ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლამ სამინისტროს წარდგენილი კანდიდატი არ აირჩია

პუბლიკა

ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი დირექტორობის კანდიდატი სკოლის სამეურვეო საბჭომ არ აირჩია.

ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ ჩხოროწყუს რაიონული საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ლია ღურწკაიამ დაუდასტურა.

ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლაში სამინისტროს მიერ წარდგენილ მარიზა ძერიას კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს ოთხმა წევრმა  მხარი არ დაუჭირა, 3 – მხარი დაუჭირა.

იგივე მოხდა წალენჯიხაში, სადაც 13 ოქტომბერს ჯგალის საჯარო სკოლაში სამინისტროს მიერ წარდგენილი დირექტორობის კანდიდატი ირმა ლომია სკოლის სამეურვეო საბჭომ ხმათა უმრავლესობით არ აირჩია.

ქვეყნის მასშტაბით დირექტორთა არჩევნები 927 სკოლაში უნდა გაიმართოს. სკოლების უმეტესობაში თითო-თითო კანდიდატია წარდგენილი. რაც ნიშნავს იმას, რომ სამეურვეო საბჭოებს არ ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა შესაძლებლობა.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ კანდიდატების მიერ პრიორიტეტული სკოლების მონიშვნის შემდგომ დაამუშავა, კანდიდატობის მსურველი ჯამში 1276 პირი იყო, აქედან 383 სკოლაში არჩევნებში მონაწილეობა სურდა 2/ ან და მეტ კანდიდატს. 892 სკოლაში კი წარდგენილი იყო მხოლოდ 1 მსურველის განაცხადი. ამ მონაცემების მიხედვით, იყო სკოლები სადაც მსურველები იყვნენ, მაგრამ არჩევნები არ დაინიშნა. ასეთი 350-მდე სკოლაა.

სამინისტროს გადაწყვეტილებას სკოლებში თითო კანდიდატის წარდგენაზე სასკოლო საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

მათი შეფასებით,  არჩევანის გარეშე რეალური არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა სკოლებს არ ექნებათ და შეკითხვებს ბადებს ის გარემოება, თუ რატომ არ წარადგინა ერთზე მეტი კანდიდატი სამინისტრომ თუნდაც იმ სკოლებში, რომლებშიც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ერთზე მეტ კანდიდატს ჰქონდა წინასწარ გაცხადებული.