კანდიდატად წარდგენას წინ რა ედგა?! - გიორგი ჭაუჭიძე სკოლის დირექტორთა არჩევნებზე

სალომე გორგოძე

6 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ იმ საჯარო სკოლების სია გამოაქვეყნა, რომლებშიც დირექტორთა არჩევნები გაიმართება. სამინისტრომ სკოლების უმეტესობას ასარჩევად დირექტორობის თითო კანდიდატი წარუდგინა.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სასკოლო საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

მათი შეფასებით,  არჩევანის გარეშე რეალური არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა სკოლებს არ ექნებათ და შეკითხვებს ბადებს ის გარემოება, თუ რატომ არ წარადგინა ერთზე მეტი კანდიდატი სამინისტრომ თუნდაც იმ სკოლებში, რომლებშიც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ერთზე მეტ კანდიდატს ჰქონდა წინასწარ გაცხადებული.

ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019-ის“ მფლობელი, გიორგი ჭაუჭიძე დირექტორობის ერთ-ერთი მსურველი იყო. მისთვის სასურველი სამი საჯარო სკოლიდან, კომისიამ მისი კანდიდატურა არცერთი  სკოლის სამეურვეო საბჭოს არ წარუდგინა.

ჭაუჭიძე „პუბლიკას“ უყვება, რომ მთავარი მოტივაცია, რის გამოც სკოლის დირექტორობა სურდა, იყო ის, რომ წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება სასკოლო საზოგადოებისთვის გაეზიარებინა.

მის მიერ დასახელებული სამი სასურველი სკოლიდან (მარნეულის მე-2 საჯარო სკოლა, თბილისის ვეკუას სახელობის სკოლა, ჭიათურის პირველი საჯარო სკოლა) პრიორიტეტული მისთვის მარნეულის მე-2 საჯარო სკოლა იყო, სადაც თითქმის 6 წლის განმავლობაში მუშაობდა პედაგოგად.

ამბობს, რომ კარგად იცნობს აღნიშნული სკოლის თემს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს და სკოლის შემდგომი განვითარებისთვის ბევრი იდეა და გეგმა ჰქონდა, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვან დადებით ცვლილებებს მოუტანდა სკოლას როგორც აკადემიური მიმართულებით, ასევე სასკოლო ცხოვრების განვითარების კუთხით.

„როდესაც ადამიანი ხანგრძლივადაა ამა თუ იმ პროფესიაში, რაღაც ეტაპზე გონივრულობისა და ადეკვატურობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, უჩნდება სურვილი, რომ თავისი შესაძლებლობები თუ გამოცდილება უფრო მეტი ადამიანისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი ჩემს შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო დირექტორობა.

გარკვეულწილად მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რომ ჩემი კანდიდატურა შემეთავაზებინა იმ პრიორიტეტული სკოლებისთვის, რომლებიც მქონდა შერჩეული. მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ჩემი კოლეგებისა და იმ მოსწავლეების წინაშეც, რომლებიც იქ სწავლობდნენ, აგრეთვე მათი მშობლების წინაშე.

მეორე მხრივ, ჩემი კვალიფიკაცია დადასტურებულია სამინისტროს კონკურსებითა და სერტიფიცირებით, ჩავაბარე გამოცდა, მივიღე მაღალი ქულები, გავიარე გასაუბრება სამინისტროს კომისიასთან, რის საფუძველზეც გადმომეცა დირექტორობის სერტიფიკატი. ამრიგად, დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ ოფიციალურად დადებითად შეფასდა ჩემი პროფესიული გამოცდილება ამ პოზიციაზე“,- ამბობს გიორგი ჭაუჭიძე .

ჭაუჭიძეს არ აქვს პასუხი, რატომ არ წარადგინეს მის მიერ შერჩეული სამი სკოლიდან არსად კანდიდატად. მისი თქმით, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როცა „სისტემაში სერტიფიცირებული დირექტორების კადრების შიმშილია“, მისთვის გაუგებარია, რატომ არ მისცეს საშუალება, კანდიდატი ყოფილიყო.

„აქ საუბარი ხომ არ არის დირექტორად დანიშვნაზე“,- ამბობს გიორგი ჭაუჭიძე და განმარტავს, რომ აქ საუბარია სამეურვეო საბჭოებისთვის მრავალფეროვანი, კონკურენტული არჩევანის შესაძლებლობაზე, რათა წარდგენილი კანდიდატებიდან აარჩიოს საუკეთესო, მისი შეფასებით კი მიღებული გადაწყვეტილებით „კანდიდატად წარდგენაზეც თქვეს უარი, თქვეს, რომ არ შეიძლება ეს კაცი წარუდგეს სამეურვეო საბჭოსო, დარწმუნებული ვარ, დიდი ალბათობით არც ამირჩევდნენ და ასე რატომ მოიქცნენ მართალა მაინტერესებს, კანდიდატად წარდგენას წინ რა ედგა? სამეურვეო საბჭოსთვის ჩემი პრეზენტაცია რამეს დააშავებდა?“

ჭაუჭიძე ვარაუდობს, რომ კომისიის გადაწყვეტილება შესაძლოა, იმით ყოფილიყო მოტივირებული, რომ ის პარტია „გირჩის“ წევრია. არ გამორიცხავს იმასაც, რომ შესაძლოა გასაუბრებისას რაიმე ისეთი იდეა გააჟღერა, რომელიც მიუღებელი იყო კომისიისთვის.

