ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების მონაწილეები გამოკითხვაზე გადავიყვანეთ - შსს

პუბლიკა

მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტერში დღეს მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები პოლიციამ გამოკითხვის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანა. როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინციდენტის დროს დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი ტექნიკა, რაზეც დაწყებულია გამოძიება.

„ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენლები და ინციდენტში მონაწილე პირები, ამ დროისთვის გამოკითხვის მიზნით გადაყვანილნი არიან პოლიციის განყოფილებაში და სამართალდამცველების მიერ მიმდინარეობს მათი გამოკითხვა.

ასევე, ინციდენტის დროს დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი ტექნიკა, კერძოდ, ვიდეოკამერა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს“, – უთხრეს „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სალხინოს მამათა მონასტრიდან დღეს სასულიერო პირები პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა, რასაც ხმაური მოჰყვა.

საუბარია 15-მდე სასულიერო პირზე, რომლებიც მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, სტეფანე კალაიჯიშვილმა, თანამდებობებიდან მარტი-აპრილის თვეში გადააყენა, სექტემბერში კი, სრულად განკვეთა ეკლესიიდან.

მამათა მონასტერში დაპირისპირების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 5 პირი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა.