვალდებულებას აჩენდა.

კანონპროექტში შეთავაზებულ ცვლილებებს ექნება მმართველი პარტიის მხარდაჭერა. როგორც ბიუროს სხდომაზე განიხილეს, ამ საკითხზე შეხვედრა შედგა „გირჩისა” და უმრავლესობის ლიდერებს შორის, ხოლო „ქართული ოცნება” სრულად იზიარებს ცვლილებებს – ბექა დავითულიანმა თქვა, რომ სანაცვლოდ, მმართველმა პარტიამ მიიღო დაპირება, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში, „გირჩი” ორიენტირებული იქნება კანდიდატის „პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზე”.