ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი წარადგინეს, ხოლო ცესკოს წევრის 3 ვაკანტურ თანამდებობაზე – მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.
კანდიდატები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა და იურიდიულ კომიტეტს გადაეცა.
გიორგი შარაბიძე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეა, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი კი – ცესკოს მოქმედი წევრები.
გიორგი კალანდარიშვილს, 2021 წლიდან მოყოლებული, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე მეოთხედ უყრიან კენჭს.
„19 აპრილის შეთანხმების“ შედეგად, საარჩევნო კოდექსის მიხედვით გათვალისწინებული იყო, რომ თუ კანდიდატი 100 დეპუტატის მხარდაჭერას ვერ მიიღებდა, ის განმეორებითი კენჭისყრით 6 თვის ვადით ირჩეოდა. გიორგი კალანდარიშვილმა 100 დეპუტატის მხარდაჭერა ვერცერთხელ ვერ მიიღო.
ამის შემდეგ თავმჯდომარის არჩევის წესი ორჯერ შეიცვალა – ცესკოს თავმჯდომარის 5 წლით არჩევისთვის თავდაპირველად 76 ხმა განისაზღვრა, შემდეგ კი კოდექსში ახალი ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ასარჩევად საჭიროა 90 ხმა.
თუ მას კანდიდატი ვერ მოაგროვებს, განმეორებით კენჭსიყრაზე ორჯერ 76 ხმის მიღების შემთხვევაში ის პოსტს 5 წლით დაიკავებს.
კანდიდატებთან გასაუბრება შესარჩევმა კომისიამ გუშინ, 11 აპრილს გამართა.
გასაუბრებების ჩატარებამდე, შესარჩევი კომისია სამმა წევრმა, ნინო ჩხობაძემ, ზაურ ხალილოვმა და პრეზიდენტის წარმომადგენლემა ლევან შენგელიამ დატოვეს.
როგორც ლევან შენგელიამ მედიას განუმარტა, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ჩხობაძემ და ხალილოვმა მოსმენის რუსული კანონის განხილვის შემდეგ გადატანა ითხოვა, ამის მიუხედავად, პროცესი მაინც გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად გაბისონიამ განმარტა, რომ კომისიას შეზღუდული ვადები ჰქონდა და ვერ გადადებდნენ.