ჩვენ არ ვთვლით, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი - ელენე ნიჟარაძე

პუბლიკა

„ჩვენ არ ვთვლით, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი. ზოგადად არ გვაქვს ბოდიში მოსახდელი იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი სტანდარტი გამჭვირვალობის, ობიექტურობის“, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ნიჟარაძის თქმით, ხმის პარალელური დათვლის შედეგების შესწავლა და ხარვეზის გამოვლენა ორგანიზაციის მაღალი პასუხისმგებლობის მაჩვენებელია.

„აღარ დავიწყებ ეხლა იმაზე საუბარს, რამდენად შოკისმომგვრელი ფაქტი იყო და ასე შემდეგ. ფაქტია იყო ხარვეზი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეფასებით ეს არანაირ გავლენას არ ახდენდა იმ შედეგებზე, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, კონკრეტულად მანდატების რაოდენობაზე და ამ შემთხვევაში ჩვენი და ცესკოს მონაცემები აბსოლუტურად ერთმანეთს ემთხვეოდა, პირველი ტურის შედეგებზეა ამ შემთხვევაში საუბარი, ამაზე განსხვავებული პოზიცია არც ყოფილა, რომ საზოგადოებისთვის უნდა მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია. იმიტომ რომ საზოგადოებას ჰქონდა უფლება სცოდნოდა, რომ რაღაცა ხარვეზი არის დაშვებული. შესაბამისად გვესმის, რომ ძალიან მძიმე იქნებოდა საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის მიღება, ძალიან არასასიამოვნო მოსასმენი, ვიღაც გაბრაზდებოდა, ვიღაც იმედგაცრუებული დარჩებოდა, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. ეს არის მთავარი სტანდარტი“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

მისი თქმით, ორგანიზაციის მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე არის პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რომელიც ხმის პარალელური დათვლის ხარვეზთან დაკავშირებით არსებობს.