ბრიტანეთის სამეფო ოპერის თეატრის და ბელგიის ეროვნული ოპერის წარმომადგენლები ბრიტანეთის და ბელგიის პრემიერ-მინისტრებს პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმეტს წერილით სამეფო ოპერის ქასთინგის დირექტორმა, პიტერ კატონამ მიმართა. კატონა წერს, რომ ბურჭულაძე „ისჯება საჩვენებლად მათთვის, ვინც ბედავს რეჟიმის წინააღმდეგ წასვლას“.
„გწერთ, რათა თქვენი სასწრაფო ყურადღება მივაპყრო მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლისა და ჩვენი ძვირფასი მეგობრის, პაატა ბურჭულაძის მდგომარეობას, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია და მის მიმართ გამოძიებას აწარმოებს პრორუსული, ავტორიტარული რეჟიმი საქართველოში.
ბატონ ბურჭულაძის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სრულიად შეთხზული და უკანონოა. ის იდევნება მხოლოდ მმართველი რეჟიმის მიმართ მისი კრიტიკული პოზიციის გამო.
სამწუხაროდ, პაატა ბურჭულაძე ახლა საქართველოში არსებულ 100-ზე მეტ პოლიტპატიმარს შორისაა. ბოლოდროინდელი მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, ხოლო 300-ზე მეტმა განაცხადა წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ.
თქვენი ყურადღება და სოლიდარობა დიდ მნიშვნელობას შეიძენს ქართველი ხალხისთვის, რომელიც თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული მომავლის შესანარჩუნებლად იბრძვის“, – აცხადებს პიტერ კატონა.
პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით ბელგიის პრემიერ-მინისტრს მიმართა კრისტინა შეპელმანმა – ბელგიის ნაციონალური ოპერის (La Monnaie) გენერალურმა სამხატვრო დირექტორმა ბრიუსელში.
თავის წერილში მან დაწერა:
„აშკარაა, რომ პაატა ბურჭულაძე ვერ მიიღებს სამართლიან სასამართლოს. სხვა პოლიტპატიმრების მსგავსად, მისი ფუნდამენტური უფლებები ირღვევა და ის ისჯება, როგორც გაფრთხილება სხვებისთვის, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ წასვლას ბედავს“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ 7 მაისს პაატა ბურჭულაძეს 4 ოქტომბრის საქმეზე 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბურჭულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას – ჩადენილს ჯგუფურად.