ჩამობრძანდეს, მას ელოდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა - წულუკიანი სააკაშვილზე

პუბლიკა

„ეს არის ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას, უარი თქვა სამშობლოზე, უარი თქვა მოქალაქეობაზე და ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ისინი არიან პოლიტიკურად გაკოტრებული და ვერ გეგმავენ, როგორ იქონიონ რამე ტიპის პოლიტიკური მომავალი. სააკაშვილზე ჩამოკიდებული პარტიისთვის პოლიტიკური მომავალი ნულის ტოლია“, – ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას.

თეა წულუკიანი იმედს გამოთქვამს, რომ სააკაშვილის შესახებ სერიოზული საუბარი საქართველოში მალე დასრულდება.

„თუ ის გადაწყვეტს ჩამოსვლას, ჩამობრძანდეს, არ არის პრობლემა, მას ელოდება, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. არსებობს განაჩენი, ეს არ არის  არავითარი მუქარა, ეს არის ფაქტი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს, რადგან მართლმსაჯულება ელოდება.

„არც ამ ადამიანს და არც მის მხარდამჭერ პარტიებს იმის რესურსი არ აქვთ, რომ ქართულ პოლიტიკურ გარემოზე რაიმე გავლენა მოახდინონ. ეს ადამიანები არიან ქართული პოლიტიკის წარსული, მათ უმძიმესი დანაშაული აქვთ ჩადენილი. მისი კანდიდატურის დასახელებით მისი მხარდამჭერი პარტიები აღიარებენ, რომ ამ დანაშაულში მისი თანამზრახველები არიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარიაც იზიარებს თანაგუნდელების პოზიციას იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა თავისი დანაშაულებისთვის პასუხი უნდა აგოს.

„მე მგონია, რომ ეს განცხადება უკვე კომედიურ ჟანრს სცდება და უკვე ფსიქიატრიულის განხრით მიდის. დიდი სინანულით მინდა ვთქვა იმ ბინადართა მიმართ, ვინც იქ არიან, მაგრამ იქ პრემიერებიც არიან, მაკედონელებიც, ნაპოლეონებიც, ასე რომ, ამ არეალში შეიძლება ამის განხილვა. მაგრამ მგონია, რომ ეს აკვიატება მალე გაივლის და მომავალში სააკაშვილს ვხედავ გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად, რომელიც ძალიან შრომისმოყვარე კაცია, რომელიც კერავს იქ ქუდებს, ხელთათმანებს. კანონი უნდა აღსრულდეს, მისჯილი აქვს და აუცილებლად მოხდება პენიტენციურ დაწესებულებაში. შემდეგ, თუ რამე მართლაც არის, შეიძლება სამკურნალო დაწესებულებაში გადავიდეს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.


„ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. ამის შესახებ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. სწორედ ამიტომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრობაზე. ყველა დანარჩენ საკითხზე პრეზიდენტი საღამოს ისაუბრებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ სააკაშვილის ფიგურა ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციას იწვევს, რაც მხოლოდ მმართველ პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხელს. გიგა ბოკერიას შეფასებით, ენმ-ს 2012 წლამდელ საქართველოში დაბრუნება სურს.