რა არის „ნალოქსონი“ და ზედოზირების რა შემთხვევაში გამოიყენება ის

ნათია ამირანაშვილი

ჯანდაცვის კომიტეტის ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ „ნარკანის“ („ნალოქსონის“) სარეცეპტო სიიდან ამოღების რეკომენდაცია გასცა. მიზანი პრეპარატზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და შესაბამისად, ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევების პრევენციაა.

როგორც „პუბლიკას“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უთხრა, ამ საკითხზე კომიტეტთან და ექსპერტებთან მუშაობენ და ნორმატიული ცვლილების პროექტი მოკლე ხანში იქნება. კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, საჭიროა, სამინისტრომ „ნალოქსონი“ მეორე ჯგუფიდან (რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტები) გადაიტანოს მესამე ჯგუფის მედიკამენტების სიაში (მესამე ჯგუფში არის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები).

რა არის „ნალოქსონი“?

„ნალოქსონი“ ოპიოიდებით გამოწვეული ზედოზირების დროს გამოიყენება. ის ოპიოიდის ანტაგონისტია, ბლოკავს ჰეროინს და სხვა ეგზოგენურ ოპიოიდებს, ისევე, როგორც სხეულის საკუთარ, ენდოგენურ ოპიოიდებს.

„ნალოქსონი“ ეფექტიანია ოპიოიდური ნარკოტიკის ზედოზირების სამკურნალოდ. როდესაც ოპიოიდური ზედოზირების მსხვერპლს უკეთდება ამ წამლის ინექცია, ოპიოიდის ეფექტები (როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, სისხლის დაბალი წნევა და სედაცია) მყისიერად ჩერდება და პირი წამებში (ორ წუთამდე) გონს მოდის, თუმცა „ნალოქსონი“ ხანმოკლე მოქმედებისაა და როცა ეს პერიოდი გადის, პაციენტი შეიძლება, ისევ კომაში ჩავარდეს, რადგან ნარკოტიკი ჯერაც ორგანიზმშია და მისი სახიფათო ტოქსიკური მოქმედება შეიძლება განახლდეს. ხშირ შემთხვევაში განმეორებითად უნდა გაკეთდეს „ნალოქსონის“ ინექცია, სანამ ოპიოიდური ნარკოტიკი სრულიად არ გამოიდევნება ორგანიზმიდან. ცალკე „ნალოქსონი” მნიშვნელოვნად არ ზემოქმედებს ადამიანზე − ოპიატებზე ფიზიკურად დამოკიდებულთა გარდა. ამ შემთხვევაში ის სერიოზულ აღკვეთის სიმპტომებს იწვევს.

რომელი ნარკოტიკებია ოპიოიდების ჯგუფის?

აღსანიშნავია, რომ სინთეზურ ოპიატებს უწოდებენ ოპიოიდებს. ოპიატებსა და ოპიოიდებს განეკუთვნება შემდეგი ნივთიერებები: მორფინი, კოდეინი, ჰეროინი, მეტადონი და ფენტანილი, დეზომორფინი („კრაკადილი), ე.წ. სირეცი და ა.შ.

ოპიოიდებით ინტოქსიკაციის/ზედოზირების ნიშნებია:

  • მკვეთრად შევიწროებული თვალის გუგები;
  • სუნთქვა – ნელი (10-ჯერ წუთში ან ნაკლები) და ზედაპირული, ან სუნთქვის გაჩერება;
  • პულსი – ნელი გულისცემა (40-ჯერ წუთში ან ნაკლები), ან გულის გაჩერება;
  • მკრთალი და წებოვანი კანი;
  • გალურჯებული ტუჩები და ფრჩხილები;
  • ძლიერი ძილიანობა;
  • გულისრევა და ღებინება;
  • გონების დაკარგვა – ადამიანი არ რეაგირებს ხმამაღალ მიმართვაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით სპეციალისტების მიერ მომზადებულ ბუკლეტს:

რა იყო პრობლემა და როგორია ზედოზირების სტატისტიკა

დღესდღეობით „ნალოქსონის“ საყიდლად აფთიაქში საჭიროა ექიმის რეცეპტი, რაც ხშირ შემთხვევაში არ აქვს ნარკოტიკების მომხმარებელს და არც დროა საიმისოდ, რომ  ზედოზირების დროს ვინმემ რეცეპტის გამოწერაზე იზრუნოს. ამ მიზეზის გამო, უალტერნატივო მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის მხრივ მნიშვნელოვანი ბარიერი არსებობდა.

მეტიც, „პუბლიკასთან“ საუბრისას „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წარმომადგენელი, მაკა გოგია ამბობს, რომ რეალურად, რეცეპტის საშუალებით „ნალოქსონის“ შეძენის შესაძლებლობა მხოლოდ ფორმალურად არსებობს და ამ ფორმით პრეპარატის მიღება პრაქტიკაში ვერ ხდებოდა. მისივე თქმით, ასევე წინააღმდეგობრივია რეცეპტის გაცემა ისეთი პრეპარატისთვის, რომელიც დაკავშირებულია არსებული კანონმდებლობით დანაშაულად მიჩნეულ ქცევასთან – ნარკოტიკის მოხმარებასთან.

