„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ (CMC) აცხადებს, რომ ის მაღაროელები, რომლებთანაც „სხვადასხვა მიზეზით“ ვერ მოხერხდა შრომითი ურთიერთობების გაგრძელება, საბოლოოდ დათხოვილ თანამშრომლებად განიხილებიან.
განცხადება კომპანიამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც CMC-ის მმართველმა, მიხაილ სოცკიმ მაღაროელებს მოლაპარაკება შესთავაზა, დღეს, 19 მაისს კი კომპანიას მაღაროელთათვის საბოლოო პასუხი უნდა ეთქვა.
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ განცხადებაში ამტკიცებს, რომ „დათხოვილ თანამშრომლებს” აუნაზღაურდებათ როგორც ერთთვიანი კომპენსაცია, ისე 2025 წლის 27 აპრილამდე დარიცხული სახელფასო თანხა.
რაც შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც საწარმოში მუშაობას აგრძელებენ, კომპანია ამბობს, რომ 2-3 კვირაში დაიწყებს მარტი-აპრილის სახელფასო დავალიანების ეტაპობრივ ანაზღაურებას.
„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს პარტნიორ ბანკებთან, რათა რეორგანიზაციის პროცესში დასაქმებულებსა და მონაწილე თანამშრომლებს შევთავაზოთ გაუმჯობესებული საკრედიტო პირობები. კონკრეტულ სიახლეებს საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ.
მკაცრად ვგმობთ ბოლო პერიოდში მომხდარ ძალადობის ფაქტს, რომელიც უკვე შეფასებულია როგორც შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაული და რომლის საფუძველზეც დაწყებულია გამოძიება ოთხი პირის მიმართ. სამწუხაროა, რომ ამ მძიმე შემთხვევის შემდეგ დღემდე არ მოგვისმენია გულწრფელი სინანული იმ ადამიანებისგან, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა. ჩვენი მტკიცე რწმენით, ეს არის აუცილებელი საფუძველი ნებისმიერი შემდგომი მსჯელობისა თუ შესაძლო შეღავათების განსაზღვრისას.
ჩვენ გვესმის არსებული გამოწვევების სირთულე და ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ მოქმედება სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
მაღაროელები ამბობენ, რომ განცხადებაში არ ჩანდა კომპანიის მხრიდან პროცესების გულთან მიტანის მცდელობა, თუმცა ამის მოლოდინი ჰქონდათ. მათი განცხადებით, ბრძოლა არ დასრულებულა.
„2023 წლიდან, როცა საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა და აქტიურად ჩაერთო პროცესებში, დღემდე ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ არ გვსურს კონსტრუქციული დიალოგი ან რომ რადიკალური დაჯგუფება ვართ. პირიქით – ყოველთვის ვცდილობთ, ნებისმიერი აქტუალური საკითხი მოლაპარაკების გზით გადავჭრათ. ამის ნათელი მაგალითი იყო ჩვენი მხრიდან გადადგმული ლოიალური ნაბიჯი, რომლის ფარგლებშიც ხელი არ შევუშალეთ სამუშაო პროცესს, რადგან გვქონდა მოლოდინი, რომ იწყებოდა პროცესების გაჯანსაღება. მოლაპარაკების და კონსტრუქციული დიალოგის გზით.
თუმცა, კომპანია კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა თავისი რეალური სურვილი და სახე. ჩვენ ვცადეთ, მაგრამ ამ მცდელობას ყურადღება არ მიაქცია.
შედეგები ნუ გაგიკვირდებათ – ჭიათურა კვლავ დადგება სიმართლის, სამართლიანობისა და ღირსების მხარეს.
ჩვენ ვართ მხარე, ჩვენი ძალისხმევით შეიწუხა კომპანიამ თავი დარიცხა გასული 2 თვის ხელფასი და დაიწყო საუბარი მუშა პროცესის განახლებაზე.
ეს ყველაფერი ამ პროტესტის თითოეული ჩვენგანის და იმ 4 უსამართლოდ დაკავებული, ჩვენი თანამებრძოლის დამსახურებაა.
ბრძოლამ გამოიღო შედეგი, ბრძოლა არ დასრულებულა”, – ნათქვამია მაღაროელთა განცხადებაში.
საინიციატივო ჯგუფის წევრები მოუწოდებენ მაღაროელების ნაწილს, რომლებიც სამუშაო პროცესში ჩაერთნენ, აღარ შევიდნენ მაღაროებში, შეუერთდნენ ქალაქს პროტესტში და მათთან ერთად მოითხოვონ დაკავებულების – მერაბ სარალიძის, გიორგი ნეფარიძის, თენგო გველესიანის და აჩიკო ჭუმბურიძის გათავისუფლება და ღირსეული სამუშაო პირობები.
28 თებერვლიდან ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება, თუმცა პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 23 აპრილს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო“.
კომპანიის მტკიცებით, თანამშრომელთა შერჩევა წარიმართება შიდა კონკურსის სახით და მოიცავს სამ ეტაპს:
- თანამშრომელთა განაცხადების მიღებას განახლებულ საშტატო პოზიციებზე;
- თანამშრომელთა ინდივიდუალურ კომისიურ გასაუბრებას;
- გასაუბრების შედეგების შეჯერებიდან გამომდინარე კონკრეტული თანამშრომლების შერჩევას.
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაღაროები ეტაპობრივად მაისის ბოლომდე გაიხსნება. ასევე, მათივე განცხადებით, „2026 წლის პირველი იანვრისთვის კომპანიამ უნდა დაძლიოს ფინანსური კრიზისი, აღარ იფუნქციონიროს ზარალზე და დაიწყოს სტაბილური ოპერირება”.
მანამდე, 22 აპრილს კომპანიამ განაცხადა, რომ ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა და წარმოების განახლების პროცესს „მაღალკვალიფიციური მენეჯერი“ მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.
24 აპრილს მაღაროელებმა გაასაჯაროვეს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიღებული განაცხადების ფორმები და იმ მაღაროელებს, რომლებიც „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” მიერ გამოცხადებული მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენისა და კომპანიის რეორგანიზაციის პროცესში მონაწილეობას აპირებენ, მოუწოდეს, არ მოაწერონ ხელი გათავისუფლების წერილს.
მაღაროელთა განცხადებით, კომპანია მასობრივი დათხოვნის პროცესს უკანონოდ ატარებს და ამის გადასაფარად დასაქმებულებს სთხოვენ, თვითონ მოითხოვონ გათავისუფლება.
პროტესტის მონაწილეები ქალაქში მთავრობის წარმომადგენლების ჩასვლას და კრიზისის მოგვარებაში მათ უშუალო ჩართულობას მოითხოვენ. მაღაროელები კომპანიის მიერ გამოცხადებულ რეორგანიზაციას არ ეთანხმებიან.
ისინი ასევე უნდობლობას უცხადებენ კომპანიის ახალ წარმომადგენელს, რუსეთის მოქალაქე მიხეილ სოცკის. საინიციატივო ჯგუფის წევრების ცნობით, სახელმწიფოს ჩარევისა და გარანტიების მიღების გარეშე არ განიხილავენ კომპანიასთან თანამშრომლობის აღდგენას.