„ჩვენს მოთხოვნას ბოლომდე დავიცავთ“ - „აზოტის“ თანამშრომლების პროტესტის მეორე დღე

პუბლიკა

„პასუხი გაგვცენ, თორემ ჩვენ ჩვენს მოთხოვნას ბოლომდე დავიცავთ“, – დღეს „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია განაახლეს. ისინი ხელფასების 50%-ით მომატებას მოითხოვენ.

დასაქმებულები მეორე დღეა პროტესტის ნიშნად რუსთავში მდებარე საწარმოდან არ უშვებენ სატვირთო მანქანებს, გარდა კლინიკებისთვის ჟანგბადის მიმწოდებელი ავტომობილებისა.

„ჯერჯერობით არავინ არ შეგვხვედრია და ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ. თუ არ შეგვხვდებიან შესაბამის ზომებს მივიღებთ. სატვირთო მანქანებს, რომლებსაც პროდუქტი გამოაქვთ, მეორე დღეა არ ვუშვებთ. ერთადერთი ვუშვებთ იმ მანქანებს, რომლებსაც საავადმყოფოებში მიაქვთ ჟანგბადი“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე დავით ჯოჯაშვილი.

მისი თქმით, დღეისთვის თუ კომპანიის წარმომადგენლები იურისტებისა და მედიის თანდასწრებით დასაქმებულებს არ შეხვდებიან და მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, პროცესი უფრო რადიკალურ ფორმას მიიღებს.

დასაქმებულების განცხადებით, 2019 წელს პირობა მიიღეს, რომ ხელფასები 20%-ით გაიზრდებოდა, თუმცა პირობა ამ დრომდე არ შესრულებულა.

„არც ეგ 20% დამატებია ჩვენს ხელფასს და ამოგვივიდა ყელში“, – ამბობს აქციის მონაწილე.