რატომ გაჭიანურდა სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის დაწყება

სალომე გორგოძე

სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი ბოლო წლებში რამდენჯერმე გადავადდა. ამის მიზეზად განათლების მინისტრი, ერთი მხრივ, პანდემიას ასახელებდა, მეორე მხრივ კი, საუბრობდა სკოლის დირექტორთა ახალი სტანდარტის შემუშავებაზე, რომელიც ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის ნაწილი იყო და სწორედ ამ განახლებული სტანდარტის შესაბამისად მოხდებოდა დირექტორების სერტიფიცირება და შესარჩევი კონკურსის ჩატარება.

დარგის სპეციალისტთა შეფასებით, პანდემია კონკურსის გადავადების რეალური მიზეზი ვერ იქნებოდა, თუნდაც იმიტომ რომ პანდემიის პირობებში პრობლემების გარეშე მოხერხდა, როგორც ეროვნული, ასევე მასწავლებელთა გამოცდების ადმინისტრირება. რამდენჯერმე გადავადებული პროცესმა კი, მათივე შეფასებით, ბევრი კითხვა და ეჭვი გააჩინა სკოლებზე პოლიტიკური ზეწოლის რისკებთან დაკავშირებით.

დღემდე ათასზე მეტ საჯარო სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მართავს. სკოლის დირექტორების უფლებამოსილების ვადა 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ამოიწურა, სამინისტროს გადაწყვეტილებით მათ, ვისაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად გადანიშნეს. თუმცა, იყვნენ გამონაკლისებიც, 100-ზე მეტი დირექტორი აღარ  დაუნიშნავთ მოვალეობის შემსრულებლად, მათ სამინისტრომ ხელშეკრულების ვადა არ გაუგრძელა.

აღნიშნული სკოლის დირექტორები სამინისტროს მხრიდან შერჩევით, უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობდნენ და გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით დევნად აფასებდნენ. მათი შეფასებით, წინასაარჩევნოდ „სამინისტრომ სკოლის დირექტორების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციები დაიწყო“; დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებად მხოლოდ „სამინისტროსთვის სასურველი“ კადრები გადანიშნეს, სკოლის მიღმა დარჩნენ პროფესიონალი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ადამიანები.

გასულ წელს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა თქვა, რომ სკოლის დირექტორთა ახალი სტანდარტი 2022 წლიდან დაინერგებოდა. შესაბამისად, 2022 წლის ბოლომდე ჩატარდებოდა სკოლის დირექტორთა კონკურსი.

თუმცა, დღემდე სიახლე ამ მიმართულებით სამინისტროს არ დაუანონსებია. ამ პროცესთან დაკავშირებით ვადებსა და რეფორმაზე დამატებითი ინფორმაციის გარკვევის მიზნით „პუბლიკამ“ შეკითხვებით განათლების სამინისტროს მიმართა, თუმცა, შეკითხვებზე პასუხი არ მოგვაწოდეს.

განათლების საკითხების მკვლევარი შალვა ტაბატაძე მიიჩნევს, რომ დირექტორების სერტიფიცირება და კონკურსის ჩატარება უნდა იყოს ზოგადი განათლების სისტემის მოწყობის ახლებური ხედვის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ალოგიკურია და შედეგის მომტანიც ვერ იქნება არსებული სისტემის პირობებში სკოლის ახალი დირექტორები შეირჩნენ.

„თუ სისტემას ცვლი კონცეპტუალურად, ეს იქნებოდა სერტიფიცირების გადადების ობიექტური საფუძველი. ალოგიკურია, როდესაც ძველ სისტემას მორგებულ სერტიფიცირებასა და კონკურსს ატარებ. რატომ ანიჭებ ადამიანს სერტიფიკატს, თუკი ის სისტემაში უკვე სხვაგვარად არის მოაზრებული. ამ კუთხით უნდა შევხედოთ და კითხვები დავუსვათ მათ შორის განათლების სამინისტროს – როგორ ხედავს ზოგადი განათლების სისტემის მოწყობას? როგორ ხედავს დეცენტრალიზაციის პროცესს? ზოგადად, როგორ ხედავს მართვის მოდელს სკოლებში და ამ თვალსაზრისით როგორ განიხილავს სკოლის ლიდერის და სკოლის დირექტორის კონცეფციას?“

ტაბატაძე ამბობს, რომ ჩართული იყო სამუშაო პროცესში და გარკვეული შეთავაზებებიც ჰქონდა სამინისტროსთან – როგორაა შესაძლებელი ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა; მათ შორის, რა ტიპის ცვლილებები იქნებოდა ადეკვატური სკოლის დირექტორთა როლისა და კომპეტენციების გადასააზრებლად. თუმცა არ ფლობს ინფორმაციას, ამ სამუშაოების შედეგად რა გადაწყვეტილებებს მიიღებს სამინისტრო.

„რატომ გაიწელა ეს პროცესი – იმიტომ, რომ რეფორმაზე ფიქრობენ, თუ არსებული ფორმატით დირექტორთა მართვა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე უფრო მარტივია – ამის თქმა მიჭირს.  თუმცა სერტიფიცირებისა და კონკურსის ამ სისტემაში არსებული გამოცდებით ჩატარების აზრს ვერ ვხედავ“.

