სამი თვის წინ ჯანდაცვის კომიტეტთან არსებულმა საკონსულტაციო საბჭომ ზედოზირების დროს გამოსაყენებელი პრეპატის – „ნალოქსონის“ სარეცეპტო სიიდან ამოღების რეკომენდაცია გასცა.
გასული წლის ოქტომბერში „პუბლიკასთან“ საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებდა, რომ ამ საკითხზე კომიტეტსა და ექსპერტებთან მუშაობენ და ნორმატიული ცვლილების პროექტი მოკლე ხანში იქნებოდა მზად. მიუხედავად ამისა, რეკომენდაციის გაცემიდან სამი თვის შემდეგ სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატის ხელმისაწვდომობა კვლავ ბარიერთან არის დაკავშირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ „ნალოქსონის” სარეცეპტო სიიდან ამოღების აუცილებლობაზე ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ორგანიზაციები წლებია, საუბრობენ.
„ნალოქსონი“ ოპიოიდებით გამოწვეული ზედოზირების დროს გამოიყენება. დღესდღეობით, მის საყიდლად აფთიაქში საჭიროა ექიმის რეცეპტის წარდგენა, რაც ხშირ შემთხვევაში არ აქვს ნარკოტიკების მომხმარებელს და არც დროა საიმისოდ, ვინმემ ზედოზირების დროს რეცეპტის გამოწერაზე იზრუნოს.
„პუბლიკამ“ მინისტრის მოადგილეს კვლავ ჰკითხა, როდის ამოიღებენ „ნალოქსონს“ რეცეპტული სიიდან. როგორც თამარ გაბუნია ამბობს, ამ საკითხზე რეგულირების სააგენტო მუშაობს და უწყება მზად არის, საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
„ჩვენი პოზიცია არის დადებითი, არის გარკვეული ტექნიკური საკითხები, რომელიც ნორმატიულ დონეზე უნდა მოგვარდეს. ცოტა მეტი დრო სჭირდება ამას. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს საკითხი ბოლომდე მივიყვანოთ, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, გარკვეული ცვლილებებია შესატანი რამდენიმე ნორმატულ აქტში, რაც მოგვცემს იმის საშულებას, რომ ფარმაცევტულ ქსელს მიეცეს შესაძლებლობა, „ნალოქსონი“ გაიცეს რეცეპტის გარეშე“, – ამბობს ის.
„პუბლიკის“ შეკითხვაზე, ჯანდაცვის მინისტრი შეიცვალა და რაიმე საფრთხე ხომ არ ემუქრება გადაწყვეტილებას? გაბუნია პასუხობს:
„ეს საკითხი შეთანხმდა პარლამენტის დონზე, ექსპერტებთან. მინისტრთანაც დამატებით შეთანხმდება. არგუმენტები არის საკმაოდ მყარი და ვფიქრობთ, რომ არ უნდა შეიქმნას ამაზე პრობლემა, თუმცა ჩვენ გავივლით ამ საკითხს კიდევ ერთხელ და დავაზუსტებთ“.
რა არის „ნალოქსონი”?
„ნალოქსონი“ ოპიოიდებით გამოწვეული ზედოზირების დროს გამოიყენება. ის ოპიოიდის ანტაგონისტია, ბლოკავს ჰეროინს და სხვა ეგზოგენურ ოპიოიდებს, ისევე, როგორც სხეულის საკუთარ, ენდოგენურ ოპიოიდებს.
„ნალოქსონი“ ეფექტიანია ოპიოიდური ნარკოტიკის ზედოზირების სამკურნალოდ. როდესაც ოპიოიდური ზედოზირების მსხვერპლს უკეთდება ამ წამლის ინექცია, ოპიოიდის ეფექტები (როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, სისხლის დაბალი წნევა და სედაცია) მყისიერად ჩერდება და პირი წამებში (ორ წუთამდე) გონს მოდის, თუმცა „ნალოქსონი“ ხანმოკლე მოქმედებისაა და როცა ეს პერიოდი გადის, პაციენტი შეიძლება, ისევ კომაში ჩავარდეს, რადგან ნარკოტიკი ჯერაც ორგანიზმშია და მისი სახიფათო ტოქსიკური მოქმედება შეიძლება განახლდეს. ხშირ შემთხვევაში განმეორებითად უნდა გაკეთდეს „ნალოქსონის“ ინექცია, სანამ ოპიოიდური ნარკოტიკი სრულიად არ გამოიდევნება ორგანიზმიდან. ცალკე „ნალოქსონი” მნიშვნელოვნად არ ზემოქმედებს ადამიანზე − ოპიატებზე ფიზიკურად დამოკიდებულთა გარდა. ამ შემთხვევაში ის სერიოზულ აღკვეთის სიმპტომებს იწვევს.
რომელი ნარკოტიკებია ოპიოიდების ჯგუფის?
აღსანიშნავია, რომ სინთეზურ ოპიატებს უწოდებენ ოპიოიდებს. ოპიატებსა და ოპიოიდებს განეკუთვნება შემდეგი ნივთიერებები: მორფინი, კოდეინი, ჰეროინი, მეტადონი და ფენტანილი, დეზომორფინი („კრაკადილი), ე.წ. სირეცი და ა.შ.
ოპიოიდებით ინტოქსიკაციის/ზედოზირების ნიშნებია:
- მკვეთრად შევიწროებული თვალის გუგები;
- სუნთქვა – ნელი (10-ჯერ წუთში ან ნაკლები) და ზედაპირული, ან სუნთქვის გაჩერება;
- პულსი – ნელი გულისცემა (40-ჯერ წუთში ან ნაკლები), ან გულის გაჩერება;
- მკრთალი და წებოვანი კანი;
- გალურჯებული ტუჩები და ფრჩხილები;
- ძლიერი ძილიანობა;
- გულისრევა და ღებინება;
- გონების დაკარგვა – ადამიანი არ რეაგირებს ხმამაღალ მიმართვაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით სპეციალისტების მიერ მომზადებულ ბუკლეტს: