„ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი“ | კახა კალაძის მიმართვა

პუბლიკა

თბილისის მერობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან“, კახა კალაძე თბილისელებს მიმართავს. მიმართვაში კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისი ზუსტად ასახავს  ერის ხასიათს – მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისა და განვითარებისაკენ, მის მრავალფეროვნებასა და შემწყნარებლობას.

„თბილისი ნათელი ქალაქია, ღია და გულწრფელი ურთიერთობების ქალაქი. მახსოვს ჩემი ბავშვობის თბილისი, უკიდურესი გაჭირვების დროსაც კი, ამ ქალაქს არასოდეს დაუკარგავს საოცარი სითბო, რომელსაც თბილისელები ერთმანეთს უზიარებდნენ.

კარგად მესმის, რამხელა პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, მეორე ვადით განვაგრძო დაწყებული საქმე და ბოლომდე მივიყვანო ყველა რეფორმა და პროექტი, განვახორციელო ის გეგმები, რაც ასე სჭირდება თბილისს.

მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვიყავი ერთადერთი კანდიდატი, რომელიც საუბრობდა მხოლოდ თბილისზე, მის საჭიროებებზე, თბილისის განვითარების პერსპექტივებზე, რის გაკეთება შევძელი ჩემს გუნდთან ერთად და რას ვაპირებთ მომდევნო 4 წლის მანძილზე.

თუმცა, მეგობრებო, მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ყველას, რომ 30 ოქტომბერს ჩვენ არა მხოლოდ თბილისის მერს, არამედ იმ ფასეულობებს ვირჩევთ, რაზეც მუდამ იდგა თბილისი – ეს არის ღირსება, თავისუფლება, სამართლიანობა.

სწორედ ამ ფასეულობების დასაცავად, 2012 წლის 1 ოქტომბერს და ახლაც, 2021 წლის 2 ოქტომბერს თბილისმა, მთელ საქართველოსთან ერთად, აჩვენა ყველას, რომ არ დაუშვებს ბოროტებისა და ძალადობის ყოფნას და დაბრუნებას ამ ქვეყნისა და ქალაქის სათავეში.

ბოროტების, სიძულვილისა და სიცრუის დამარცხებით, საბოლოოდ უნდა დასრულდეს საზოგადოების დაყოფა, რომელიც თბილისისთვის ორგანულად უცხოა. ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი, სადაც მხარს მიჭერენ ან არ მიჭერენ. ჩემთვის არსებობს ერთი თბილისი, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავალამაზოთ, გავხადოთ საცხოვრებლად უფრო კომფორტული და უსაფრთხო, გავხადოთ უფრო მწვანე და ჯანსაღი, ისეთი, რომლითაც ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს და იამაყებს, სადაც ყველა სიკეთეს თითოეული ადამიანი საკუთარ უბანში, საკუთარ თავზე იგრძნობს“, – ამბობს კახა კალაძე.

ხვალ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. თბილისი მერობის კანდიდატები არიან თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე და ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.