ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, დავტოვო მანდატი - ჩაჩიბაია

პუბლიკა

ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, დავტოვო მანდატი – ამის შესახებ „დროებასთან” „ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაია აცხადებს.

მისი თქმით, მანდატის დატოვების სურვილი აქვს, თუმცა დარჩება პარტიის ერთგულ წევრად.

ვლადიმერ ჩაჩიბაია და დავით სერგეენკო – ესენი არიან „ქართული ოცნების” ის წევრები, რომლებიც ესწრებოდნენ კენჭისყრას და რუსული კანონის სასარგებლოდ ხმა არ მისცეს.

„მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად. იცით, რომ 30 წელი ვიყავი ჯარში. ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან და ვნახოთ. მაგრამ ამავდროულად მე ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგული წევრი…

ჩემი პირადი სურვილი არის, რომ დავტოვო მანდატი, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ ალბათ საჯარო სამსახურში ან ნებისმიერ სხვა სამსახურში უფრო მეტად მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, ვიდრე საპარლამენტო ცხოვრებაში.

ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა ჩემი მხრიდან მიღებული, ესეც არ მაძლევს იმის უფლებას და საშუალებას, დავრჩე პარლამენტში, ესეც არის ჩემი გარკვეული შინაგანი გამოძახილი, [ხმის არმიცემას ვგულისხმობ]…

მანდატს დავტოვებ და გამოვალ ალბათ პარლამენტიდან, თუმცა საბოლოოდ მაინც პარტიის ხელმძღვანელობასთან გავისაუბრებ, მაგრამ ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს.

მქონდა კომუნიკაციები, ყველამ იცის ჩემი პოზიცია, თუმცა ვნახოთ, არის რაღაც, რაც საჭიროებს დამატებით განხილვას”, – თქვა ჩაჩიბაიამ.