ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს 20 და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, ოქტომბერში გორში დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს 20 და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ასევე, პროკურატურის ცნობით, ამავე საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, გორში, ოთხი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბარათს და ფულად თანხას.

აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი მდინარე მტკვარში გადააგდეს”, – ამბობენ პროკურატურაში.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მომხდარის შესახებ ბრალდებულებმა უთხრეს მეგობარს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

„სამართალდამცველებმა ხუთივე ბრალდებული 10 ოქტომბერს დააკავეს. ოთხს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობის მუხლებით წარედგინათ. ხოლო ერთ პირს განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულების შეუტყობინებლობისთვის წარედგინა ბრალდება.

გორის რაიონულმა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში ხუთივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის”, – ამბობენ პროკურატურაში.