ბელორუსში 14 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს, მათ შორის სერგეი ტიხანოვსკი

პუბლიკა

ბელორუსში 14 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს, მათ შორის სერგეი ტიხანოვსკი. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ბელორუსული მედია Наша Нiва-მ გაავრცელა.

პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ ასევე განაცხადა ბელორუსში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის თანაშემწე ჯონ კოულმა.

„პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის შედეგად დღეს ბელორუსიიდან 14 პატიმარი გაათავისუფლეს. მადლობა ლიეტუვის მთავრობას თანამშრომლობისა და დახმარებისთვის – ისინი ნამდვილ მეგობრებად და მოკავშირედ რჩებიან“. – ნათქვამია კოულის პოსტში.

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ვილნიუსში ქმართან შეხვედრის ვიდეო თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 30 წელზე მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს ათიათასობით ადამიანი. რამდენიმე დემონსტრანტი აქციების დროს დაიღუპა.

თუცმა, სერგეი ტიხანოვსკი ლუკაშენკოს რეჟიმმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე დააპატიმრა. ტიხანოვსკი თავად აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას და პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას. დაპატიმრების შემდეგ კანდიდატად მისი მეუღლე, სვეტლანა ტიხანოვსკაია დარეგისტრირდა. თუმცა, საბოლოოდ მას ქვეყნის დატოვება მოუწია.

სერგეი ტიხანოვსკის 2021 წელს მიუსაჯეს 18-წლიანი პატიმრობა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

2025 წლის 21 ივნისს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში, კიტ კელოგი. ის ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.

„როიტერის” ვარაუდით, კელოგი ამ ვიზიტს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების პოტენციურ შესაძლებლობად მიიჩნევდა.