ბოლოდან მე-8 ადგილი – ქართველი მოსწავლეების შედეგები წიგნიერებაში

პუბლიკა

დღეს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წლის PISA-ს შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, საქართველოს 380 ქულა აქვს  წიგნიერების ნაწილში. მათემატიკაში 398 ქულა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – 283 ქულა.  გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ 2015 წელთან შედარებით საქართველოს მონაცემები ყველა კომპონენტში მცირედით გაუარესდა.

კვლევის უფრო დეტალური შედეგები აჩვენებს, რომ კითხვის კომპონენტში საქართველო მიღებული ქულის მიხედვით, ბოლოდან მე-8 ადგილზეა და უფრო ნაკლები ქულა აქვს ვიდრე ქვეყნებს: ყაზახეთს, ბაქოს (აზერბაიჯანი), ჩრდილო მაკედონია, ტაილანდი, საუდის არაბეთი, პერუ და ა.შ.

 PISA-ს კითხვის ტესტში მიღწევების სკალა დაყოფილია შვიდ დონედ. თითოეულ დონეზე მოსწავლეთა შედეგები აღიწერება სამი პროცესის მიხედვით, რომელთაც მოსწავლე ტესტზე მუშაობის დროს იყენებს. ეს პროცესებია: ა) „ინფორმაციის მოძიება“ (გულისხმობს ინფორმაციის პოვნის, შერჩევისა და შეერთებისათვის საჭირო უნარებს); ბ) „ინტეგრირება და ინტერპრეტაცია“ (გულისხმობს ინფორმაციის დამუშავებას და აზრის გამოტანას); და გ) „გააზრება და შეფასება“ (გულისხმობს ტექსტთან ნაკლებად დაკავშირებული, „გარე“ ცოდნის, იდეებისა და ფასეულობების გამოყენებას ტექსტის შესაფასებლად). 

მათემატიკის კომპონენტში საქართველო მიღებული ქულის მიხედვით, ბოლოდან მე-13 ადგილზეა და უფრო ნაკლები ქულა აქვს ვიდრე ქვეყნებს: პერუს, კოსტა რიკას, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მექსიკას, ყატარს, ჩილეს და ა.შ.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საქართველო მიღებული ქულის მიხედვით, ბოლოდან მე-6 ადგილზეა და უფრო ნაკლები ქულა აქვს ვიდრე ქვეყნებს: ლიბანი, საუდის არაბეთს, ინდონეზიას, ყაზახეთს, ბაქოს (აზერბაიჯანს), ბოსნია და ჰერცოგოვინას და ა.შ.

კვლევის შედეგების პრეზენტაციისას ასევე ისაუბრეს პოზიტიური ტენდენციების შესახებ, უფრო კონკრეტულად კი, სქესთა შორის განსხვავება კითხვაში 2009 წელთან (61 ქულა) შედარებით, 2018 წელს (38 ქულა) ნაკლებია.

საქართველოში შეჭირვებული და პრივილეგირებული მოსწავლეების მიღწევებს შორის სხვაობა კითხვაში (68 ქულა) უფრო მცირეა, ვიდრე OECD-ის ქვეყნებში (89 ქულა).

შეჭირვებული და პრივილეგირებული მოსწავლეების მიღწევებს შორის სხვაობა კითხვაში 2018 წელს (68 ქულა) 2009 წელთან (87 ქულა) შედარებით შემცირდა.

PISA-ს კვლევა 2000 წლიდან ყოველ სამ წელიწადში ტარდება და ამოწმებს ცოდნას სამ სფეროში: კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

საქართველო მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში (PISA), როგორც პარტნიორი ქვეყანა, 2009 წლიდან ჩაერთო, შემდეგ მან მონაწილეობა 2015 და 2018 წლების ციკლებში მიიღო, განსხვავებით 2012 წლისგან. ამ ციკლში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია.

PISA 2018 ციკლის კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 326 სკოლიდან 5572-მა მოსწავლემ. PISA 2018-ის ტესტებში მიღებული ქულები (ანუ ის ერთეულები, რომლებშიც შეფასების შედეგები არის გამოსახული) ერთმანეთს ადარებს როგორც ქვეყნებს, ასევე PISA-ს წინა ციკლების შედეგებს. PISA-ს შედეგების ინტერპრეტაციის გასამარტივებლად შეფასების სკალა დაყოფილია მიღწევის დონეებად.

PISA 2018-ში 79 მონაწილე ქვეყნიდან 70 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სკოლების მოსწავლეებმა ტესტი შეასრულეს კომპიუტერულ ფორმატში, ხოლო დანარჩენი ქვეყნის მოსწავლეებმა – ქაღალდზე.