ჩვენ ვფიქრობთ, რომ სალიცენზიო პირობები უზრუნველყოფს იმას, რომ დავიცვათ ტყე - მინისტრი

პუბლიკა

დღეს მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვის მინისტრი, ოთარ შამუგია, გამოეხმაურა ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭაში გადაცემული ტყის საკითხს. მისი თქმით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამ ლიცენზიის ფარგლებში მოსახლეობას ტყეში შესვლა და რესურსით სარგებლობა აეკრძალა.

„არ მომხდარა არანაირი ტერიტორიის გასხვისება. აქ არაა საუბარი გასხვისებაზე. საუბარია დაახლოებით 105 000 ჰა ფართობზე, სალიცენზიო პირობების შესაბამისად, გარკვეული უფლებამოსილების კომპანიისთვის გადაცემაზე. ამას თან სდევს ძალიან ბევრი ვალდებულება, რომელიც ამ კომპანიამ თავის თავზე უნდა აიღოს და შეასრულოს.

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოსახლეობას არ ექნება უფლება ტყეში შესვლის და სხვადასხვა რესურსით სარგებლობის – რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ ეს შეგვიძლია ვნახოთ იმ სალიცენზიო პირობებში, რის საფუძველზეც გაიცა ლიცენზია…

რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ იზღუდება მოსახლეობის უფლება, რომ თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, მოიპოვოს არამერქნული რესურსი, ასევე პრობლემის გარეშეა  სათბობი შეშით უზრუნველყოფის საკითხი და არ იზღუდება ლიცენზიის პირობებით“, – ამბობს მინისტრი.

მან ბრიფინგზე ისაუბრა იმ ვალდებულებების შესახებაც, რაც ლიცენზიანტს აქვს აღებული. მიაჩნია, რომ აღნიშნული საშუალებით მთავრობა უზრუნველყოფს, დაიცვას ტყე და რესურსები.

„ლიცენზიანტს აქვს ვალდებულება, დაიცვას ტყე უკანონო ტყითსარგებლობისგან, ხანძრისგან, დაიცვას იქ არსებული ჰაბიტატები, სახეობები და განახორციელოს ინვესტიცია მინიმუმ 5 მილიონი ლარის ფარგლებში პირველი 5 წლის მანძილზე. ამ ინვესტიციის ფარგლებში განავითაროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ადგილზე, სადაც ისევ და ისევ უნდა დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა. ვალდებულება არის პირდაპირი სალიცენზიო პირობებში, რომ 80% იქ დასაქმებულების უნდა იყოს ადგილობრივი მცხოვრები.

ვფიქრობთ, სალიცენზიო პირობები უზრუნველყოფს იმას, რომ დავიცვათ ტყე და ჩვენი ბუნებრივი რესურსები და ამავდროულად შევქმნათ შესაძლებლობა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და იქ ეკოტურისტული მიმართულების განსავითარებლად“, – ამბობს შამუგია.

მისივე თქმით, კომპანია ვალდებულია, ლიცენზიის აღებიდან ერთი წლის განმავლობაში წარმოადგინოს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა, მანამდე მას არ ექნება უფლება იქ რაიმე ღონისძიების გატარების, გარდა ტყის დაცვითი ღონისძიებისა.

„მან უნდა წარმოადგინოს სრული ნუსხა, თუ რის გაკეთებას აპირებს, რის განვითარებას აპირებს, როგორი იქნება ის პროექტები, რომელსაც ის განახორციელებს და რა იქნება თანამონაწილეობა…

16 სამონადირეო ლიცენზია არის გაცემული ქვეყანაში 2003 წლიდან და ყველა შემთხვევაში ეს ასე მოხდა – წარმოადგენს [კომპანია] მართვის გეგმას, რისი განხილვაც ხდება კონკრეტულად, სამინისტროსა და ყველა უწყების ფარგლებში. ამ პროცესში ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მაქსიმალურად ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული პირი, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მაცხოვრებელი, ვინაიდან მათთან შეთანხმებით უნდა შედგეს ის გეგმა, რომელიც შემდგომ უნდა განახორციელოს ლიცენზიანტმა”, – განაცხადა მინისტრმა.


„მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირისთვის, რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყის 49 წლით გადაცემაზე, საქართველოს მთავრობის განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ასევე, „მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რათა ბათილად იქნას ცნობილი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ის ბრძანებები, რომლითაც რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა და ლიცენზია გაიცა.

ორგანიზაციების თქმით, ეს გადაწყვეტილებები მიღებულია საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის, გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკების წინასწარი შეფასების გარეშე, ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევით.