ჩუბინაშვილის ცენტრი კულტურის სამინისტროს „მუქარას“ განცხადებით პასუხობს

პუბლიკა

გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრი კულტურის სამინისტროს გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. სამინისტრო გამოეხმაურა გელათის მონასტრის მდგომარეობის შეფასების ანგარიშს, რომელიც ჩუბინაშვილის ცენტრმა 30 იანვარს გამოაქვეყნა.

როგორც სამინისტრო თავის განცხადებაში წერს, ანგარიშის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და დასკვნას კვალიფიკაცია აკლია.

ჩუბინაშვილის ცენტრი საპასუხო განცხადებაში წერს, რომ მიუღებელია მცდელობა, უმნიშვნელოვანესი ძეგლის პრობლემებზე საქმიანი კრიტიკული მსჯელობა გადატანილი იქნას სრულიად გაუგებარ ჭრილში და სამწუხაროდ, სამინისტროს წერილში ცხადად იკვეთება გელათის პრობლემის პოლიტიზების სურვილი.

„გამუდმებით მეორდება ბრალდება, თითქოს ჩუბინაშვილის ცენტრის ანგარიშის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ. მოურიდებლად არის ნახმარი შეურაცხმყოფელი გამოთქმები: პოლიტიკოსად ქცეული „მეცნიერი“(ბრჭყალებში!), პოლიტიკურად ანგაჟირებული კრიტიკოსი და სხვა. ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ეს ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტები თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიებით არ ხელმძღვანელობენ. გელათის მდგომარეობის შეფასება ეფუძნება ფაქტების კვალიფიციურ ობიექტურ ანალიზს და არა „პარტიულ ინტერესებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ცენტრი ასევე პასუხობს სამინისტროს ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, მომზადებულ ანგარიშს თითქოს ცენტრის ხელმძღვანელი არ იცნობდა და პროცედურული დარღვევით მომზადდა.

„განსაკუთრებით გულდასაწყვეტია სამინისტროს წერილში გამოკვეთილი სურვილი ჩუბინაშვილის ცენტრის ანგარიში წარმოჩნდეს მკვლევართა ერთი, „პოლიტიკურად ანგაჟირებული“ ჯგუფის მოსაზრებად, რომელიც თითქოს პროცედურების დარღვევით გაფორმდა ცენტრის დასკვნად. ამ აზრის დამკვიდრებას ემსახურება ყოვლად შეურაცხმყოფელი ფრაზა „ვითომდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის მიერ შემუშავებულ დასკვნა“. მეტიც, არის მცდელობა ეჭვქვეშ დადგეს ლეგიტიმურობა ცენტრის სამეცნიერო საბჭოს სხდომისა, რომელმაც დაამტკიცა წარმოდგენილი ანგარიში. სინამდვილეში, საბჭოს სხდომა ჩატარდა პროცედურების სრული დაცვით, მაღალი კვორუმით (ესწრებოდა 25-დან 17 წევრი). საპატიო მიზეზით სხდომას ვერ დაესწრო საბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ესწრებოდა და სხდომას უძღვებოდა მისი მოადგილე, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და, ცხადია, დარღვევას არ წარმოადგენს. სხდომას ასევე ესწრებოდა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. როგორც ვკითხულობთ სხდომის ოქმში, „საბჭოს წვრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წარმოდგენილი დასკვნა დადებითად შეფასდეს და ცენტრის სახელით გაეგზავნოს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს, მისი თხოვნის პასუხად“ (ოქმი #2, 27.01.2023).“ – ვკითხულობთ წერილში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ანგარიშის მომზადების საკითხი სამინისტროს მიერ დამატებით სამართლებრივ შესწავლას მოითხოვს.

ჩუბინაშვილის ცენტრი წერს, რომ საკითხის სამართლებრივი შესწავლა, რა თქმა უნდა, პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ „ზოგადად ასეთი მუქარანარევი მიდგომა ხელს არ შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ჯანსაღი კრიტიკული აზრის დამკვიდრებას და ვფიქრობთ, არც გელათის მდგომარეობის გაუმჯობესებას წაადგება.“

ცენტრის განცხადების მიხედვით, სამინისტროს წერილის მთელი პათოსი ემსახურება ერთ მიზანს – საქმიანი დისკუსია გელათის მძიმე მდგომარეობის შესახებ მოსწყდეს კულტურული მემკვიდრეობის სფეროს და გადავიდეს პოლიტიკურ დისკურსში, რათა საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს შეექმნათ მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს ერთი მუჭა ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტები პოლიტიკური მოტივებით ესხმიან თავს ხელისუფლებას.