ონისე ცხადაძის საბოლოო სიტყვა: ერთადერთი, რასაც ვნანობ, აქამდე ასეთი პასუხისმგებლიანი არ ვიყავი ჩემს ქვეყანასთან მიმართებაში

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმის განხილვა დაასრულა. მოსამართლე თეა ლეონიძე სათათბიროდაა გასული.

დღეს, 17 აპრილს, საბოლოო სიტყვით ისარგებლა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა ონისე ცხადაძემ.

„მე რა უნდა ვთქვა ახლა რაღაც ისეთი, რომ ვინმე რამეში დავარწმუნო. არც მაქვს, მე მგონი, უფლება, რომ ვინმეს რამე ჭკუა ვასწავლო. უბრალოდ, კითხვებს დავსვამ. მაგალითად, მე ვარ ადამიანი, რომელსაც არასდროს უსვრია კანონიერი ხელისუფლებისთვის ზარბაზანი ეკლესიიდან. არც ავტობუსით შევვარდნილვარ ხალხის მასაში აქციაზე. არც ბაღებიდან მომიპარავს ბავშვების ფული. არც მოხუცებისთვის მომიპარავს საჭმლის ფული. მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობ, რომ კარგი ადამიანი ვარ. რაღაცები მართლაც არ მომწონს ჩემში და ეს ყველაფერი ვისაც უკეთებია, იმათ რატომ ჰგონიათ კარგი ადამიანები თავიანთი თავი, არ ვიცი. რატომ აძლევენ თავს ამის უფლებას, მაგას ვერ ვხვდები.

საქმეს რაც შეეხება, სამართლებრივად, მგონი ამომწურავად ითქვა ყველაფერი. არასდროს არ ისმის ერთი კითხვა – რატომ? კარგი, სიტყვაზე შეიძლება ვიდავოთ ყველაფერზე… ანდრომაც ისაუბრა წეღან, ეს ხომ არ ყოფილა რაღაც… ხელფასი მომიმატე ან რაღაც ეგეთი ამბავი. იყო ისეთი რაღაც, რაც ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენზე უფრო მეტად უფრო ჩვენზე პატარა თაობაზე. ჩვენც არ ვართ დიდები, მაგრამ… მოკლედ, ჩვენ ამ ქვეყანაზე ვფიქრობთ.

ერთადერთი, რაზეც ვნანობ ახლა, ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზე ვამბობ, რომ აქამდე ასეთი პასუხისმგებლიანი არ ვიყავი ჩემ ქვეყანასთან მიმართებაში და ბევრს არ ვფიქრობდი და ბევრს არ ვმოქმედებდი.

კიდევ რაც არის საინტერესო… როცა ვართ მოსამართლეები, პროკურორები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, სად ვართ? პროკურორები და მოსამართლები მარტო ამ შენობაში ვართ? სხვაგან არ ხდება?… ანუ ჩვენ თუ ვიწყებთ, ჩვენ თუ უნდა გამოვიტანოთ გადაწყვეტილება ამ საქმიდან, აი იმ ფურცლებიდან, რაშიც ბრალდება წერია, საიდანაც რაღაც მთავრდება…

ჩვენი სიტყვებიდან ესე არ გამოდის. გაცილებით უფრო ადრიდან იწყება ეს ყველაფერი. უსამართლობას ეხება.

როცა ვამბობ, რომ არ ისმის კითხვა – „რატომ?“, არის კიდევ ერთი პასუხი – „რატომ“. იმიტომ, რომ მე, მაგალითად, ჩემს ქვეყანაში ვერ ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა. ბევრად უკეთ შემიძლია, რაღაცები ვაკეთო, მაგრამ არა ისე, რომ… ამ ქვეყანაში რამე რომ აკეთო, ან ჩუმად უნდა იყო, ან ქოცი უნდა იყო. მე არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც ქოცობა.

წარმოიდგინეთ, რომ ფეხბურთელი ხარ, ძირითადში თამაშობ, თავდამსხმელი ხარ და შენი შემცვლელი იმას კი არ ფიქრობს, რომ უკეთესად ივარჯიშოს და გაჯობოს, მოდის და ფეხს მოგაჭრის. ეგეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, კონკურენციის საერთოდ შეგრძნება არ არის და ყველა გჩაგრავს…

არაფერი არ იცვლება. მე ვფიქრობ, რომ ცუდ ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ. მაგიტომ ვიყავი იქ. დანარჩენი მე არც არაფრის გარიგებას ვაპირებ, არც თხოვნას რამის, თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ“, – თქვა ონისე ცხადაძემ.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11 პირის მიმართ წაყენებული ბრალი (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი) სსკ-ის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს – უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

მსჯავრდებულებს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ისინი სასამართლომ ჯგუფური მოქმედების მონაწილეებად მიიჩნია.


მსჯავრდებულები სააპელაციო საჩივარში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენების გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვდნენ.

პროკურატურა კი განაჩენს კვალიფიკაციის ნაწილში არ ეთანხმებოდა და მოითხოვდა, მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით.