ადმინისტრაცია: ჩინეთის ელჩს განემარტა, რომ პრეზიდენტის პასუხში ჩინეთის პრეზიდენტზე მინიშნება არ ყოფილა

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა ჩინეთის ელჩს შეხვდა და განუმარტა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე.

საუბარია სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუზე LCI-სთან – საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხეს, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან, სი ძინ პინი უიგურების გენოციდისთვის, პუტინი კი ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის, რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა, თუმცა ეს რეალისტური არაა.

„ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე. მთლიანი ინტერვიუ მიმართული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოზე და რუსეთზე. შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 13 ნოემბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა და სალომე ზურაბიშვილის განცხადების გამო სინანული გამოხატა.