საზოგადოებას ეგ კი არ აწუხებს, არამედ ის, რომ არის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი - კაპანაძე სააკაშვილზე

პუბლიკა

„ძალა ერთობაშიას“ მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელებას  „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე გამოეხმაურა.

კაპანაძე ამბობს, რომ საზოგადოებას სხვა მოთხოვნა აქვს, უნდა დასრულდეს ერთპიროვნული მმართველობა და ყურადღება უნდა მიექცეს იმას, როგორ დააღწევს თავს ქვეყანა კრიზისს.

„მგონია, რომ საზოგადოებას აქვს სრულიად სხვა მოთხოვნები, ვიდრე საუბარი იმაზე, ერთი კონკრეტული პოლიტიკოსი დაბრუნდება თუ არა და როგორ დაბრუნდება საქართველოში. რათქმაუნდა, პოლიტიკური დევნილები არ უნდა იყვნენ საქართველოში და ყველას უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში, თუმცა ეს არ არის მთავარი თემა. საზოგადოებას ეგ კი არ აწუხებს, არამედ ის, რომ არის უმძიმესი ეკონომიკრი კრიზისი, დღეს ადამიანები ცხოვრობენ სიღარიბეში არის სიღატაკე, მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს 3-4 ლარზე დღეში, წინასაარჩევნოდ ეს ადამიანები უყურებენ იმას, თუ რომელი პოლიტიკური ძალა რას სთავაზობს მას ამის შესაცვლელად და ამრიგად, ამ იგივე წრეზე სიარული, რომ ერთმა კაცმა უნდა მართოს და ერთი კაცის გეგმით უნდა ვიაროთ არის მოძველებული. ეს წინასაარჩევნო გარემო განხვავდება ძველი გარემოებისაგან სწორედ ამით, რომ ეს არის იდეების და ხედვის ჭიდილი, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება კი ისევ და ისევ ძველ წრეზე ტრიალია. ჩვენ კი გვაქვს ხედვა და გეგმა, თუ როგორ გამოვიდეთ ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან“, – აცხადებს სერგი კაპანაძე

„ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. ამის შესახებ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. ზუსტად ამიტომ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრობაზე. ყველა დანარჩენ საკითხზე პრეზიდენტი საღამოს ისაუბრებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.