„ჩემთვის გაუგებარი აღმოჩნდა“ - მოსამართლე საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკულ განცხადებაზე

პუბლიკა

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისას ერთ-ერთ კანდიდატს – თეა ძიმისტარაშვილს „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა ჰკითხა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოსამართლეების შერჩევის პროცესის კრიტიკის შესახებ. იოსელიანს კანდიდატმა უპასუხა, რომ მისთვის „კონკრეტული პოზიციების დაფიქსირება გაუგებარი აღმოჩნდა“.

ლევან იოსელიანი: თქვენ როგორ ახსნით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და მაგალითად ეუთო/ოდირის განცხადებებს ამ პროცესის მიმართ, რომ ეს პროცესი არ იმსახურებს ისეთ სანდოობას, როგორსაც უნდა იმსახურებდეს? საუბარია ევროკავშირის ელჩისა და აშშ-ის საელჩოს განცხადებებს ჯერ კიდევ აგვისტოს პერიოდში ჩატარებულ მოსმენებთან დაკავშირებით და, მათ შორის, ეუთო/ოდირის განცხადება.

თეა ძიმისტარაშვილი: ჩემთვის ცოტათი გაუგებარია რიგი საკითხები – როდესაც პირველად იყო უკვე სწორედ ის გამჭვირვალე პროცედურით ჩატარებული კონკურსი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის, სწორედ იქ ითქვა და იქ იყო ხაზი გასმული იმ გარემოებაზე, რომ სრული დაკომპლექტება არ განეხორციელებინა იმ მოწვევის პარლამენტს და შემდეგი მოწვევის პარლამენტს უნდა გაეგრძელებინა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება. ამ მოცემულობაში შემდეგ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ყველა… ანუ მაქსიმალურად პარლამენტი შეეცადა, რომ შეექმნა კანონმდებლობა, რომლითაც როგორც ინსტიტუციური გარანტიები იქნებოდა დაცული, ასევე მაქსიმალური გამჭვირვალობა ამ პროცესის იყო უზრუნველყოფილი, შესაბამისად, უკვე ამ პროცესების შეფერხება, ან კონკრეტული პოზიციების დაფიქსირება ჩემთვის გაუგებარი აღმოჩნდა.

LB loan image desktop LB loan image mobile