ჩვენი მოტივაცია, საარჩევნო ბარიერი შემცირდეს, დღეს ნულის ტოლია – კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამ პირობებში მმართველი პარტიის მოტივაცია, საარჩევნო ბარიერი შემცირდეს, ნულის ტოლია.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბარიერის შემცირებასთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპრომისზე წასვლა, მაგრამ  ამისთვის აუცილებელი პირობაა ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის შემცირება.

„მთავარი დაინტერესებული სუბიექტი, როცა ბარიერის შემცირების შესახებ ვსაუბრობთ, არის სწორედ „ნაცმოძრაობა“, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია, ეს კომპრომისიც განვახორციელოთ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, გარკვეულ მოცემულობაში, მაგრამ ამის აუცილებელი პირობა იქნება, ბუნებრივია, პოლარიზაციის შემცირება.

თუ გვაჩვენებენ ისინი, რომ მზად არიან, საქართველოში შემცირდეს (მათ შორის, მათი ძალისხმევით) პოლარიზაციის ხარისხი, ჩვენი მოტივაცია გაიზრდება. თუმცა მთელი ეს დღეები, მათ შორის ბოლო კვირა ისინი საუბრობენ რევოლუციაზე, აჯანყებაზე, რიგგარეშე არჩევნებსა და ა.შ. ასეთ პირობებში ჩვენი მოტივაცია, რომ ბარიერი შემცირდეს, არის დღეს ნულის ტოლი, მაგრამ შეიძლება, მომავალში გაიზარდოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში პირველი მოსმენა აქვს გავლილი. 2022 წლის 13 ივნისს განხილვა კიდევ 2 თვით გადავადდა.

ცვლილებებით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებული ბარიერი 2%-მდე მცირდება და მანდატების განაწილების პროპორციული წესი დგინდება.

„[საქართველომ უნდა] უპასუხოს პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემას, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობით“, – ასეთია ევროკომისიის პირველი რეკომენდაცია.

რეკომენდაციაა, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობის მეტად გაუმჯობესება ეუთო/ოდირ-ის და ევროსაბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებით;

რაც შეეხება „მიშელის შეთანხმებას“, ტექსტში აღნიშნულია, რომ არსებული პოლიტიკური უთანხმოების დასასრულებლად ერთ-ერთ პუნქტად გაწერილია ამბიციური საარჩევნო რეფორმა, რომელიც, მათ შორის, ადგილობრივი არჩევნების 2,5-3%-იანი, ხოლო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერით გამართვას გულისხმობს.