„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრებმა ცესკოსთან ჩალა მიიტანეს

პუბლიკა

„ეს არის სიმბოლური აქცია „სტრატეგია აღმაშენებლის”, ჩვენ მშვიდად არ შეგვიძლია იმის ყურება, რაც ცესკოს შენობაში ხდება. ეს მოვიტანეთ იმის ნიშნად, რომ ეს ქვეყანა ჩალით გადახურული არ არის. მათ თავიანთი ქმედებებით უნდათ, რომ ეს ქვეყანა დაამსგავსონ ბიძინა ივანიშვილის ფანჩატურს და ამ ჩალით გადახურონ, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ”, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელი ცესკოს შენობასთან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც გასაჩივრებული  ოქმების განხილვა მიმდინარეობს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებსა და კომისიის წევრებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საქმეში დაცვის პოლიციის ჩართვაც გახდა საჭირო. შედეგად, დაძაბულობის განსამუხტად, თამარ ჟვანიამ შესვენება გამოაცხადა.

ცესკოს სხდომაზე თამარ ჟვანიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს 20 წუთი მისცა იმისთვის, რომ საჩივრების შესახებ ესაუბრა, რაც ოპოზიციონერებმა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ეს დრო მხოლოდ ერთი საჩივრის განხილვისთვის იქნებოდა საკმარისი.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა თამარ ჟვანიას უთხრა, რომ მას საერთოდ არ უნახავს საჩივრები და არ იცის, რომელ ოქმებს აჯამებენ. გოგორიშვილმა პროცედურულ დარღვევებზე ისაუბრა. მისი კითხვა იყო, რას აჯამებს დღეს ცესკო – უბენბის ოქმებს თუ ოლქების ოქმებს.

საპასუხოდ, ჟვანიამ თქვა, რომ გოგორიშვილი სხდომაზე საჩხუბრად და პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლადაა მისული.

„ან ილაპარაკებთ საჩივარზე, ან დატოვებთ სხდომას. სხდომას ურევთ და დატოვებთ. ქალბატონო ხათუნა, თქვენ აქ სხდომის წამყვანი ხომ არ გგონიათ თავი, თუ არ დაწყნარდებით სხდომის დატოვება მოგიწევთ. უკვე რამდენჯერმე მოგეცით გაფრთხილება“, – განაცხადა ჟვანიამ.

ამის შემდეგ ჟვანიამ სხდომაზე გოგორიშვილის გაძევების საკითხიც დააყენა.

ხათუნა გოგორიშვილის შემდეგ სხდომაზე ლევან თარხნიშვილმა, გიორგი კანდელაკმა და ოთარ კახიძემ ისაუბრეს.

 

LB loan image desktop LB loan image mobile