ცესკოს განცხადებით, 5 უბნის გადათვლის მიუხედავად, შედეგები უცვლელი დარჩა

პუბლიკა

ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ წუთებშიც განიხილება განცხადება-საჩივრები კენჭისყრის დღესთან, მათ შორის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საბურთალოს, ბოლნისის, ხაშურისა და ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადაითვალეს თითო-თითო უბნის მონაცემები და შედეგები უცვლელი დარჩა.

კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში დამკვირვებელი ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნებისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მოთხოვნის საფუძველზე, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაითვალეს ბათილი ბიულეტენები, თუმცა ამ პროცესის შემდეგ არ დამდგარა შედეგების გასწორების საჭიროება.

„რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორის და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს, აქაც დასრულდა საჩივრების განხილვის პროცესი და ჩვენ ხვალ დილით მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას შედეგების შესახებ“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, საჩივრების განხილვის პროცესი საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება და საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით გაავრცელებს დეტალურ ინფორმაციას თითოეულ საარჩევნო ოლქში განხილვის შედეგების თაობაზე.

„საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.


4 ნოემბერს 20:00 საათიდან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტების საოლქო საარჩევნო კომისიებთან საპროტესტო აქციებს ამ დრომდე მართავენ.