ჩვენს პირობებზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია - მირზა ნოზაძე

პუბლიკა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტმა და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრმა მირზა ნოზაძემ „პუბლიკასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ აქტივისტებს ამ დრომდე არ მიუღიათ პასუხი მათ პირობებზე მოლაპარაკებებში ჩართული ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.

„პასუხი ჯერ არ მოსულა. კომუნიკაცია არის, მაგრამ ჯერ პასუხი არ გვაქვს, რომ ამის მიხედვით რეაგირება მოვახდინოთ. რაღაცები გადაამოწმეს, ჩვენ ჩვენი პოზიცია ვუთხარით და ველოდებით პასუხს ღამის 12 საათამდე, რომ დღევანდელი დღე გავიდეს. თუ არ დაგვირეკავენ, მერე უკვე ხვალ დილით გავაკეთებთ განცხადებას“. – განაცხადა მირზა ნოზაძემ.


ქუთაისში ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 15 აპრილს გაიმართა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ კონსტრუქციული დიალოგი შედგა, თუმცა შეხვედრაზე არ უსაუბრიათ თავად ჰესის მშენებლობაზე და მათ წამოაყენეს სამი პირობა იმისთვის, რომ დიალოგის გაგრძელება იყოს შესაძლებელი.

„შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა, რაც ხეობაშია და გამოლაგდნენ იქიდან პოლიციელები, აიღონ ის რკინის ფარდა, რომელიც იქაა. შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები დაჩვენ დავბრუნდეთ პროტესტის ადგილას ნამოხვანში. კარვები, რომლებიც დაგვირბიეს, აუცილებლად უნდა დაგვიბრუნონ იქ“, – აღნიშნა გოლეთიანმა.