ცესკომ არჩევნების მეორე ტური დანიშნა

პუბლიკა

„დღეს ცესკომ დანიშნა მეორე ტური, რომელიც გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს”, – ამის შესახებ  ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ განკარგულება დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-6 საკითხი იყო.

დღეს, 13 ნოემბერს ცესკოს სხდომა გაიმართა, სადაც საოლქო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი საჩივრები არ დააკმაყოფილა.

სხდომა 18:00 საათზე დაიწყო და დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. შენობის გარეთ გაიმართა საპროტესტო აქციაც.

გიორგი შარაბიძე ბრიფინგზე ამ საკითხსაც გამოეხმაურა:

„საარჩევნო ადმინისტრაციამ მოუსმინა ყველა სუბიექტს, მათ შორის ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას საჩივრებთან დაკავშირებით და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი სხდომა მიმდინარეობდა კანონის პროცედურების სრული დაცვით, თუმცა ადგილი ჰქონდა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე მის წევრებზე ზეწოლის მცდელობას, ასევე გარკვეულწილად მუქარის შემცველ განცხადებებსაც. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ცესკო ახორციელებს კანონით დადგენილ უფლებამოსილებებს”, – განაცხადა მან.