ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციაზე 6 პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს – ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრლიმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმრჩილებლობას გულისხმობს.

მანამდე კი საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე 3 პირი დააკავეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ დაკავებულთაგან ერთი პირი პარტიის შტაბის წევრია, ხოლო 3 –  სამოქალაქო აქტივისტი. მისივე თქმით, აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან პოლიცილების გარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც არიან მობილიზებული და პირველად დახმარებას უწევენ დაშავებულებს.

„ეს არის ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი ახალგაზრდული ორგანიზაციიდან, როგორც ვხვდები, მხარი აქვს მოტეხილი, ან ამოვარდნილი. აქ წარმოუდგენელი რაღაც ხდებოდა. კიდევ ერთი გოგოა დაშავებული. დაასისხლიანეს ადამიანები. წარმოუდგენელი ამბავი ხდებოდა. რაც მე დავინახე, 4 ადამიანი დააკავეს. აქეთ ახოხიალეს ხალხი იმის გამო, რომ ჩვენ ვაპროტესტებთ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმოუდგენელ უსინდისობასა და გაყალბებას, არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

„პუბლიკა“ დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას შინაგა საქმეთა სამინისტროსთან აზუსტებს და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


დღეს, 4 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს სხდომები, სადაც საჩივრები განიხილება. ამის პარალელურად 20:00 საათიდან სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. უბნებზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, თავიანთ წარმომადგენლებს შენობებში არ უშვებენ. მათ საჩივრების განხილვაზე დასწრება სურთ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საარჩევნო კომისიები საჩივრებს განუხილველად ტოვებენ.

ცესკოს წარმომადგენელმა კი ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ადგილი აქვს გარკვეული არაუფლებამისილი პირების მიერ მცდელობას – დაესწრონ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებს, ამასთანავე ადგილი აქვს ზეწოლის  მცდელობას“.