შალვა პაპუაშვილი სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში თურქ, აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს შეხვდა.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აზერბაიჯანელ კოლეგასთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრისას მხარეებმა დაადასტურეს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.
„მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. აღინიშნა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონული პროექტების განხორციელებაზე მუშაობის მზაობა“,- ნათქვამია გავცრელებულ ინფორმაციაში.
შალვა პაპუაშვილი ასევე შეხვდა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ნუმან ქურთულმუშს.
როგორც გავრტცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღინიშნა, რომ საქართველო უმასპინძლებს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივ შეხვედრას. მხარეებმა განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები.
შალვა პაპუაშვილი ასევე შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანს.
„მხარეებმა ისაუბრეს ნაყოფიერ საპარლამენტო კავშირებზე, ასევე, წარმატებულ ურთიერთობებზე ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის სფეროებში. მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების განვითარების, ასევე, სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხები. ხაზი გაესვა აღნიშნული პროცესების მნიშვნელობას რეგიონული მშვიდობის დასამყარებლად“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.