ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე – გახარია

პუბლიკა

ჩვენ – ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე და უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის, რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად სჩადიან და რისი მაგალითიც გვქონდა დღეს, – ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი გახარიამ შეკითხვას – უნდა მოიხადოს თუ არა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბოდიში ჯარის შესახებ თავისი განცხადების გამო.

გახარიას თქმით, დღეს ქართულმა არიამ, ქართულმა ჯარმა, ის, რაც ხდება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას და ანახა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა, მისი ეფექტიანობა ყოველდღიურად იზრდება.

„როგორც დღესაც გვაქვს ფაქტი სახეზე, ტერორიზმთან ბრძოლაში, როდესაც ტერორისტები თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც სხვათა შორის, 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან იმისათვის, რომ ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი. ჩვენ სამწუხაროდ 5 დაჭრილი გვყავს. ეს პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს ჩვენი ჯარის სიძლიერეზეც, მის მომავალსა და ხვალინდელ დღეზეც“, –  ამბობს გახარია.

პრემიერის ინფორმაციით, 5 ქართველი ჯარისკაცი მსუბუქად არის დაჭრილი და მათ სიცოცხლეს  საფრთხე არ ემუქრება.


„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება; არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 10 დეკემბერს განაცხადა.

ზურაბიშვილის განცხადებაზე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტება გააკეთა. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.

„პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას”, – ამბობენ ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართული ჯარი არის ძლიერი და პრეზიდენტის განცხადება მისთვის მიუღებელია.