ჩხოროწყუში დღეს ადგილობრივი ღონისძიება – ჩხოროწყუობა 2023 იმართება. ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებაზე თავიანთი სტენდებით წარმოდგენილები არიან სკოლებიც.
მუნიციპალიტეტის სამი სკოლის მოსწავლეები კი დირექტორებზე სამინისტროს გადაწყვეტილების გამო ღონისძიებაზე საპროტესტო აქციით მივიდნენ.
ჩხოროწყუს N2, კირცხის N1 და ახუთის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები აპროტესტებენ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ამ სკოლების დირექტორები იმავე ან სხვა სკოლებში დირექტორის არჩევნებში არ წარადგინეს. პროტესტის მონაწილეები „პუბლიკასთან“ ამბობენ, რომ დირექტორობის კანდიდატების შერჩევა არა პროფესიული, არამედ პარტიული ნიშნით მოხდა.
ახუთის საჯარო სკოლის დირექტორი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ჰქონდა მოქმედი სერტიფიკატი და სკოლაში საქმიანობის გაგრძელება კიდევ ერთი წლით შეეძლო, მაგრამ მისი ნომინირება არ მოხდა.
კირცხის საჯარო სკოლის დირექტორს, დიმონი არახამიას კი სკოლაში მესამე ვადით არჩევის შესაძლებლობა აღარ ჰქონდა, მაგრამ სხვა სკოლაში სურდა წარდგენა, არ მოხდა არც მისი ნომინირება.
დიმონი არახამია, რომელსაც ჩხოროწყუს საპატიო მოქალაქეობა ჰქონდა მინიჭებული, დღეს ღონისძიებაზე სიტყვითაც გამოვიდა და მისთვის მინიჭებულ ამ წოდებაზე უარი თქვა.
„ქალაქში, სადაც უსამართლობა სუფევს, იქ არ შეიძლება მე ვიყო საპატიო მოქალაქე“, – თქვა სიტყვით გამოსვლისას კირცხის საჯარო სკოლის დირექტორმა დიმონი არახამიამ, რომლის ხმაც ამ სიტყვების თქმის შემდეგ გაწყდა. არახამიას მიკროფონი გაითიშა.
განათლების სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით 927 სკოლას დირექტორობის კანდიდატი წარუდგინა. სკოლების უმეტესობაში წარდგენილია თითო კანდიდატი.
არის ისეთი სკოლებიც, სადაც მსურველები იყვნენ, მაგრამ არჩევნები არ დაინიშნა. ასეთი 350-მდე სკოლაა. მათ შორის იყო ჩხოროწყუს N2, კირცხის N1 და ახუთის პირველი საჯარო სკოლაც.