ბრიტანეთის საელჩო: გვიწევს, გავაუქმოთ საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობის მხარდაჭერას

პუბლიკა

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას აქვეყნებს.

საელჩო წერს, რომ უწევთ, გააუქმონ საგრანტო წინადადებები, რომლებიც „მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“.

საელჩო მიზეზად „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმების ან ვადების არარსებობას ასახელებს.

„გაერთიანებული სამეფო კეთილსინდისიერად ცდილობდა მოეპოვებინა გრანტის დამტკიცების შესახებ თანხმობა რიგ პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამომრჩეველთა განათლებისა და მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აქტივობები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღირებულ საქმიანობად მიიჩნია.

თუმცა, საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ, გვაცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.

სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო, გვიწევს, გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“, – წერია განცხადებაში.

საელჩო ასევე წერს, რომ „ოცნებას“ ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნებისთვის.

მათი თქმით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პროფესიონალურად მომზადებული დამკვირვებლების არარსებობა შესაძლოა ჩაითვალოს უკუსვლად, რაც შეამცირებს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობის მიმართ.

„ვწუხვართ, რომ საქართველოში ბოლო მუნიციპალური არჩევნებისგან განსხვავებით, მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირის-ის სადამკვირვებლო მისია და ასევე არ ხდება მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგისთვის აუცილებელი საქმიანობის ხელშეწყობა.

პროფესიონალურად მომზადებული დამკვირვებლების არარსებობა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობენ, შესაძლოა ჩაითვალოს უკუსვლად, რაც შეამცირებს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობის მიმართ საქართველოში.

დიდი ბრიტანეთი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას დიალოგისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და წუხს ამ დაკარგული შესაძლებლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების ობიექტური, პროფესიონალური და გამჭვირვალე მონიტორინგის ხელშეწყობას“, – წერია განცხადებაში.


2025 წლის 16 აპრილს „ოცნებამ” დაამტკიცა ცვლილებები, რომლებითაც მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტის გაცემა აიკრძალა. კერძოდ, დონორებს გრანტის გასაცემად მთავრობის ან უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა დასჭირდებათ. აპრილში მიღებული კანონით, საჭირო გახდება მთავრობის ან უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა გრანტის მიზნის ცვლილებისთვის.