ტაბატაძე ამბობს, რომ დირექტორების გადანიშვნა ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებული იყო, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი არასასურველი კადრების გასათავისუფლებლად, რასაც მოწმობდა არაერთი კონკრეტული შემთხვევა, როცა გათავისუფლებული დირექტორები მათ მიმართ უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობდნენ.

„სწორედ ამაზეა საუბარი, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს, იმისთვის, რომ ასე მარტივად არ იყოს შესაძლებელი სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით დირექტორზე ზეწოლა. ამ კონკრეტულ შემთხვევებში ეს [დირექტორების მოვალეობის შემსრულებლებად გადანიშვნა] იყო ინსტრუმენტი, მაგრამ თუ დირექტორის გათავისუფლება არის სამიზნე, არსებულ სისტემაში ინსტრუმენტი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ. თავად ის ფაქტი, რომ ამ ინსტრუმენტით დირექტორის გათავისუფლება შეუძლიათ, ეს არის პრობლემა.

ამჟამად ეს გამოიყენეს ინსტრუმენტად, შეეძლოთ სხვა რამ გამოეყენებინათ, იგივე აუდიტის სამსახური, რომელიც შევიდოდა და გაათავისუფლებდა კონკრეტულ არასასურველ სკოლის დირექტორს, იმიტომ, რომ ჩვენ სხვა ანგარიშვალდებულების მექანიზმი არა გვაქვს, დირექტორს არავინ პასუხს არ სთხოვს იმაზე, როგორ სწავლობს მოსწავლე, რა აკადემიური შედეგები აქვს, მაგრამ გამოგონილი ფინანსური დარღვევების გამო შეიძლება ის გაათავისუფლონ.

ეს არის პრობლემა, რომ ანგარიშვალდებულების მექანიზმი აკადემიურ მიღწევებთან დაკავშირებით არა გვაქვს, ხოლო ინსტრუმენტი სახელმწიფოს ბევრი აქვს, როცა დირექტორის გათავისუფლების  სურვილი აქვს. შესაბამისად დირექტორების ორიენტირი მოსწავლეთა განათლება კი არ არის, არამედ რისკის დაზღვევა;  იმაზე კონცენტრირება, რა დარღვევისთვისაც შეიძლება გათავისუფლდნენ. ეს არის არსებული სისტემის პრობლემა, ამაზე უნდა ვისაუბროთ, ამის შესაცვლელადაა საჭირო რეფორმა“.

ის, რომ სკოლის დირექტორების გადანიშვნა პრობლემური პროცესი იყო, აღწერილია პროექტის – „სკოლების დეპოლიტიზება“ – ფარგლებში შემუშავებულ ანგარიშში სახელწოდებით,  „სკოლების დეპოლიტიზება – გამოწვევები და ტენდენციები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში“.

„კოალიცია – განათლება ყველასათვის“ დირექტორის გიორგი ჭანტურიას თქმით, აღნიშნულ ანგარიშზე მუშაობისას ცალსახად გამოიკვეთა, რომ სამინისტრომ ვერ დაასაბუთა, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მინისტრმა ამ გადაწყვეტილების მიღებისას, მიღებულმა გადაწყვეტილებამ კი სკოლის პოლიტიზებისა და ზეწოლის რისკი გაზარდა. ზიანი მიაყენა დემოკრატიული სასკოლო კულტურის დამკვიდრებას.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ინფორმაცია სამინისტროდან ოფიციალურად გამოითხოვეს, პასუხი ვერ მიიღეს. კონკრეტული შემთხვევებთან დაკავშირებით კი, როცა გათავისუფლებული სკოლის დირექტორები პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდნენ, სახალხო დამცველმა დაადგინა დარღვევა, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით უარი ეთქვათ გადანიშვნაზე. ომბუდსმენმა განათლების სამინისტროს რეკომენდაციითაც მიმართა, რათა  ხელახლა ჩაეტარებინათ აღნიშნული დირექტორების შერჩევა, მაგრამ რეკომენდაცია არ შესრულდა.

მისივე თქმით, გასულ წელს, ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე სამინისტროში, დირექტორების კონკურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად  განმარტავდნენ, რომ კონკურსამდე უნდა შემუშავებულიყო სკოლის დირექტორების ახალი სტანდარტი, სადაც იქნებოდა გაწერილი თუ როგორი დირექტორი უნდა შეარჩიოს სკოლამ, რა ფუნქცია-მოვალეობები დაეკისრება მას, რა პროცედურებითა და კრიტერიუმებით შეარჩევენ და ა.შ. მართვის ახალი მოდელის შემუშავება კი საფუძველი გახდებოდა დირექტორთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისათვის.

გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ შეხვედრაზე ახალი მოდელის შემუშავების სავარაუდო თარიღად 2023 წელი დასახელდა,- „შესაბამისად იქამდე დირექტორების კუთხით რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, ეს იყო ოფიციალური პასუხი“,- ამბობს გიორგი ჭანტურია.

მისივე თქმით, ამ შეხვედრიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა რაიმე ცვლილების ან კონკრეტული გეგმის შესახებ ინფორმაცია სამინისტროდან არ მიუღიათ