ჩვენ მანდატები ვადამდელის დასანიშნად გვჭირდება | დეკანოიძემ სააკაშვილი მოინახულა

პუბლიკა

პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა და ქუთაისში ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.

დაწესებულების დატოვების შემდეგ მან მედიასთან საპარლამენტო მანდატების დათმობაზე სააკაშვილის პოზიციის შესახებ შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, სააკაშვილს პოზიცია არ შეუცვლია და ისიც იზიარებს მისი გუშინდელი წერილის სულისკვეთებას, რომ ოპოზიციას ხელისუფლებამ გამარჯვება წაართვა და თანამებრძოლეებმა უნდა დატოვონ პარლამენტი, თუმცა მიაჩნია, რომ მანდატები საჭიროა პარლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებების მხარდასაჭერად.

საქართველოს პარლამენტის წევრობა ასევე შესაძლებელს ხდის, ყოველდღიურად მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი.

„რაც შეეხება საპარლამენტო საკითხებს. თქვენ იცით, რომ მისი პოზიცია არ შეცვლილა, ის იმავე პოზიციაზეა და მეც იცით, რომ ვიზიარებ იმ სულისკვეთებას, რომელიც ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს გუშინდელ წერილში, მაგრამ აქვე არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მეც ვუთხარი მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ გვჭირდება ეს მანდატი არა იმისთვის, რომ ყოველდღიურად ვიაროთ პარლამენტში და პროცედურულ საკითხებში მივიღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშოს და ვადამდელი არჩევნებისთვის დავაჭიროთ თითი იმ ღილაკს, რომელიც აუცილებელია. ასევე, მე ვუთხარი მას, რომ აუცილებელია თანამებრძოლეების ნახვა ყოველდღიურად.“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მიხეილ სააკაშვილი 32-ე დღეა, შიმშილობს. ის 1 ოქტომბერს დააკავეს.