თუმცა, ამ ეჭვს ის გარემოება უქარწყლებს, რომ, როგორც ამბობს, კომისიასთან თითქმის იმავე საკითხების შესახებ ისაუბრა, რაც სერტიფიცირების გასაუბრებისას, და თუკი მაშინ მისი გამოცდილება და იდეები სერტიფიცირების მინიჭების ღირსად ჩათვალეს, გაუგებარია, რატომ უნდა ყოფილიყო პრობლემა ეს ახლა.

„როგორც მასწავლებელი, დაინტერესებული ვარ პოლიტიკით და მეტიც, ვარ პარტია „გირჩის“ სათათბიროს წევრი და მე ჩემს საჯარო სივრცეში, სადაც ეს საჭიროდ მიმაჩნია და კანონის შესაბამისად შესაძლებელია (ცხადია, მე ამას სკოლაში არ გავაკეთებ, გაკვეთილებზე და ა.შ), ვსაუბრობ პარტია „გირჩის“ მიზნებზე და დაინტერესებული ვარ ამ პარტიის წარმატებით. შესაბამისად, სრულიად მესმის, რომ რომელიღაც კომისიის წევრებმა ან სულაც კომისიის არაწევრებმა, რომლებიც, ჩემი დაკვირვებით, ასევე მონაწილეობენ ამ პროცესში, მიიჩნიეს, რომ – რა უნდა „გირჩის“ წევრს სკოლის დირექტორად.

თუმცა ეს მოსაზრება ვერ დაეფუძნება კანონმდებლობას, რადგან არსად არ წერია, რომ სკოლის დირექტორი არ შეიძლება იყოს პარტიის წევრი. ამ ჩემს ფიქრს, რომ კომისიის გადაწყვეტილება შესაძლოა ჩემი პოლიტიკური პოზიციის გამო იყო მიღებული, ალბათ აქვს არსებობის საფუძველი, თუმცა ეს მოსაზრება ვერ იქნებოდა კომისიის მხრიდან კანონმდებლობით მოტივირებული, პირიქით, კომისიის მხრიდან ჩემი ამ ნიშნით დაბლოკვა კანონთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში.

მე რომ ამირჩიონ სკოლის დირექტორად, ცხადია, პოლიტიკური გემოვნება ამით არ შემეცვლება, მაგრამ მე მექნება პროფესიული თვითცენზურა, მიუხედავად იმისა, რომ კანონით აკრძალული არაა, მე არ დავიწყებდი პოლიტიკური პარტიის აგიტაციას. აქ ვგულისხმობ, მაგალითად, სოციალურ ქსელში პარტიის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირება და ა.შ. მე არც დავმალავდი, რომ მე ვარ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი და მისი მხარდამჭერი, მაგრამ ასეთი საქმიანობისგან თავს შევიკავებდი, ცხადია“.

ჭაუჭიძე ამბობს, რომ დირექტორების დანიშვნასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა, რაც ბუნებრივად ბადებს ეჭვებს პროცესის გამჭვირვალეობასთან და სამართლიანობასთან დაკავშირებით.

ჭაუჭიძე საუბრისას იხსენებს გასულ წელს სამინისტროს მხრიდან დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის ფაქტებს.

დღემდე ათასზე მეტ საჯარო სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მართავდა. სკოლის დირექტორების უფლებამოსილების ვადა 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ამოიწურათ.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, მათ, ვისაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად გადანიშნეს. თუმცა, იყვნენ გამონაკლისებიც, 100-ზე მეტი დირექტორი აღარ  დაუნიშნავთ მოვალეობის შემსრულებლად, მათ სამინისტრომ ხელშეკრულების ვადა არ გაუგრძელა.

აღნიშნული სკოლის დირექტორები სამინისტროს მხრიდან შერჩევით, უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობდნენ და გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით დევნად აფასებდნენ.

მათი შეფასებით, წინასაარჩევნოდ „სამინისტრომ სკოლის დირექტორების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციები დაიწყო“. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად მხოლოდ „სამინისტროსთვის სასურველი“ კადრები გადანიშნეს, სკოლის მიღმა დარჩნენ პროფესიონალი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ადამიანები.

გიორგი ჭაუჭიძე ამბობს, რომ როცა ლეგიტიმურ შეკითხვებზე და ეჭვებზე პასუხები დღემდე არ არსებობს, ჩნდება კიდევ უფრო მეტი ეჭვი, რომ „ამ პროცესში მონაწილეობენ სხვა ადამიანები, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც დეკლარირებულად მონაწილეობენ.“

„მე ვფიქრობ, რომ მინისტრი არ წყვეტს ყველაფერს და მონაწილეობენ სხვა პირები. იგულისხმება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ასევე არ გამოვრიცხავ, მონაწილეობდეს ე.წ. პარტიული ხაზი, სხვადასხვა რაიონში შეიძლება სხვადასხვა მასშტაბით, მაგრამ ეს აქტორები იგრძნობიან.

ანუ ჩვენ დეკლარირებული გვაქვს, რომ სკოლაში კანდიდატი უნდა წარადგინოს კონკრეტულმა კომისიამ. სინამდვილეში ეს არის ტყუილი, არსებობს კიდევ ვიღაც, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომლის შესახებაც კანდიდატმა არ იცის, ოფიციალურად არც არავინ იცის, არც არავინ აღიარებს მის არსებობას და გავლენას გადაწყვეტილების მიღებაზე.

ეს არის ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელი, თორემ ნაკლებად მიუღებელი იქნება, თუ გამოაცხადებენ და დაწერენ, რომ ვისაც დირექტორობა უნდა, გამოცდა უნდა ჩააბაროს, გაიაროს გასაუბრება განათლების სამინისტროს მიერ შერჩეულ კომისიასთან, მოიტანოს გარკვეული ცნობები და ამ ჩამონათვალს დავამატებდი – მოიტანოს ცნობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, რომ ის საიმედოა ამ პოზიციაზე.

ასევე,  ცნობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, რომ ის მისაღებია ამ სკოლისთვის. ეს იქნებოდა პატიოსნად თამაში.  მე ამ არსებულ სიტუაციას, ამ ტყუილს მირჩევნია ამგვარი სიმართლე, როცა საზოგადოებამ ცხადად იცის, რა ხდება და ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია“.

გიორგი ჭაუჭიძე ფიქრობს, რომ არსებულ სიტუაციაში ერთი მხრივ გამოსავალია „ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, მეორე მხრივ, შედარებით გრძელვადიანი პერსპექტივით, მიიჩნევს, რომ ამოცანა უნდა იყოს კერძო სექტორის გაძლიერება, მეტი მშობლის დაინტერესება კერძო სკოლებით და „ყოველწლიურად მეტი მოსწავლის კერძო სკოლებში გადინება“, რაც, მისი შეფასებით, საგრძნობლად გააჯანსაღებს არსებულ სისტემას.

რას ამბობს განათლების მინისტრი კრიტიკის საპასუხოდ

საჯარო სკოლის დირექტორთა არჩევნების კრიტიკის პასუხად განათლების მინისტრი აცხადებს, რომ იმ სკოლებში, რომლებშიც ახლა კონკურსი ტარდება, 71%-ში, მხოლოდ ერთ კანდიდატს ჰქონდა განაცხადი შეტანილი, ამდენად ბუნებრივია, რომ მხოლოდ თითო კანდიდატი წარუდგინეს სამეურვეო საბჭოებს.მინისტრის თქმით,  პროცესი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ღიად, საჯაროდ, ტრანსპარანტულად და ინკლუზიურად მიმდინარეობს.

არსებული სტატისტიკური მონაცემები კი აჩვენებს შემდეგს: ისედაც ცნობილი იყო, რომ დირექტორის არჩევნები საქართველოში მოქმედ 2074 სკოლაში ვერ ჩატარდებოდა, რადგან კონკურსის ბოლო ეტაპზე მხოლოდ 1409 კანდიდატი მონაწილეობდა და 2074 სკოლიდან არჩევნები, სავარაუდოდ, 1276 სკოლაში დაინიშნებოდა.

1267 სკოლიდან კი, 894 სკოლაში – მხოლოდ ერთმა კანდიდატმა გამოხატა ინტერესი, 382 სკოლაში კი, მონაწილეობა სურდა 2/ან და მეტი კანდიდატს. ანუ არსებობდა სკოლები, სადაც კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა იყო, მაგრამ უმეტესობაში მხოლოდ ერთი კანდიდატი გაიგზავნა.

იმ სკოლებშიც კი, სადაც სკოლის დირექტორობის კანდიდატთა რაოდენობა 10 კანდიდატს აჭარბებდა ასარჩევად მხოლოდ ერთი კანდიდატი გაიგზავნა.

სკოლის დირექტორთა კონკურსისთვის ვაკანტური თანამდებობის დაკავების სურვილი 1409 კანდიდატმა გამოთქვა (აქედან 593 პირმა 2023 წელს მიიღო სერტიფიკატი, კონკურსში მხოლოდ ძველი სისტემით სერტიფიცირებული 816 კანდიდატი მონაწილეობს).

არჩევნები 927 სკოლაში დაინიშნა. 349 სკოლაში კი, სადაც ერთი კანდიდატის გაგზავნა მაინც შეიძლებოდა, კანდიდატი არ გაიგზავნა, შესაბამისად, იქ არჩევნები არ ჩატარდება.