ნარკოტიკების მომხმარებლისთვის „ნალოქსონი“ ხელმისაწვდომია ზიანის შემცირების პროგრამის ფარგლებში, რასაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ ახორციელებს. ასევე, მედიკამენტის მიღება შესაძლებელია საინექციო ინსტრუმენტების გამცემი მექანიკური აპარატის (სიგმას) კვლევის ფარგლებში (07.2019 – 04.2021 დროის პერიოდში აპარატიდან 4 054 „ნალოქსონი“ გაიტანეს).

პრეპარატის საჭიროების მასშტაბის საჩვენებლად შესაძლოა, დაგვეხმაროს შემდეგი მონაცემი – ნარკოვითარების 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე ზიანის შემცირების ქსელი სულ მოემსახურა ნარკოტიკების 35 811 ინექციურ მომხმარებელს. საანგარიშო პერიოდში ქსელის სერვის-ორგანიზაციებმა ზედოზირების ლეტალური შედეგების პრევენციისთვის გასცეს 13 059 „ნალოქსონის“ ამპულა. 2020 წელს მომსახურება გაეწია 32 607 მომხმარებელს, „ნალოქსონი“ დაურიგდა 12 745 ბენეფიციარს. პრეპარატის დარიგებასთან ერთად, ქსელი ბენეფიციარს უხსნის, რა დროს და როგორ მოიხმაროს ის. 2016 წელს საქართველოში ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობა განისაზღვრა, როგორც 52 000 (50 000-56 000) ადამიანი.

რაც შეეხება ზედოზირებით გარდაცვლილთა რაოდენობას, ოფიციალური, აღწერილი შემთხვევების ბოლო სტატისტიკური მონაცემები მოცემულია ნარკოვითარების ამავე ანგარიშში:

რაც შეეხება არალეტალურ შემთხვევებს, ამის შესახებ მონაცემები შეგროვებული აქვს „ზიანის შემცირების ქსელს“:

ნარკოტესტერი – რა რისკს აგვარიდებს ის

სტატიაში აღნიშნული ზედოზირების სიმპტომები საყურადღებოა, ასევე, სხვა ჯგუფის ნარკოტიკების მომხმარებლისთვის, ვინაიდან სათემო, საადვოკაციო ორგანიზაციებისა თუ კვლევით ანგარიშებში აღნიშნულია, რომ საქართველოში ე.წ. კლუბური ნარკოტიკის მომხმარებელთ პრაქტიკაში ჰქონიათ გამოცდილება ძლიერი ძილიანობის, მაშინ, როდესაც მიღებულ ნარკოტიკს სულ სხვა ეფექტი უნდა ჰქონოდა. რამდენიმე მათგანი MDMA-ის მიღების შემდეგ ასახელებდა იმგვარ სიმპტომებს, როგორიც არ ახასიათებს MDMA-ს, მაგალითად, ენერგიის მოჭარბების ნაცვლად, ძილიანობას შეგრძნება. მათი ვარაუდით, მათ მიერ მოხმარებულ ნარკოტიკში სხვა ჯგუფის ნივთიერება იყო შერეული. ცნობილია ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაც, როდესაც ორგანიზმში ფენტანილის არსებობა დადასტურდა.

აღნიშნულ საკითხზე ასევე წერდა „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ და შესაძლო ზედოზირების შემთხვევების შემდეგ დარგის სპეციალისტები.

როგორ შეიძლება მომხმარებელმა თავიდან აირიდოს ასეთი შემთხვევები?

ამისთვის არსებობს ე.წ. ნარკოტესტერები, რაც ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებას ემსახურება და ეხმარება ადამიანებს, თავი აარიდონ უცნობი ან საფრთხისშემცველი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას.

როგორ ხდება გატესტვა – შესაბამის სინჯარაში მომხმარებელმა უნდა ჩააწვეთოს სპეციალური სითხე და შემდეგ მასში მოათავსოს ნარკოტიკული საშუალების მცირე ანაფხეკი. რამდენიმე წამში სითხე შეფერილობას იცვლის. ნარკოტესტერს მოჰყვება შესაბამისი ბუკლეტი, სადაც ფერების მიხედვით აღნიშნულია რომელი ნარკოტიკული საშუალების შეფერილობა მიიღო სითხემ. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ჰგონია, რომ მას შეძენილი აქვს, მაგალითად, MDMA, მაგრამ გატესტილმა ნივთიერებამ სხვა ნარკოტიკის შეფერილობა მიიღო, ნიშნავს, რომ მის ხელთ არსებული ნარკოტიკი სხვა მინარევებსაც შეიცავს და უნდა გამოიჩინოს დამატებითი სიფრთხილე.

საქართველოში ნარკოტესტერებს ორგანიზაცია „მანდალა“ უფასოდ არიგებს. მსურველებს მისი ინტერნეტით გამოწერაც შეუძლიათ.